საქართველო პირველად SEDM-ის მინისტერიალს მასპინძლობს

ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი, 2017 - 11:06

 სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს (SEDM) საქართველო პირველად მასპინძლობს. თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ მიმდინარეობს.

ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნა და ყურადღება მინისტერიალის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„21-ე საუკუნის დასაწყისი ძლიერი გეოპოლიტიკური რყევებით გამოირჩევა, რაც მთელ მსოფლიოში გამოვლინდა კონვენციური და არა-კონვენციური გამოწვევების სახით. ეს გამოწვევები პირდაპირ გავლენას ახდენენ ჩვენზე - შავი ზღვისა და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე. სამხრეთ აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალის პლატფორმა უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ, გავაღრმავოთ რეგიონული თანამშრომლობა და გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა“, - აღნიშნა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის შემდეგ მონაწილეებს SEDM-ის თავმჯდომარემ, მისმა აღმატებულება ელეფტერიოს ანგელოპულოსმა მიმართა. მინისტერიალის მიზანი რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაციაა.

საქართველო SEDM-ის წევრი ქვეყანა 2015 წლის 10 სექტემბერს გახდა. ოფიციალურმა თბილისმა მინისტერიალის დამკვირვებლის სტატუსი 2006 წელს მიიღო, 2013 წელს კი ორგანიზაციას გაწევრიანების თხოვნით მიმართა. სამხრეთ-აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალს საფუძველი ჩაეყარა 1996 წლის სექტემბერს რეგიონის მინისტრების შეხვედრისას ტირანაში (ალბანეთი) ამერიკის შეერთებული შტატების ხელშეწყობით.

მინისტერიალის წევრები არიან: ალბანეთი, ბულგარეთი, ხორვატია, მაკედონია, საბერძნეთი, იტალია, რუმინეთი, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა (2005წ), აშშ, ბოსნია-ჰერცეგოვინა (2007წ), სერბეთი (2010წ) და მონტენეგრო (2010წ). დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს მოლდოვა.

SEDM-ის ფარგლებში რამდენიმე ინიციატივა მოქმედებს, მათ შორის სამხედრო ჰოსპიტლების სატელიტური ურთიერთკავშირის (IMIHO) პროგრამა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სიმულაციური ქსელი (SEESIM) და ქალი ლიდერები თავდაცვასა და უსაფრთხოებაში (FLSD).

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53