როგორ ებრძვის ხელისუფლება არასასურველ კლინიკებს - ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალის გენდირექტორი განცხადებას ავრცელებს

ორშაბათი, 09 ოქტომბერი, 2017 - 14:57

ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალის გენერალური დირექტორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი  ხათუნა ჩიხლაძე აცხადებს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების თვითნებური, უკონტროლო ქმედებებით ზარალდება სამედიცინო დაწესებულებები და ერთ-ერთი მათგანი ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალია.

"მე ვარ თბილისში მოქმედი, ერთ-ერთი კლინიკის, შპს „ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალის“ დირექტორი და მისი დამფუძნებელი ხათუნა ჩიხლაძე. კლინიკა დავაფუძნე 2003 წელს და მას შემდეგ მას ვხელმძღვანელობ. ჩვენმა კლინიკამ, დაიწყო საქმიანობა, როგორც პატარა ამბულატორიამ 5 კაბინეტით, დღეს კი ის საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი, ISO 9001-2015 სტანდარტით სერტიფიცირებული კლინიკაა, რომელშიც მუდმივად დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

უკანასკნელი 14 წლის მანძილზე, კლინიკა ბევრ სირთულეს წააწყდა და უამრავ გამოწვევას გაუძლო. ჩვენ გვახსოვს და გამოვიარეთ პერიოდი, როდესაც კრიმინალური ელემენტები კარდაკარ დადიოდნენ და ხალხს ფულს სძალავდნენ, ჩვენ გვახსოვს და გამოვიარეთ პერიოდი, როდესაც ჯანდაცვის რეფორმებს ატარებდნენ, როგორც ექსპერიმენტს, რომლის მიზანი პირადი სარგებლის მიღება იყო და არა ქვეყანაში ჯანდაცვის ხარისხის ამაღლება, ჩვენ გვახსოვს და გამოვიარეთ პერიოდი, როდესაც სახელმწიფო მაღალჩინოსნებს ჰყავდათ ფავორიტები, ვისთანაც კონკურენცია, თითქმის სახელმწიფოს მტრობასთან იყო გაიგივებული.

დღეს, ჩავთვალე საჭიროდ თქვენთვის მომემართა, ვინაიდან დღეს კლინიკა დგას გამოწვევის წინაშე, რომელიც თავის უსამართლობით, უკანონობითა და ვერაგობით უპრეცედენტოა ჩვენს გამოცდილებაში და ვთვლით, რომ ჩვენთან ასოცირებული პირები, ჩვენი ყოფილი თუ მოქმედი პაციენტები და სრულიად საზოგადოება უნდა ჩადგეს აღნიშნული მოვლენების საქმის კურსში, მითუმეტეს იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინ, რასაც მერის არჩევნები ჰქვია. ასევე, ჩვენ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოდ, რომ თუ ახლა, შპს „ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალის“ მიმართ მიმდინარე მოვლენები დარჩება რეაგირების გარეშე, ხვალ და ზეგ შეიძლება იგივე უკანონო მეთოდებით სხვა კლინიკებმაც იგივე ბედი გაიზიარონ, რაც თავის მხრივ, ძალიან მძიმედ დააზარალებს ზოგადად, ჯანდაცვის სფეროს, გააუარესებს დასაქმების ისედაც მძიმე მდგომარეობას და გააუარესებს კორუფციულ ფონს ქვეყანაში.

კლინიკის პრობლემები დაიწყო 2016 წლის სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც ქალაქ თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ქალბატონი მაკა გვარამია. სასწრაფოს მიერ შემოყვანილი პაციენტების რაოდენობა მკვეთრად და ერთბაშად შემცირდა, გარდა ამისა, სახეზე იყო შემოყვანილი პაციენტების ე.წ. „გადარჩევა“, ანუ ჩვენს კლინიკაში მოჰყავდათ პაციენტები, ვისთანაც ურთიერთობა არ უნდოდათ უპირატეს პირობებში დაყენებულ კლინიკებს.

2016 წლის სექტემბრიდან კლინიკაში შემოყვანილი პაციენტების მხოლოდ 25%-ს ესაჭიროებოდა სტაციონარული მკურნალობა, 62% იყო მსუბუქად დაშავებული პირები, რომლებიც კლინიკაში სულ რამოდენიმე საათით ჩერდებოდნენ და რომელთა მკურნალობაშიც სახელმწიფო ძალიან მწირ თანხებს გამოყოფს, ხოლო 13%-ს საერთოდ არ ესაჭიროებოდა სამედიცინო დახმარება და ისინი ტოვებდნენ კლინიკას შემოყვანისთანავე (ასეთი შემთხვევებისთვის რამდენად გამართლებულია სასწრაფოს ბრიგადების მოცდენა და მასთან დაკავშირებული სახელმწიფო სახსრების ხარჯვა კიდევ სხვა საკითხია, რომელიც ცალკე განხილვას იმსახურებს).

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზემოთაღნიშნული სტაციონარული პაციენტების უმეტესობა, სახელმწიფო რეგულაციების შესაბამისად, საჭიროებდა თანაგადახდას, რომლის საშუალებაც ძალიან ხშირად მათ არ ჰქონდათ, აქედან გამომდინარე კლინიკას ხშირად საკუთარი სახსრებით უწევდა ზემოთაღნიშნული თანაგადახდების დაფარვა, რაც ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა. გარდა ამისა, სასწრაფომ პრაქტიკულად შეწყვიტა კარდიოლოგიური პროფილის პაციენტების შემოყვანა, მიუხედავად იმისა, რომ კლინიკაში 24 საათის განმავლობაში გამართულად ფუნქციონირებს კათეტერიზაციის ლაბორატორია და ფუნქციონირებს მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული კარდიოლოგიური განყოფილება.

ამ და სხვა არსებული პრობლემების შესახებ წერილობით მივმართეთ ქალბატონ მაკა გვარამიას 2016 წლის 27 სექტემბერს, 7 ოქტომბერს და 2017 წლის 1 მარტს, მაგრამ არცერთ წერილზე არ ყოფილა რეაგირება, რომლის შემდეგაც გადავწყვიტეთ პირადად შევხვედროდით მას და ეს შეხვედრა შედგა 2017 წლის 6 მარტს. ჩვენდა გასაოცრად, ქალბატონმა მაკამ არ უარყო, რომ შპს „ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალში“ პაციენტები მიზანმიმართულად არ მიჰყავდათ და აღნიშნულის მიზეზად დაასახელა, რომ თავად პაციენტები ამბობენ ჩვენს კლინიკაში მოყვანაზე უარს. მოქმედი სახელმწიფო რეგულაციების შესაბამისად პაციენტს ნამდვილად აქვს უფლება უარი განაცხადოს ამა თუ იმ კლინიკაში გადაყვანაზე, თუმცა ასეთ შემთხვევაში, საჭიროა პაციენტმა ან მისმა ახლობელმა აღნიშნული მოთხოვნა წერილობით დააფიქსიროს შესაბამისი ხელმოწერით.

ვინაიდან, ჩვენ გვქონდა ამ პერიოდში, ინფორმაცია ჩვენი პაციენტებისგან, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ სასწრაფოს ბროგადებს მათი სურვილისდამიუხედავად არ გადმოჰყავდათ ისინი ჩვენს კლინიკაში, ჩვენ გაგვიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი ქალბატონი მაკას განცხადების სისწორეში, შესაბამისად მოვთხოვეთ მას ეჩვენებინა ჩვენთვის ზემოთაღნიშნული პაციენტების უარები კლინიკაში გადმოყვანაზე, თუმცა ქალბატონმა მაკამ ვერცერთი უარი ვერ წარმოგვიდგინა. ამის შემდეგ ქალბატონმა მაკამ ბრძანა, რომ მას ურეკავენ ჯანმრთელობის სამინისტროდან და სთხოვენ არ დააწვინოს ჩვენს კლინიკაში პაციენტები. თუ მსგავსი მოთხოვნა ხორციელდებოდა სამინისტროს მხრიდან, ეს იქნებოდა ძალიან მკვეთრი კანონდარღვევა როგორც აღნიშნული დავალების გამცების მხირდან, ასევე შემსრულებლის მხრიდან, თუმცა ქალბატონმა მაკამ კონკრეტულად ვერცერთი თანამშრომლის სახელი და გვარი ვერ გაიხსენა ვინც მას, მისივე განცხადებით, ურეკავდა. შესაბამისად ჩვენი საუბრის ბოლოსთვის ქალბატონმა მაკამ ვერ დაასახელა ვერცერთი მიზეზი, რითიც დაასაბუთებდა თუ რატომ არ უნდა მოიყვანონ პაციენტები „ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალში“, მაშინ როდესაც კლინიკა აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურით, სერთიფიცირებულია ISO 9001-2015 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. კლინიკის ლაბორატორია ჩართულია „Human’s external assessment” პროგრამაში, სადაც ხდება შესაბამისი საკონტროლო შრატების საფუძველზე გარე ლაბორატორიის ხარისხის კონტროლი წლის განმავლობაში ოთხჯერ, შესაბამისად 2016 წელს და უკვე 2017 წელს ხუთჯერ მიენიჭა ხარისხის სერთიფიკატი. კლინიკაში ეფექტურ მუშაობაზე მეტყველებს მისი დაბალი დაკორექტირების პროცენტი, რომელიც 2016 წელს შეადგენდა 1,1%-ს, სადაო შემთხვევები კი იყო მხოლოდ 6, საიდანაც 5 შემთხვევაში ვერ იქნა ნანახი დარღვევა-ნაკლოვანებები.

კლინიკაში, რომელსაც გააჩნია ძალიან დაბალი ლეტალობის პროცენტი, 2016 წელს ის შადგენდა 2,4%, საიდანაც 10,4%-ში ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა შემოყვანიდან რამდენიმე წუთში, ეს არის ძირითადად ის პაციენტები, რომლებიც კლინიკაში შემოჰყავთ ტერმინალურ მდგომარეობაში, როცა აღარ ისინჯება პულსი პერიფერიულ და მაგისტრალურ სისხლძარღვებზე, არ რეგისტრირდება არტერიული წნევა და კარდიომონიტორზე ფიქსირდება ასისტოლია. ამიტომ ქალბატონმა მაკამ ჩვენთან საუბარი დაასრულა ტექსტით რომ ყველაფერი ზემოთჩამოთვლილის მიუხედავად მას ჩვენი კლინიკა უბრალოდ არ მოსწონს. აღნიშნულმა შეხვედრამ ჩვენში ბევრად მეტი კითხვა გააჩინა ვიდრე პასუხი. თუ სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის გენერალური დირექტორი მზად არის აღიაროს რომ ჩვენს კლინიკაში არ შემოჰყავს პაციენტები მიზანმიმართულად, რატომ ვერ ასახელებს ის იმ მიზეზს რაც ადგმევინებს ამ ერთმიშვნელოვნად უკანონო ნაბიჯს, ხოლო თუ მიზეზი მხოლოდ ისაა რომ მას ჩვენი კლინიკა „არ მოსწონს“, მაშინ როდესაც ჩვენი კლინიკა ყველა შესაძლო კრიტერიუმითა თუ სტატისტიკით, როგორც მინიმუმ, არ ჩამოუვარდება არცერთ იმ კლინიკას ვისთანაც სასწრაფოს მიჰყავს პაციენტები და ხშირ შემთხვევაში აღემატება კიდეც მათ, მაშინ რა არის ის კრიტერიუმი რის მიხედვითაც ქალბატონ მაკას მოწონებას იმსახურებს ესა თუ ის კლინიკა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამ კრიტერიუმს ხმამაღლა ის არ ასახელებს?

აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაგება ჩვენ ვცადეთ ქალაქ თბილისის მერიაში, რომელიც იურიდიულად წარმოადგეს სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მაკონტროლებელს, თუმცა მერიიდან მივიღეთ არაოფიციალური კომუნიკაცია იმის შესახებ რომ ისინი ვერ ერევიან და ვერ არეგულირებენ აღნიშნული სსიპ-ის მოქმედებებს და რომ მას აკონტროლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ასევე ჩვენთვის გახდა ცნობილი რომ ქალბატონი მაკა გვარამია არის სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის იოსებ გოგაშვილის ოჯახის ახლობელი (რის შესახებაც თურმე ქალბატონი მაკა ხშირად საუბრობს თანამშრომლების გარემოცვაში).

ამ მოვლენების ფონზე, ჩვენს კლინიკაში, 2017 წლის 27 თებერვალს მოვიდა სახელწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (სუს-ის) ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებელი, რომელმაც წარმოგვიდგინა 2017 წლის 23 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მიერ დააკმაყოფილებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველოს საგამოძიებო ცენტრალური საამართველოს შუამდგომლობა შპს „ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალიდან“ დეტალური ინფორმაციის დოკუმენტების სახით ამოღების შესახებ: მოქალაქეებზე გაწეული სრული სამედიცინო მომსახურების ხარჯის ამსახველი და სრული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ. თავდაპირველად,, მათ განგვიცხადეს, რომ მათი შემოწმების საგანი იყო, თუ რამდენად სწორად ხარჯავდა სახელმწიფო სახსრებს ჯანდაცვის სამინისტრო, რაც თავის მხრივ ლოგიკურადაც ჟღერდა, რადგან სხვა რა საქმე უნდა ჰქონოდა სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოს კერძო შპს-სთან, რომელიც მხოლოდ მომსახურებას უწევს სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ პაციენტებს და არ აქვს არანაირი კავშირი სახელმწიფო ბიუჯეტთან, თუმცა მალევე აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ქმედება, წარმოადგენდა ახალ დასაწყისს მუშაობის წინააღმდეგ მოქმედებებისა რომელსაც საერთოდ სხვა საბოლოო მიზანი ჰქონდა.

2017 წლის 27 თებერვლიდან დღემდე შპს „ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალში“ და შპს „სამედიცინო ცენტრ ქირონში“, რომლის დამფუძნებელიც მე გახლავართ და რომელთან ერთადაც, ერთობლივი საქმიანობის გზით ხდება კლინიკის ოპერირება, შემოვიდა ჯამში 13 შემოწმების კომისია. 8 აგვისტოს დაინიშნა შპს „ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალის“ და შპს „სამედიცინო ცენტრი ქირონის“ საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. 9 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველოს საგამოძიებო ცენტრალური საამართველოს შუამდგომლობა შპს “ სამედიცინო ცენტრ-ქირონიდან“ ამოღებულ იქნა დეტალური ინფორმაცია მოქალაქეებზე გაწეული სრული სამედიცინო მომსახურების ხარჯის ამსახველი და სრული საფინანსო, სამეურნეო და სამართლებრივი საქმიანობის შესახებ. 22 აგვისტოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს “ სამედიცინო ცენტრ- ქირონის“ ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია, რაც თავის მხრივ აღსანიშნავია რომ არ ჯდება „კამერალური აუდიტის“ ფორმატში.

აგვისტოში, ასევე ჩატარდა შპს “ სამედიცინო ცენტრ- ქირონში“ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის „გეგმიური ამბულატორიული მომსახურება“ კომპონენტის ფარგლებში გაწეული მუშაობის და სსიპ სოციალური მომსხურების სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შერჩევითი შემოწმება. 3 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დავალებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა მოახდინეს შპს „ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალის“ და შპს “სამედიცინო ცენტრ- ქირონის“ კუთვნილი უძრავი და მოძრავი ქონებების სასაქონლო ექსპერტიზა.

ამავე 7 თვის განმავლობაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ვუმასპინძლეთ შემდეგ კომისიებს: ხუთჯერ - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, ორჯერ ინფექციების კონტროლის მონიტორინგს.

აღსანიშნავია, რომ ამ თვეების განმავლობაში მათ მიერ ვერ მოხდა ვერცერთი მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოჩენა. მხოლოდ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის „გეგმიური ამბულატორიული მომსახურება“ კომპონენტის ფარგლებში გაწეული მუშაობის და სსიპ სოციალური მომსხურების სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შერჩევითი შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა, რომ „პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, 19,30 ლარი (ცხრამეტი ლარი და ოცდაათი თეთრი) ექვემდებარება უკან დაბრუნებას, რასაც შეესაბამება ჯარიმა 7683,30 ლარის (შვიდიათას ექვსას ოთხმოცდა სამი ლარი და ოცდაათი თეთრი) ოდენობით, რაც ჩვენი აზრით, სრულიად არაადეკვატური ქმედებაა და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს, შესაბამისად, ვგეგმავთ კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების სასამართლოს წესით გასაჩივრებას.

ამ პირობებში ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ შემოსავლების სამსახურის მხრიდანაც მსგავს მიდგომას უნდა ველოდოთ, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას რომ მათ თავიანთი შემოწმებისათვის განკუთვნილი ვადა რამოდენიმეჯერ უკვე გადაწიეს, ახლა უკვე 8 დეკემბრის ჩათვლით და განახორციელეს ქმედებები, რომლებიც არ შედის კამერალური აუდიტის ნორმებში.

აღნიშნული ქმედებების ერთობლიობა გვაფიქრებინებს, რომ ისინი შემოსულები არიან არა სიმართლის დასადგენად, არამედ, მოქმედებენ დავალების ფარგლებში და არ აპირებენ შემოწმების დასრულებას, მანამ, სანამ არ დადებენ უარყოფით შედეგს, ხოლო ვინაიდან, ამდენი ხნის განმავლობაში, ვერ მოახერხეს სასურველი დარღვევის აღმოჩენა, მათი ბოლო პერიოდის მოქმედებები გვაძლევენ საფუძველს ვიფიქროთ, რომ მათი მხრიდან ადგილი ექნება უსამართლო და არასწორი დასკვნის დადების მცდელობას, რომლითაც ისინი უკანონოდ დააკისრებენ ორგანიზაციას არაადეკვატურ ჯარიმებს და შეაჩერებენ ჩვენს საქმიანობას.

აქვე გაუგებარი რჩება სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს როლი. ისინი აგრძელებენ ჩვენი ორგანიზაციებიდან დოკუმენტების ამოღება/დალუქვას, გვიბარებენ დაკითხვებზე მოდულის შენობაში, რომლებიც გრძელდება 5-8 საათამდე თითო და რომლის მიმდინარეობისას არ ისმება არცერთი არსებითი კითხვა და ზოგადად გვიშლიან ხელს მუშაობაში მუდმივი გაუგებარი მოთხოვნებითა თუ დავალებებით. ეს ყველაფერი ოფიციალურად კეთდება რაღაც სამოხელეო დანაშაულზე უვადოდ გახსნილი სისხლის სამართლის საქმის გამო, თუმცა ჩნდება ეჭვი, რომ ისინი უბრალოდ აორგანიზებენ დანარჩენი ორგანიზაციების მოქმედებებს და მუშაობენ კომპანიის გასაკოტრებლად.

ყველაფერი ზემოთაღნიშნულის გარდა ამავე პერიოდში მოხდა მიზანმიმართული შეფერხება კომპანიის განვითარებისაც. 2016 წელს ჩვენმა კომპანიამ გადაწყვიტა შემდგომი პაციენტების უფრო მრავალპროფილური მომსახურების გაწევის მიზნით კლინიკის მომსახურების ჩამონათვალისათვის მიემატებინა კარდიოქირურგიის მიმართულება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად დავიწყეთ კონსულტაციების გავლა ამ საქმის პროფესიონალებთან და შესაბამის სახელმწიფო მარეგულირებელ სამსახურებთან. კონსულტაციის ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, ავიღეთ დამატებითი ბანკის სესხი, რათა აღნიშნული მიმართულება, არსებული რეგულაციებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აგვეწყო, რასაც წარმატებით გავართვით თავი.

პრობლემები დაიწყო მაშინ, როდესაც დავიწყეთ ზემოთაღნიშნული მიმართულების კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება. ამ პრობლემის მოგვარების გზა შემოგვთავაზა ჩეხეთის რესპუბლიკის, ქალაქ პილზენის საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორ ტომაშ ჰაიეკმა. მან აიღო ვალდებულება ჩაატაროს ჩვენს კლინიკაში კარდიოქირურგიული ოპერაციები თავის გუნდთან ერთად და ადგილზევე მოახდინონ, სრულიად უფასოდ, ჩვენი სამედიცინო კადრების სწავლება, რაც თავის მხრივ გაზრდიდა საქართველოში მომუშავე კვალიფიციური კარდიოქირურგების რიცხვს და გააუმჯობესებდა ზოგადად ამ მიმართულებაზე ჯანდაცვის ხარისხს.

აქედან გამომდინარე, კლინიკისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო, მის მიერ გაწეული სამუშაოებისა და ფინანსური დანახარჯების საქმეში რეალიზება, რაც გამოიხატებოდა მაღალკვალიფიციური კადრის ჩამოყალიბებით, რომელიც ასოცირებული იქნებოდა ჩვენს კლინიკასთან. მივმართეთ თხოვნით სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, რათა მიეცათ დროებითი სერთიფიკატები ბატონ ტომაშ ჰაიეკისთვის და მისი გუნდის ექიმებისთვის, რაც რა თქმა უნდა აპრობირებული და საერთაშორისოდ აღიარებული ქმედებაა, მათ ამისათვის მოითხოვეს საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაციის რეკომენდაცია, ამ უკანასკნელმა კი აღნიშნულ ქმედებაზე უარი გვითხრა, და შესაბამისად სამინისტრომ ჩვენი და ბატონი ტომაშ ჰაიკის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

და ბოლოს, მინდა გითხრათ რომ ჩვენ სამედიცინო ბაზარზე შემოვედით 2003 წლის მარტში, მაშინ არ არსებობდა სახელმწიფო პროგრამები, მიუხედავად ამისა ჩვენი ძალისხმევით, ვახერხებდით, რომ ყოველწლიურად გაგვეუმჯობესებინა კლინიკის შესაძლებლობები და მოვაღწიეთ დღემდე. დღეს, როცა პაციენტთა აბსოლუტური უმრავლესობა დაზღვეულია სახელმწიფოს მიერ, სამწუხაროდ, გვიწევს მასთან ურთიერთობა და ვიჩაგრებით უთანასწორო ბრძოლაში.

როგორც ჩანს, დღეს ისევ გაჩნდა ხმამაღლა ვერ თქმადი კრიტერიუმები რის მიხედვითაც „მოსწონთ“ ან „არ მოსწონთ“ კლინიკები ზოგიერთ მაღალჩინოსნებს, და ფიქრობენ ამ კრიტერიუმების მიხედვით კლინიკების რაოდენობის შემცირებას, რისთვიაც მეტად უსამართლო გზა იქნა გამონახული. გვინდოდა თქვენამდე მოგვეტანა ეს ინფორმაცია, რათა 2012 წლიდან დღემდე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა,“ რომელიც თავისი არსით მართლაც უნიკალური იყო არა მარტო პაციენტებისთვის, არამედ კლინიკებისთვისაც, რაც საბოლოოდ ისევ მოსახლეობის ეფექტური მკურნალობის საწინდარია, არ გახდეს ისევ რამოდენიმე არაკეთილსინდისიერი „ჩინოვნიკის“ მოქმედების მსხვერპლი", - ნათქვამია განცხადებაში

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45