არცერთი ხელისუფლების დროს ასეთ კულუარულ ჩალიჩებს არასდროს მოუტანია სასურველი შედეგი - დავით ზურაბიშვილი წულუკიანის განცხადებაზე

შაბათი, 14 ოქტომბერი, 2017 - 14:18

თეა წულუკიანის ამ განცხადებაში ბევრად უფრო საინტერესოა ის, რაც სტრიქონებს შორის იკითხება, ვიდრე ის, რასაც პირდაპირ ამბობს. კერძოდ, მთელი მისი ტექსტი გამსჭვალულია იმ სულისკვეთებით, რომ აი, მე ვჩალიჩობ, ვიბრძვი მთავრობის შიგნით რომ ეტაპობრივად გავიტანო დეკრიმინალიზაცია, თქვენ კი მოუზომავი და ხმამაღალი განცხადებებით ხელს მიშლით და მოწინააღმდეგეთა წისქვილზე ასხამთ წყალსო.

ახალგაზრდა თაობისთვის შეიძლება ასეთი მიდგომა სიახლეა, მაგრამ მე ამას ვუყურებ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან. ჯერ იყო არაერთი ტიპი ცეკაში, კომკავშირში თუ ნომენკლატურულ ინტელიგენციაში, რომელიც ეროვნულ მოძრაობას საყვედურობდა: ჩვენ ვჩალიჩობთ ხელისუფლების შიგნით, ცალკე აქაურებს ვამშვიდებთ, ცალკე რუსებს ვაწყნარებთ, რათა რამე ეროვნული გავიტანოთ, თქვენ კი თქვენი ანტირუსული განცხადებებით ხელს გვიშლით და მტრის წისქვილზე ასხამთ წყალსო.

მერე იყო ჯაბა იოსელიანი, რომელიც ოპოზიციას ეუბნებოდა, მე რომ რუს გენერლებს დაჩებს ვპირდები პიცუნდაში და თქვენ ამ დროს რუსეთის აგრესიაზე გაჰყვირიხართ, ამით მათ აღიზიანებთ, ხელს მიშლით ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში და მტრის წისქვილზე ასხამთ წყალსო.

მერე შევარდანაძე იყო და მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდა რეფორმატორებს ახლადფეხადგმულ არასამთავრობო სექტორთან ჰქონდათ მუდმივი პრეტენზიები: ჩვენ ვჩალიჩობთ, გვინდა რამე პროგრესული გავიტანოთ და თქვენ კი თქვენი კრიტიკული გამოხტომებით და რადიკალიზმით ხელს გვიშლით, რადგან ყველას ჰგონია (პიპინიასაც), რომ ამას ჩვენი დავალებით აკეთებთო.

ერთადერთი მიშას დროს არ იყო ასეთი შიდასახელისუფლო პარტიზანობა, რადგან ის ხელისუფლება საკმაოდ მონოლითურ ვერტიკალს წარმოადგენდა, თუმცა, არასამთავრობო სექტორის და მასმედიის გაკონტროლებას იმ ხელისუფლების ლიბერალური ნაწილი სწორედ იმით ამართლებდა, რომ ისინი თვით იმ მონოლითური ხელისუფლების შიგნით ჩალიჩობდნენ დემოკრატიული რაღაცეების გატანაზე და ამ დროს მოუზომავი განცხადებები და ოპოზიციის მოთხოვნებთან თანხვედრა ხელს უშლიდა მათ და დემოკრატიზაციის მოწინააღმდეგეთა წისქვილზე ასხამდა წყალს.

და ბოლოს, დეტალებში არ შევალ და რაც მე 2012 წლის მერე საყვედურები მიმიღია იმის გამო, რომ ჩემი სტატუს-კომენტარებით ფეისბუქში სერიოზულად ვაღიზიანებდი "თვით იმის" უახლოეს გარემოცვას და ზოგჯერ თვით იმასაც, რის შედეგადაც ხშირად წყალში იყრებოდა პროგრესული რაღაცეების გატანაზე დახარჯული კულუარული შრომა და ჩემი კრიტიკული გამოხტომებით ფაქტობრივად ბნელი ძალების წისქვილზე ვასხამდი წყალს, იმდენი სიკეთე თქვენც და მეც.

ჰოდა, რა მინდა ვთქვა: არცერთი ხელისუფლების დროს, უახლესი ისტორიის არცერთ ეტაპზე ასეთ კულუარულ ჩალიჩებს არასდროს მოუტანია სასურველი შედეგი. ასეთი ჩალიჩები, საბოლოო ჯამში მხოლოდ არაარსებითი ცვლილებებით მთავრდებოდა ხოლმე და ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან სახელისუფლო ინტრიგებში სიმართლის მიჩქმალვით პროგრესი ვერასდროს იმარჯვებს რეგრესზე. თუკი კულუარული დიპლომატიით რაიმე არსებითი შედეგი დამდგარა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დიპლომატია ღია და მკვეთრი საჯარო აქტივობით იყო გამაგრებული. ხელისუფლება კეთილი ნებით უკან არასდროს იხევს, რადგან რამის გაკეთების კეთილი ნება რომ ჰქონდეს, ისედაც გააკეთებს და უკან დახევა არაფერში დაჭირდება.

ხელისუფლება უკან იხევს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის იძულებულია უკან დაიხიოს, "ვაიმე, უარესი არ დამემართოს" შიშით. ამიტომ, არავინ არასდროს დაიჯეროთ, რომ "საქმე ჩუმად კეთდება" და "არიქა ვინმე არ გავაღიზიანოთ" მიდგომით რამე ხეირიანი გამოვა ოდესმე. არც არის ამის პრეცედენტი. საპირისპირო შემთხვევები კი რამდენიც გნებავთ. ანუ, პირიქითაა ეს, პირიქით, - წერს სოციალურ ქსელში რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59