21 ოქტომბერს ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ

პარასკევი, 20 ოქტომბერი, 2017 - 22:24

21 ოქტომბერს ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ, - აღნიშნულის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ  შემაჯამებელ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

 „21 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება. 21 ოქტომბერს ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ. 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებულია 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ერთი საინიციატივო ჯგუფი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ რეგისტრირებულია 200 საინიციატივო ჯგუფი. არჩევნებისათვის რეგისტრირებულია მერობის 369 კანდიდატი, მათ შორის 13 თბილისში.

რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატების რაოდენობა 4727-ს შეადგენს. პარტიული სიების მიხედვით საკრებულოს წევრობის კანდიდატების რაოდენობა 12 902-ია. 3,644 (მათ შორის 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი) საარჩევნო უბანი სრულ მზადყოფნაშია არჩევნების ჩასატარებლად.

არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 54 000-ზე მეტი (54 389) წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20 000-ზე მეტი (20 641) და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 4000-ზე მეტი (4 820) ჟურნალისტი.

21 ოქტომბერს, დილის 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები, ოქმები და აქტიურად მიმდინარეობს საარჩევნო დოკუმენტაციისა და შესაბამისი მასალის უბნებზე გადაცემის პროცესი. საარჩევნო უბნები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. თითოეული უბნის წევრს გავლილი აქვს ტრენინგები და ისინი მზად არიან არჩევნების ჩასატარებლად.

ყველა საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2 გამადიდებელი ლინზა, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმა. ყრუ და სმენადაქვეითებული, მხარდაჭერის მიმღები ამომრჩევლებისთვის ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრულია ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი. ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომია 1153 საარჩევნო უბანი, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველია. საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების გამარტივების მიზნით, ჩვენ ამომრჩევლებს არაერთი ინოვაციური სერვისი შევთავაზეთ ამ არჩევნებისთვის; აღსანიშნავია, რომ ამ სერვისებით 681 824-მა ამომრჩეველმა ისარგებლა. თვითმმართველობის არჩევნებისთვის დაიბეჭდა 9 546 450 ბიულეტენი. აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის ბიულეტენები დაიბეჭდა ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-სომხურ ენებზე. ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე ბიულეტენები მიეწოდება 208 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხურ ენებზე - 133 საარჩევნო უბანს. ასევე, ოთხი საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ ენებზე).

ინოვაციური სერვისი შევთავაზეთ ასევე ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს - ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრში ინფორმაციის მიღება მათ ვიდეო ზარის განხორციელებით, ჟესტურ ენაზე შეუძლიათ. მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის – შევქმენით ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამა, რომელსაც პრაქტიკულად ანალოგი არ აქვს.

როგორც უკვე აღვნიშნე, არჩევნებს საარჩევნო სუბიექტების 54 000-ზე მეტი წარმომადგენელი დააკვირდება, მათმა უმრავლესობამ, თითქმის 95%-მა ყველა დონის კომისიაში წარმომადგენელი ელექტრონული წესით დანიშნა.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს აგიტაცია იკრძალება კენჭისყრის შენობაში. მოვუწოდებთ, როგორც ამომრჩევლებს, ისე საარჩევნო უბანზე მყოფ უფლებამოსილ პირებს, არ გამოცხადდნენ პოლიტიკური სუბიექტების სარეკლამო/სააგიტაციო ატრიბუტიკით უბანზე. აღნიშნული ქმედება შეიძლება გახდეს ფულადი ჯარიმის საფუძველი", - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61