მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა შეარჩია

ოთხშაბათი, 30 აგვისტო, 2017 - 20:31

საქართველოს მთავრობის განკარგულება N1818, რომლითაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე 2 კანდიდატის ჩანაცვლება მოხდა, გუშინ გამოიცა.

მთავრობამ სამთავრობო კომისიის მიერ მისთვის წარდგენილი ოთხი კანდიდატიდან შემდეგი ორი პირი შეარჩია: ლალი ფაფიაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე და თავმჯდომარის მოადგილე; ოთარ სიჭინავა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

როგორც განკარგულების ტექსტშია მითითებული, საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა არა მხოლოდ სამთავრობო კომისიის თავმჯდომარის წარდგინება და კომისიის მუშაობის შედეგები, არამედ ასევე მხედველობაში მიიღო ევროპის საბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის წერილი, სადაც ექსპერტები კანდიდატის დადებით მხარედ უზენაეს ან საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის გამოცდილებას ასახელებდნენ.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე 2 კანდიდატის ჩანაცვლების მიზნით კონკურსი 25 ივლისს გამოცხადდა. რაც შეეხება კიდევ ერთ კანდიდატს − ლადო ჭანტურიას, ევროპის საბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიის 21 ივლისის წერილში ნათქვამია, რომ ის ევროპული კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და, შესაბამისად, წარმატებით აგრძელებს კონკურსს.

25 ივლისს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მოსამართლეობის სურვილი 28 პირმა გამოთქვა. სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ კონკურსანტების საბუთების საკონკურსო განაცხადთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ გასაუბრებაზე 8 პირი დაიბარა. მათგან 7 კანდიდატს სამთავრობო კომისია ინდივიდუალურად გაესაუბრა. მე-8 კანდიდატი გასაუბრებაზე არ გამოცხადდა.

გასაუბრებები 26 აგვისტოს გაიმართა. ქულათა დაჯამების შედეგად გამოვლინდა ოთხი კანდიდატი, რომლებმაც ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს: ლალი ფაფიაშვილი − 4.82; თამარ ალანია − 4.45; იოსებ ბაჩიაშვილი − 3.73; ოთარ სიჭინავა − 3.73; დადგენილი წესის თანახმად, სია გენდერული ნიშნით შედგა. ლალი ფაფიაშვილისა და ოთარ სიჭინავას კანდიდატურებს საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს 31 აგვისტომდე წარუდგენს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45