1 ნოემბრიდან ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდება

ორშაბათი, 09 ოქტომბერი, 2017 - 19:00

შს მინისტრმა ტექნოლოგიური რეფორმის ახალი ეტაპი დააანონსა მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებს შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში უმასპინძლა და სამინისტროში მიმდინარე ტექნოლოგიურ რეფორმებზე ისაუბრა.

„თანამედროვე მსოფლიო გამოწვევების ფონზე, შს სამინისტრო მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ინოვაციური პროექტების დანერგვა და ტექნოლოგიური რეფორმა, რაც მოსახლეობის უსაფრთხოების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ჩვენი პოლიციის ტექნოლოგიური რეფორმა ახალ ფაზაში გადადის,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში ჟურნალისტებს პრაქტიკულად უჩვენეს თუ როგორ ხდება, უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით, სამართალდარღვევების მონიტორინგი, მათი ავტომატურ რეჟიმში დაფიქსირება და ვიდეოჯარიმის გამოწერა.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, 2017 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა მონტაჟდება. შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დანერგილი ვიდეოანალიტიკური პროგრამებით მოხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ავტომატურ რეჟიმში დაფიქსირება.

დამრღვევი მძღოლი კი შემდეგ ფაქტებზე დაჯარიმდება:

• შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა;

• ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა;

• სიჩქარის გადაჭარბება;

• მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება;

• მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა. ახალი რეგულაციის თანახმად, სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან აპლიკაციის საშუალებით ეცნობება.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის მიხედვით:

• საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით;

• თუ პირი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება;

• ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება;

• საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge;

• საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა;

• ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში - ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი;

• ვიდეოფირსა და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა იზრდება 1 წლამდე.

• მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, მომსახურება მიიღოს ბანკების, სწრაფი გადახდის აპარატების და მომსახურების სააგენტოს აპლიკაციის საშუალებით;

აღსანიშნავია, რომ ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46