მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017” დასრულდა

ორშაბათი, 11 სექტემბერი, 2017 - 18:15

ორფოლოს სასროლეთზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „Agile Spirit 2017“-ის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდი, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

დახურვის ცერემონიალის დაწყებამდე სწავლებაში მონაწილე სამხედრო ქვედანაყოფებმა საჩვენებელი წვრთნები გამართეს. უკრაინულმა საზღვაო-საავიაციო ქვედანაყოფმა დესანტირების, სპეციალური ოპერაციების ძალების ქართველმა და ბულგარელმა სამხედროებმა კი, რეიდის ოპერაცია ჩაატარეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების, აშშ-ის საზღვაო ქვეითებისა და არმიის, რუმინეთის, ბულგარეთისა და უკრაინის პირადმა შემადგენლობამ მძიმე და მსუბუქი ჯავშანტექნიკის, ასევე არტილერიის მხარდაჭერით შეტევითი, თავდაცვითი და ჩანაცვლების ოპერაციები განახორციელეს.

მრავალეროვნული სწავლების ოფიციალური დახურვის ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ღონისძიებაზე საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურებისა და აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობას სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, გენერალური შტაბის უფროსმა და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ მიმართეს, სწავლების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს, წვრთნების წარმატებით ჩატარება მიულოცეს და სამომავლოდ წარმატება უსურვეს.

ღონისძიების ფარგლებში მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისათვის და ჯარების მაღალი მზადყოფნის შენარჩუნებისათვის ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ცხრა სამხედრო თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით, „გენერალი კვინიტაძით“ დააჯილდოვეს.

სწავლების დახურვის ცერემონიალის ბოლოს, მოწვეული სტუმრებისთვის სწავლებაში მონაწილე სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენაც გაიმართა. სამხედრო სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპისა და აფრიკის ძალების ორგანიზებით ორფოლოს პოლიგონზე და ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში ჩატარდა.

წვრთნებში საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიისა და აზერბაიჯანის 1500-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა. სწავლების მიზანი ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთქმედებების გაუმჯობესება, ქვეითი და მექანიზირებული ქვედანაყოფების შერწყმა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთანამშრომლობის დახვეწა იყო.

სწავლების სცენარი სტაბილურობისა და შეტევა/თავდაცვით ოპერაციებს ემყარებოდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59