საქართველო ახალი ტალღის ლიდერია - სუმა ჩაკრაბარტმა მთავრობის წვლილზე, ფანტასტიკურ შედეგებზე და სამომავლო ინვესტიციებზე ისაუბრა

ოთხშაბათი, 06 სექტემბერი, 2017 - 17:19

საქართველო ახალი ტალღის ლიდერია, - აღნიშნულის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა. შევეცდები, დიდი დრო არ წაგართვათ. ეს ჩემი მესამე ვიზიტია საქართველოში - 2013 და 2015 წელს ჩვენ გვქონდა ყოველწლიური შეხვედრა აქ თბილისში. 2017 წელსაც აქ ვიმყოფებით. პრემიერ-მინისტრთან, ფინანსთა და ენერგეტიკის, იუსტიციისა და ეკონომიკის მინისტრებთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრები გაიმართა. ჩვენ შევხვდით კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც. გულწრფელად შემიძლია აღვნიშნო, რომ EBRD-სა და საქართველოს შორის ურთიერთობამ ნამდვილად მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია. სტრატეგიული პარტნიორობა უკვე მრავალი წლის მანძილზე ვითარდება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჩვენ უკვე 3 მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიცია განვახორციელეთ ამ წლების მანძილზე. გარდა ამისა, აღნიშვნის ღირსია ინოვაციური მიდგომების სიმრავლე ჩვენს ურთიერთობებში. საქართველოში განხორციელებული პროექტების, ინვესტიციებსა და კერძო სექტორთან დაკავშირებული ღონისძიებების იმპლემენტირებას სხვა ქვეყნებშიც ვცდილობთ. მტკიცედ მწამს, რომ არსებული მდგომარეობა საქართველოს გარდამავალ პერიოდში მყოფი ქვეყნების შემდეგი ტალღის ლიდერად აქცევს - იმ ევროპული ქვეყნების შემდეგ, რომელთანაც 90-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში ვთანამშრომლობდით.

საქართველო ახალი ტალღის ლიდერია. რამ განაპირობა ეს შედეგი? პირველ რიგში, აღსანიშნავია შესანიშნავი ეკონომიკური მენეჯმენტი. საქართველოს, განსაკუთრებით უკანასკნელი წლების ეკონომიკის მენეჯმენტის შეფასებისას, უნდა აღვნიშნოთ ფინანსთა მინისტრისა და ცენტრალური ბანკის, ასევე, მთლიანად მთავრობის წვლილი. ფანტასტიკური შედეგია. ძალიან მოხარული ვიქნები, თუ საქართველო გადააჭარბებს EBRD-ის წლევანდელ და მომავალი წლის პროგნოზს. დარწმუნებული ვარ, საქართველო გადააჭარბებს EBRD-ის წლევანდელ პროგნოზს, რომელიც დაახლოებით 3,8%-ს შეადგენს, მით უმეტეს, რომ საქართველომ უკვე მიაღწია 4%-ზე მაღალ ზრდას. მიგვაჩნია, რომ საქართველო მომავალი წლის პროგნოზსაც გადააჭარბებს და 4%-ზე მაღალ ზრდას აჩვენებს. ნოემბერში შევძლებთ ჩვენი ახალი პროგნოზი გაგიზიაროთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, ჩვენს საოპერაციო ქვეყნებთან შედარებით, სწრაფ ზრდას განაგრძობს.

მეორე საკითხი, რომელიც აღნიშვნას მოითხოვს, შეეხება საქართველოს მთავრობის თანამშრომლობას კერძო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის EBRD-თან, ინვესტორთა საბჭოს ფორმატით. ეს უზრუნველყოფს ბიზნესკლიმატის შემდგომ გაუმჯობესებას და წაახალისებს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს, მეტად დაინტერესდნენ ამ ქვეყნით. ძალიან მიხარია, რომ უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე საქართველოს პოზიციები ყველა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით გაუმჯობესდა და მოწინავე ადგილი დაიკავა იმ ქვეყნებთან შედარებით, რომელშიც ჩვენ ვმუშაობთ. ამ გარემოებამ, საქართველოს პროგრესმა საშუალება მოგვცა, მეტი ინვესტიცია განგვეხორციელებინა ამ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ, 2016 წელი რეკორდული მაჩვენებლით გამოირჩეოდა - 17 პროექტის ფარგლებში 250 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. ეს EBRD-თვის ნამდვილად რეკორდული მაჩვენებელი იყო საქართველოს მასშტაბით.

2016 წელს განხორციელებული ინვესტიცია ძალიან ბევრ ინოვაციას და სიახლეს მოხმარდა. მაგალითად, 80 მილიონი ევროს ინვესტიცია კერძო სექტორის წარმომადგენლების ძალიან ფართო სპექტრს მოხმარდა. მათ შორისაა ჯანდაცვა, აგრობიზნესი, ტელეკომუნიკაციები, საკუთრება და ტურიზმი. ელექტროენერგიის კუთხით შეიქმნა კავკასიაში პირველი ქარის ენერგიის სადგური გორში. ამგვარი სადგური პირველია კავკასიაში. მუნიციპალურ სექტორში სამი უნიკალური პროექტის ფარგლებში 40 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. მათ შორისაა ლურჯი ავტობუსები აქ, თბილისში, რომელთა შესახებაც ყველამ იცის; მყარი ნარჩენების შესაგროვებელი ავტომანქანები ქვეყნის მასშტაბით, ქობულეთში კი აშენდა წყლის გადამამუშავებელი ქარხანა. ტრანსპორტის კუთხით გაფორმდა სუვერენული სესხი, რომელიც მოხმარდება სადახლო-ბაგრატაშენის ხიდის მშენებლობას - ეს იქნება საზღვრის კვეთის წერტილი, რეგიონული ეკონომიკის დამაკავშირებელი გზა.

ძალიან ვამაყობ შემდეგი მიღწევით, რომელიც ფინანსურ სფეროში განხორციელდა - „საქართველოს ბანკსა“ და „TBC ბანკთან“ თანამშრომლობის შედეგად, ამოქმედდა პირველი პროექტი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ფარგლებში. მიმაჩნია, რომ ეს შესანიშნავი მიღწევაა, რადგან ამ გზით ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები შეძლებენ, ევროკავშირის სტანდარტებს მიაღწიონ - ეს დაახლოების პროცესს შეუწყობს ხელს. პროცესს რამდენიმე წელი დასჭირდება, თუმცა ეს ნიშნავს, რომ ქართული კომპანიები გაცილებით უფრო სწრაფად მიაღწევენ სასურველ დონეს და ევროკავშირში ექსპორტისთვის იქნებიან მზად. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება მომავალს - პრემიერ-მინისტრს მოეხსენება, რომ გასულ დეკემბერს ჩვენმა საბჭომ განიხილა და ხელი მოაწერა, ქვეყნის სტრატეგიას, რომელიც ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელია. ამ დოკუმენტს ოთხი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს. პირველ რიგში აღსანიშნავია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა. ჩვენი სამუშაოს ნაწილი, რომელიც კერძო სექტორზე ორიენტირდება, მიზნად ისახავს ქართული კერძო სექტორის მაქსიმალური კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფას. რა თქმა უნდა, ბიზნესკლიმატის ცვლილება ამ კუთხით ძალიან გვიწყობს ხელს. იგივე შეიძლება ითქვას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებით გათვალისწინებულ ინდიკატორებზე. თუმცა, ჩვენ განსაკუთრებით ვკონცენტრირდებით სოფლის მეურნეობის, სასტუმრო და ინოვაციების ინდუსტრიებზე. უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ ამ პროცესში უნდა ჩაერთოს საქართველოს მთელი მოსახლეობა. არავის უნდა შეეზღუდოს დაფინანსებაზე წვდომა.

გუშინ „მატერიას“ ვესტუმრე და მოხარული ვიყავი, რომ დაქირავებული პირები და მენეჯმენტი გაცილებით უფრო მეტი ქალისა და ჩემი თაობის წარმომადგენლისაგან იყო დაკომპლექტებული. ძალიან სასიამოვნოა ამგვარი განვითარების ხილვა. ჩვენ გვსურს, გავაკეთოთ მეტი ადგილობრივი ვალუტის გასესხებისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით. ამ მიმართულებით ჩვენ ქართულ ხელისუფლებასთან ვმუშაობთ. საქართველო, რა თქმა უნდა, ყოველთვის გამოირჩეოდა EBRD-თვის, ადგილობრივი ობლიგაციების გამოშვების გამო. ამაზე მუშაობა ჩვენ 2014 წელს დავიწყეთ. ჩვენ გვსურს გაცილებით მეტის გაკეთება კონკრეტული უპირატესობის მისაღწევად, რათა საქართველომ მეტად გამოიყენოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობა, მისი რეგიონთაშორისი კავშირები. მიმაჩნია, რომ საქართველოს უნდა დავეხმაროთ ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რათა მან უკეთ აითვისოს არსებული გეოგრაფიული მდებარეობა სამხრეთ კავკასიაში და კავშირები ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

გარდა ამისა, საქართველოში სტუმრობისას ყოველთვის აღვნიშნავ, რომ კარგია, რომ თქვენ ნავთობისა და გაზის ქვეყანა არ ხართ, რადგან ეს დამატებით წნეხს ქმნის. თუმცა თქვენ გაქვთ წყალი და წყლის, როგორც ეკონომიკური რესურსის მაქსიმალურად გამოყენების პოტენციალი. ამასთან, მიმაჩნია, რომ ჰიდროენერგიისა და ზოგადად, ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. ენერგეტიკის მინისტრთან ამ მიმართულებით ვმუშაობთ და მეტ ინვესტიციას ველი ჰიდროენერგეტიკის სფეროში. ძალიან მოხარული ვარ შუახევის პროექტით, მოუთმენლად ველი „ნენსკრას“ პროექტსა და მომავალ წლებში დაგეგმილი სხვა პროექტების განხორციელებას.

გვაქვს დიდი დღის წესრიგი. საბოლოოდ მინდა აღვნიშნო, რომ გვაქვს კარგი იმპულსი, რომელიც არ უნდა შენელდეს და არც შენელდება, რადგან აქ, საქართველოში არსებობს მთავრობა, რომელსაც ეკონომიკური და სხვა რეფორმების გაგრძელება სურს, რათა ეს ქვეყანა უფრო ევროპულ სახელმწიფოდ აქციოს. EBRD შეეცდება, შესაბამისი დახმარება გაუწიოს საქართველოს. ჩვენ არ დავიშურებთ რეკომენდაციებს პოლიტიკის საკითხებზე, თუმცა ინვესტირებასაც განვაგრძობთ. ჩვენს ჯგუფს დიდი სამუშაოს გატარება აქ არ უწევს. საქართველო მოწინავე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც მუშაობა და ინვესტიციის განხორციელება გვიხდება.

პრემიერ-მინისტრთან საუბრისას, ბრუნო ბალვანერასა და მის კოლეგებს საკმაოდ დიდი დავალება მივეცით - საქართველო აბსოლუტურ ლიდერად უნდა იქცეს. ეს შესანიშნავი ჯგუფი აქ ასრულებს მნიშვნელოვან სამუშაოს ლონდონის ოფისთან ერთად, რადგან გვყავს არაჩვეულებრივი პარტნიორები, შესანიშნავი მთავრობა, რომელთანაც თანამშრომლობა შეგვიძლია", - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების პრეზიდენტმა..

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58