საქართველოს პრეზიდენტი სიმამაცით და ეფექტიანად ახმოვანებს საქართველოს პოზიციებს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზე - დეიმონ უილსონი

პარასკევი, 13 ოქტომბერი, 2017 - 19:35

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი დეიმონ უილსონი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

დეიმონ უილსონს საქართველოს სახელმწიფო ჯილდო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებაში, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის ხელშეწყობისა და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცა.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დეიმონ უილსონი საქართველოს დიდი მეგობარია, ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოხატა და იმუშავა ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისათვის.

„ამ სულისკვეთებითა და ემოციით, მე მას გადავცემ უმაღლეს ჯილდოს, რომელიც უცხოელებს გადაეცემათ - ეს არის ოქროს საწმისის ორდენი", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

დეიმონ უილსონმა მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს მისი საქმიანობის დაფასებისათვის და განაცხადა, რომ აღნიშნული ჯილდო, მისთვის გამოწვევაცაა.

"ჩემი კარიერის მანძილზე, მე მქონდა შესაძლებლობა მემუშავა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. მე ვმუშაობდი თეთრ სახლში საქართველოსათვის ძალიან მძიმე დღეებში, როდესაც რუსული სამხედრო თვითმფრინავები ბომბავდნენ ამ ქვეყანას და მე მქონდა გრძნობა, რომ არ დაგვისრულებია ჩვენი მუშაობა საქართველოსთან ალიანსის ჩამოყალიბებისა და ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. ატლანტიკურ საბჭოში მუშაობის პროცესში კვლავ ამ საქმის ერთგული ვრჩები. ჩემთვის პატივია ასეთი ჯილდოს მიღება ჩემი საქმიანობისათვის და დიდად მადლიერი ვარ ამისათვის, მაგრამ ეს ჯილდო, ჩემთვის გამოწვევაცაა, რომ ჩვენი ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია მუშაობა და მტკიცედ ვხედავთ საქართველოს, როგორც დასავლეთის ნაწილს ჩვენი ალიანსის ფარგლებში და მისი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების თვალსაზრისით. მადლობა გადავუხადე პრეზიდენტს მისი ხელმძღვანელობისათვის; ის სიმამაცით და ეფექტიანად ახმოვანებს საქართველოს პოზიციებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე და ბევრს აკეთებს საქართველოს წარმოჩენისათვის, რითიც ძალიან ვამაყობთ", - აღნიშნა უილსონმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61