ჩვენი პოლიტიკით საქართველო მომდევნო წლებში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევს - ირაკლი კობახიძე

ორშაბათი, 30 ოქტომბერი, 2017 - 15:01

ჩვენ გვაქვს პოზიტიური დღის წესრიგი, პოზიტიური მიზნები და გვჯერა, რომ ჩვენი პოლიტიკით საქართველო მომდევნო წლებში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ფრანკლინის უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ სტუდენტებს საქართველოს პარლამენტის საქმიანობა, დღის წესრიგი, ასევე, ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

„გვაქვს ძალიან ამბიციური საპარლამენტო დღის წესრიგი. ცოტა ხნის წინ დავასრულეთ საკონსტიტუციო რეფორმა, ასევე ვახორციელებთ რეფორმებს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანას მკაფიოდ განსაზღვრული მიზანი აქვს და ეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა.

„ჩვენი მთავარი სტრატეგიული მიზანი ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის უზრუნველყოფა. საკმაოდ წარმატებულები ვართ ამ მიმართულებით. ცოტა ხნის წინ ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ - ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ასევე, მოგვენიჭა უვიზო რეჟიმი. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ ინტეგრაციას და ასევე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ მოახდინა დემონსტრირება იმისა, რომ ამომრჩევლების, დაახლოებით, 90%-მა პროცენტმა ხმა მისცა იმ პარტიებს, რომლებიც მხარს მტკიცედ უჭერენ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან მცირე ხანში, მივიღეთ სპეციალური საპარლამენტო რეზოლუცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის შესახებ, რომელიც მკაფიოდ აცხადებს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მთავარი მიზანია და რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. ეს არის მკაფიო ხედვა, რაც ჩვენ ჩვენი საგარეო პოლიტიკის შესახებ გვაქვს. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიუხედავად უარყოფითი ტენდენციებისა და გამოწვევებისა, საქართველო რუსეთთან პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს. მისივე თქმით, ჩვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის.

„ჩვენ ვახორციელებთ ე.წ. პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან. გვაქვს დიალოგის ორი ფორმატი - სპეციალური ორი წარმომადგენლის ფორმატი, ასევე, ჟენევის ფორმატი, სადაც რუსულ მხარესთან სხვადასხვა საკითხს განვიხილავთ. გვაქვს გარკვეული პროგრესი ჰუმანიტარულ საკითხებში, ვაჭრობისა და ტრანსპორტის მიმართულებით, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ პროგრესს, ის უკიდურესად შეზღუდულია. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, გამოწვევები რჩება და მდგომარეობა ნეგატიურია, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებების კუთხით. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებს, მაგალითად, ბავშვებს, არ აქვთ შესაძლებლობა, განათლება მიიღონ მშობლიურ ენაზე, ასევე, შეზღუდულია ადამიანის უფლებები.

ეს არის მთავარი გამოწვევები. მიუხედავად ამ უარყოფითი ტენდენციისა და გამოწვევებისა, ვახორციელებთ პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან, რასაც მხარს უჭერს ყველა დასავლელი პარტნიორი. ამ პრაგმატული პოლიტიკით მოვახერხეთ, მიგვეღწია გაცილებით მეტი სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში.

ახლა საქართველო სტაბილური ქვეყანაა ამ პრობლემების მიუხედავად და ასევე, წვლილი შეგვაქვს რეგიონულ სტაბილურობაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად წვლილის შესატანად“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს აქტიური წვლილი შეაქვს გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფაშიც. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოა უსაფრთხოების არა მხოლოდ მიმღები, არამედ კონტრიბუტორი ქვეყანაა.

ირაკლი კობახიძე ფრანკლინის უნივერსიტეტის სტუდენტებს საკონსტიტუციო რეფორმაზე ესაუბრა და განმარტა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის მიხედვით, ქვეყანა ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადადის.

„ჩვენ მივიღეთ ახალი საკონსტიტუციო პაკეტი, რომლის მიხედვით, ხდება საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლა. მთავარი აქტორი სისტემაში იქნება საქართველოს პარლამენტი. გადავდივართ ევროპული ტიპის საპარლამენტო სისტემაზე, რაც არის ერთი-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმაა, რაც ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტს მიუღია“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, რეფორმები ხორციელდება მართლმსაჯულების გასაძლიერებლად, ასევე, საარჩევნო კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ეკონომიკურ მდგომარებასა და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზეც.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად. საქართველოს მთავრობამ მოამზადა სპეციალური ოთხ პუნქტიანი გეგმა ეკონომიკური აღმავლობის დასაჩქარებლად. ამ პროგრამის ხელშესახებ შედეგებს უკვე ვხედავთ“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ სტუდენტებს სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმებიც გააცნო.

„საშინაო რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს პარლამენტი აქტიურადაა ჩართული მთავრობასთან ერთად ამ რეფორმების განხორციელებაში, რაც შეეხება საერთაშორისო ასპარეზს - ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს პოზიციების გასაძლიერებლად და იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გლობალური მშვიდობის და უსაფრთხოების ნაწილი იყოს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი განცხადებით, მმართველ გუნდს საქართველოს პარლამენტში საკმაოდ მტკიცე პოზიციები აქვს - 150 მანდატიდან 116 მანდატი, რაც, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის შედეგია.

„პარლამენტში გვყავს ძალიან ძლიერი უმრავლესობა, რაც, რა თქმა უნდა, გამოწვევაა ზოგადად პოლიტიკური სისტემისთვის. ძალიან ძლიერი უმრავლესობა იწვევს პრობლემებს და ქართული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საქართველოში ორჯერ მოხდა, როდესაც სხვადასხვა პარტიამ მოახერხა, მოეპოვებინა საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამ უმრავლესობაზე დაყრდნობით, დაამყარეს ავტორიტარული ან ნახევრად ავტორიტარული რეჟიმი. ახლა განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, გამოწვევები რჩება. შერეული სისტემის ამ ასპექტის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, შეგვეცვალა ის. ეს იყო საკონსტიტუციო რეფორმის ერთ-ერთი ნაწილი. ჩვენ გადავდივართ შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე. პირველად ხდება, როდესაც მმართველ პარტიას კონსტიტუციაში ცვლილება მისივე ინტერესების საწინააღმდეგოდ შეაქვს. ეს ახდენს ახალი პოლიტიკური და საკონსტიტუციო კულტურის დემონსტრირებას, რაც იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც ახალმა ხელისუფლებამ გადადგა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის ერთ-ერთი მიზანი ოპოზიციის გაძლიერება იყო.

„ ჩვენ გვაქვს პოზიტიური დღის წესრიგი, პოზიტიური მიზნები და გვჯერა, რომ ჩვენი პოლიტიკით საქართველო მომდევნო წლებში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტუდენტებთან შეხვედრაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58