სოფო კილაძემ და ტარიელ ხეჩიკაშვილმა ნაძალადევის რაიონში სოციალური სამკერვალო საწარმო საზეიმოდ გახსნეს

ორშაბათი, 16 ოქტომბერი, 2017 - 14:03

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ, რომელიც ამავდროულად ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან, ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად სოციალური სამკერვალო საწარმო ოფიციალურად გახსნა.

ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - სოლომონ პავლიაშვილი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში - სოფიო ჯაფარიძე, სამთავრობო და სამოქალაქო სექტორის, აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი ააიპ დემოკრატიის განვითარების სააგენტოს მიერ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, სამკერვალო საწარმო ორიენტირებულია ნაძალადევში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული ოჯახების წევრ ქალთა დასაქმებაზე. მისი თქმით, პროექტის ძირითადი პრიორიტეტებია ქალთა სოციალური გაძლიერების, კვალიფიკაციის ამაღლების და თვითრეალიზების ხელშეწყობა. ამ დროისთვის საწარმოში დასაქმებულია 10 ქალბატონი. პროდუქციის ზრდასთან ერთად იგეგმება ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდაც.

„ჩემთვის, როგორც გენდერული საბჭოს ერთ-ერთი წევრისთვის, მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას. აღნიშნულ პროექტში მეორე მნიშვნელოვანი საკითხია დევნილთა დასაქმების საკითხი. დევნილებს სჭირდებათ ხელშეწყობა, მათ უნდა ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო ადგილები იმ უამრავი უბედურების შემდეგ, რაც გამოიარეს. ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია მწვანე ეკონომიკის თემა. ეს არის საწარმო, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე იმუშავებს. ჩანთები, რომელიც ამ საწარმოში იკერება, პოლიეთილენის პარკებს ჩაანაცვლებს, რაც ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების მნიშვნელოვნად შემცირებას“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

მისი თქმით, ეს არის მცირე მასშტაბის საწარმო, რომელსაც გაფართოების პოტენციალი აქვს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტით ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ მოახდინონ თავიანთი ნიჭის რეალიზება. მისივე მოსაზრებით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საწარმოების ბიზნესთან კომუნიკაცია.

„აუცილებელია, შევქმნათ ქსელი სოციალური საწარმოების, რომლებიც სხვადასხვა პროდუქციას უშვებენ და მათ შორის ერთ-ერთი იყოს კომპანია, რომელიც აღნიშნულ საწარმოებს პროდუქციის რეალიზებაში დაეხმარება. ამ საწარმოს გაფართოებაში კიდევ უფრო შეგიწყობთ ხელს. მას აქვს პერსპექტივა, რადგან ეს ნიშა ცარიელია“, - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს განსაკუთრებული აქტიურობისთვის, ენერგიულობისა და მსგავსი ტიპის წამოწყებების ინიციატორობისთვის.

„ჩვენ გვაქვს იმის პრაქტიკა, რომ, როდესაც ერთ ეტაპს წარმატებით გაივლის საწარმო და აქვს განვითარების პერსპექტივა, მეორე წელსაც მიიღოს გრანტი“,- აღნიშნა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61