​საქართველოს პრეზიდენტმა გურამ გაბესკირიას სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

ოთხშაბათი, 27 სექტემბერი, 2017 - 16:31

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, მათ ხსოვნას პატივი მიაგო და მებრძოლთა ოჯახის წევრებს გაესაუბრა.

გმირთა მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის ქალაქ სოხუმის მერს, პოლკოვნიკ გურამ გაბესკირიას სიკვდილის შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა და ეროვნული გმირის ორდენი მისი ოჯახის წევრებს გადასცა.

"დღეს ეროვნული გლოვისა და დიდი ტრაგედიის დღეა. 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი. მაშინ არაერთმა გმირმა ქართველმა შესწირა სიცოცხლე სამშობლოს დაცვას. დღეს ჩვენ განსაკუთრებით გამოვყოფთ იმ ადამიანის ღვაწლს, რომელიც სეპარატისტებმა 27 სექტემბერს ჟიული შარტავასთან ერთად ალყაში მოაქციეს და დახვრიტეს, რომელიც წელგამართული შეეგება სიკვდილს, რომელსაც უბრძანეს, რომ დაჩოქებულიყო, მისი პასუხი კი იყო - არასოდეს! დღეს ჩვენ გამოვყობთ სოხუმის მერის, პოლკოვნიკ გურამ გაბესკირიას ღვაწლს, ვიხსენებთ მას იმ დიდ ტკივილთან ერთად, რომელიც დღეს ყველას გვაერთიანებს, გვაერთიანებს სიამაყეც და ზეიმიც მისი უტეხი სულისა. დღეს ჩვენ მას ვაჯილდოვებთ ჩვენი სამშობლოს უმაღლესი ჯილდოთი. ეროვნული გმირის წოდებით და ამ წოდებას გადავცემთ მისი ოჯახის წევრებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გმირთა მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან და მრჩევლებთან ერთად იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6