ახალი მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა

ორშაბათი, 16 ოქტომბერი, 2017 - 13:42

თბილისის მეტროპოლიტენს 23-ე სადგური შეემატა, - მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. 84-მილიონიანი ინვესტიცია აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.

პრემიერმა თბილისს და თბილისელებს მიულოცა ახალი მეტროსადგურის ამუშავება, რომლის 20 წელზე მეტხანს შეჩერებული მშენებლობა 2015 წელს განახლდა და მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, მათ შორის ინჟინერ-მშენებლებს, ვინც პროექტის წარმატებით დასრულებაში წვლილი შეიტანა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მეტროსადგური მთლიანად აღჭურვილია სრულიად თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით. აქ სრულად არის დაცული უახლესი თანამედროვე სტანდარტები. დღეისათვის, თბილისის მეტროთი, ყოველდღიურად მგზავრობს 350-400 ათასი ადამიანი. ამ სადგურის ამუშავება, დღეში დამატებით 15 ათასზე მეტ ადამიანს გაუადვილებს დანიშნულების ადგილამდე მისვლას. მოგეხსენებათ, რომ დღემდე, დელისისა და ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურებს შორის მოწყობილი ორი პარალელური გვირაბიდან მხოლოდ ერთი ფუნქციონირებდა. ამიერიდან ეს პრობლემაც გადაჭრილია და ორივე გვირაბი სრული დატვირთვით იმუშავებს. იმედი მაქვს, სადგური „უნივერსიტეტი“, გახდება მაგალითი იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი ურბანული ტრანსპორტის განვითარება, რაც დამეთანხმებით, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის, დედაქალაქის სტუმრებისთვის. თბილისის მერიამ ეს პროცესი აქტიურად დაიწყო - უკვე მოდერნიზდა და გარემონტდა ჯამში 44 ვაგონი, ასევე განახლდა 3 მეტროსადგური, ხოლო 3 განახლების პროცესშია. თბილისში შემოვიდა 143 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი; თბილისში, 1970-იანი წლების შემდეგ, პირველად აშენდა, ასევე ევროსტანდარტების შესაბამისი, მუნიციპალური ავტობაზა; ამოქმედდა კუს ტბის საბაგირო გზა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან ახალ მეტროსადგურამდე ახლად მოწყობილ ხეივანსა და გამწვანებულ პარკზე და აღნიშნა, რომ ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ პროექტებისა, რომლებიც თბილისის მერიამ ამ ბოლო წლებში განახორციელა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლებას თბილისთან მიმართებაში გაცილებით უფრო მასშტაბური გეგმები აქვს. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ეს გეგმები სრულად და წარმატებით განხორციელდება, რაც თბილისს კიდევ უფრო ლამაზს გახდის. მთავრობის მეთაურმა ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაგეგმილია ძალიან დიდი მასშტაბის ზრდა.

"მარტო 2017 წელს 36%-იანი ზრდა გვაქვს ინფრასტრუქტურის პროექტების მიმართულებით. 2016 წლის დანახარჯები ამ მიმართულებით, 970 მილიონი ლარის ფარგლებში იყო, ხოლო წლევანდელ წელს მილიარდ 350 მილიონი ლარის გადამეტებით დავასრულებთ, რაც 36-37%-იანი ზრდაა. ეს შესაძლებელი გახდა ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირებით და საფინანსო ინსტიტუტებთან ეფექტური მუშაობით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გაკეთდა ისე, რომ სოციალური მიმართულებით არათუ არ მოგვიკლია არც ერთი თეთრი, არამედ გავზარდეთ კიდეც ჩვენი დანახარჯები. 2018 წელს ძალიან ბევრი პროექტის ერთდროულად დაწყება იგეგმება. დღეს უკვე მომზადების პროცესი თითქმის დასასრულს მიუახლოვდა და 2018 წლის მეორე კვარტლიდან ერთდროულად დაიქოქება ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც სერიოზულ დინამიკას მოიტანს როგორც თბილისის, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ პროექტების მთლიანი ჯამი, 2016 წლის ბაზასთან შედარებით, 89-90%-იან ზრდას გულისხმობს. ეს არის მილიარდ 800 მილიონზე მეტის ოდენობის დანახარჯები, რაც, დამეთანხმებით, არის ძალიან ბევრი ახალი სამუშაო ადგილი და კიდევ უფრო მეტი დინამიკა ქვეყნის ეკონომიკაში. რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად აისახება თითოეული ადამიანის ყოფაზე. დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი იქნება ძალიან მზარდი დინამიკის, სერიოზული განვითარების წელი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მეტროსადგურ “უნივერსიტეტის“ სამშენებლო სამუშაოები შეასრულა მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა, ესპანურმა კომპანიამ, „კობრა ასიგნიამ“, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით არაერთი უმსხვილესი პროექტი აქვს განხორციელებული. მშენებლობაზე 2 000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული.

პრემიერ-მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლებსა და სტუმრებთან ერთად, ახლად გახსნილი მეტროსადგურიდან გასული პირველი მატარებლით იმგზავრა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59