კონსტიტუციაში ნორმები ვენეციის კომისიასთან შეთანხმების მიხედვით შეიცვლება

ორშაბათი, 30 ოქტომბერი, 2017 - 14:37

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გააგრძელებს მუშაობას და ამის შემდეგ, უკვე დაიწყება საპარლამენტო განხილვები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შესახებ საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საუბარია მხოლოდ იმ ოთხ საკითხზე, რომლებზეც ვენეციის კომისიასთან შეთანხმებაა მიღწეული.

„რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, საქმე ეხება მხოლოდ ოთხ საკითხს, რაზეც შევთანხმდით ჩვენ ვენეციის კომისიასთან, საუბარია ბონუსის თემის გაუქმებაზე, ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე, ასევე, ზუსტდება რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული ჩანაწერი და ასევე ზუსტდება ჩანაწერი, რომელიც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არის ოთხი ცვლილება, რომელიც შევა კონსტიტუციაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, კომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტს პარლამენტი მესამე მოსმენით მარტში განიხილავს. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულებულია და საუბარია კონკრეტულ შეთანხმებაზე, რომლის აღსრულებას პარლამენტი ვენეციის კომისიასთან ერთად უზრუნველყოფს.

„ჩვენ დეკემბერში გვექნება ორი მოსმენა, ხოლო მარტის თვეში მესამე მოსმენა. ეს არის კიდევ ერთხელ, ის საკითხები, რომლებზეც შევთანხმდით ჩვენ ვენეციის კომისიასთან და ამ შეთანხმების შესაბამისად შეიცვლება კონსტიტუციაში ნორმები. კონსულტაციები კონსტიტუციასთან დაკავშირებით არის დასრულებული, გვაქვს კონკრეტული შეთანხმება რომლის აღსრულებასაც უზრუნველყოფს პარლამენტი ვენეციის კომისიასთან ერთად“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, განხილვებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა მხარე იქნება ჩართული. ყველა იქნება ჩართული განხილვებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, "თუმცა, ხაზს გავუსვამ იმას, რომ კონსტიტუციის შინაარსთან დაკავშირებით დისკუსია არის ამოწურული - საქმე ეხება ოთხ საკითხს, რომელზეც ვენეციის კომისიასთან შევთანხმდით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59