პროკურატურამ ნუცუბიძის ქუჩაზე დაკავების დროს მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი, 2017 - 16:47

საქართველოს პროკურატურამ ნუცუბიძის ქუჩაზე დაკავების დროს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,  საქართველოს პროკურატურამ, 2017 წლის 25 ოქტომბერს მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ქ.თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე მოქალაქე პ.პ.-ს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქმეზე დაგეგმილია და მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად. კერძოდ: გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა; მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები საქმესთან კავშირში მყოფი ვიდეოჩანაწერების მოპოვების მიზნით.

გამოძიების ამ ეტაპზე უკვე გამოიკითხნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, თვითმხილველი მოწმეები და გარდაცვლილის ოჯახის წევრები. საქმეზე მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61