ვაშინგტონში, საზღვაო ქვეითთა მარათონში დაშავებულმა ქართველმა სამხედროებმა წარმატებით იასპარეზეს

სამშაბათი, 24 ოქტომბერი, 2017 - 14:41

ქართველმა დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ვაშინგტონში, საზღვაო ქვეითთა მარათონში წარმატებით იასპარეზეს. მათ 42-კილომეტრიან მარათონში მონაწილეობა მიიღეს, გასულ წელთან შედარებით შედეგი გააუმჯობესეს და აღნიშნული დისტანცია უფრო სწრაფად დაფარეს.

კაპრალმა ალექსი ბერუაშვილმა 42-კილომეტრიანი მანძილი 3 საათსა და 25 წუთში გაიარა, კაპრალ ლევან კვანჭიანს დისტანციის დასაფარად 4 საათი და 5 წუთი დასჭირდა. სერჟანტ გიორგი ბოჭორიშვილს მანძილის განსაზღვრული დისტანციის დასაფარად მასზე ოდნავ მეტი დრო დასჭირდა. უფროსმა სერჟანტმა პაატა ჯიბუტმა კი 42-კილომეტრიანი დისტანცია 5 საათზე ნაკლებ დროში დაფარა.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ში, საზღვაო ქვეითების ყოველწლიურ მარათონში 2015 წლიდან არიან ჩართულები. წელს მათ ბრიტანელ, ამერიკელ, უკრაინელ, ახალ ზელანდიელ, ავსტრალიელ, ლიტველ, ესტონელ, ფინელ, დანიელ და კანადელ დაშავებულ სამხედროებთან ერთად უწევთ ასპარეზობა.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გულშემატკივრობის მიზნით, ვაშინგტონში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფისქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტისა და დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდის დირექტორი პაატა პატიაშვილი იმყოფება.

მარათონის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა შეხვედრებიც გამართეს. გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია აშშ-ის გაერთიანებული შტაბების შტაბის უფროსს, გენერალ ჯოზეფ დანფორდსა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის კომენდანტს, გენერალ ნელერს შეხვდა. პაატა პატიაშვილს საქველმოქმედო ფონდ Semper Fi-ს დამფუძნებელმა კარენ გიუნტერმა უმასპინძლა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

Semper Fi-ს წარმომადგენლები საქართველოში ჩამოსვლას 2018 წლის მაისში გეგემავენ, რათა დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის პროცესში განხორციელებულ პროექტებს ადგილზე გაეცნონ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59