გიორგი მღებრიშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა

სამშაბათი, 10 ოქტომბერი, 2017 - 12:10

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და იაპონიის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საქართველოს შს მინისტრმა იაპონიის ელჩს უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. გიორგი მღებრიშვილმა ტადაჰარუ უეჰარას სამოქალაქო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით საქართველოს შს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში იაპონიის მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა და საელჩოს პოლიციის ატაშე, ჰიროუკი ტანი შსს-ს ერთობლივი ოპერაციების მაღალტექნოლოგიურ ცენტრსაც ეწვივნენ. სტუმრებმა ცენტრის შექმნის მიზანზე, დანიშნულებასა და ფუნქციებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს და ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ გაეცნენ, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ვიდეომონიტორინგის სისტემის შექმნას და საპოლიციო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო მეტად გამოყენებას გულისხმობს.

იაპონიის ელჩმა დიდი ინტერესი გამოხატა სახის ამოცნობის სამეთვალყურეო სისტემის მიმართ, რომელიც შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში, ცნობილ იაპონურ ტრანსნაციონალურ კომპანია NEC Corporation-თან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის ივნისში ამოქმედდა. აღნიშნული სისტემა იყენებს რეალურ დროში ვიდეოს სახის ამოცნობის პროგრამულ უზრუნველყოფას - NeoFace Watch-ს, რომელიც მსოფლიოში ამოცნობის ყველაზე მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. პროგრამა კამერებით დაფიქსირებულ სურათებს ეჭვმიტანილების და სისტემაში დარეგისტრირებული სხვა პირების სურათებთან ადარებს, რაც საშუალებას იძლევა, სწრაფად და ზუსტად მოხდეს პირების იდენტიფიცირება.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა იაპონელ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46