2018 წლის 1-ლი იანვრიდან ოქროსფერი 50-თეთრიანი მონეტა გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსს დაკარგავს

ხუთშაბათი, 05 ოქტომბერი, 2017 - 11:32

 საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2017 წლის 4 ოქტომბრის N5 დადგენილებით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან, გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი აღარ ექნება 1995 წლის ემისიის 50 თეთრის ნომინალის მონეტას, ე.წ. ოქროსფერ 50-თეთრიან მონეტას, რომლის ავერსზე დატანილია - გრიფონის რელიეფური გამოსახულება, მის ქვეშ ციფრი "50" და წარწერა – "თეთრი", რევერსზე - ბორჯღალი, ციფრები წარწერები: "საქართველოს რესპუბლიკა", "REPUBLIC OF GEORGIA".

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან, სავაჭრო და ნაღდი ფულით მომსახურების ობიექტებს აღარ ექნებათ ანგარიშსწორების მიზნით მათი მიღების ვალდებულება. 2018 წლიდან, ერთი წლის განმავლობაში, ძველი 50 თეთრიანის ნომინალური ღირებულებით გამოცვლა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ კომერციულ ბანკსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან - მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში. (მისამართი: თბილისი, 0198, კახეთის გზატკეცილი 72).

აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 2006 წლიდან მიმოქცევაში გაუშვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დამზადებული და ხარისხობრივად მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული 50 თეთრის ნომინალის ახალი მონეტა, რომელიც წარმატებით დამკვიდრდა მიმოქცევაში.

2006 წლის გამოშვების ვერცხლისფერი მონეტა შედგება სპილენძ-ნიკელისაგან და მისი დიამეტრი 24 მმ-ი, ხოლო წონა 6,5 გ-ია ავერსზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, წარწერა "საქართველო“ და გამოშვების წელი "2006", ხოლო რევერსზე - ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი "50" და წარწერა "თეთრი". გაყალბებისგან დაცვის თვალსაზრით მონეტის ორივე მხარეს მიკროელემენტის სახით დატანილია ძველი კოლხური თეთრის ანალოგი – ლომის თავის გამოსახულება, ხოლო მონეტის წიბო დაღარულია და ჩატვიფვრულია ქართულ-ინგლისური წარწერა "საქართველო Georgia" და ხუთქიმიანი ვარსკვლავი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61