დეფი გოგიბედაშვილი იძულებული გახადეს, სამშობლო დაეტოვებინა და ამერიკაში წასულიყო

ოთხშაბათი, 30 აგვისტო, 2017 - 22:07

დეფი გოგიბედაშვილი იძულებული გახადეს, სამშობლო დაეტოვებინა და ამერიკაში წასულიყო, - ამის შესახებ ქართველი პოეტი, მწერალი და ჟურნალისტი მიხეილ ღანიშაშვილი აცხადებს.

“დიახ, მეგობრებო, ცნობილი მწერალი და პოეტი, აქტიური საზოგადო მოღვაწე და პატრიოტი - დავით-დეფი გოგიბედაშვილი - იძულებული გახადეს, რომ სამშობლო, რომელიც ასე ძალიან უყვარს, დაეტოვებინა და საცხოვრებლად აშშ-ში გადასახლებულიყო. ის, რომ დეფი ნიჭიერი, განათლებული და ინტელექტუალური პიროვნებაა, ეს წერა-კითხვის მცოდნე ადამიანებში ეჭვს არც იწვევს, მაგრამ, გარდა ამისა, მას არ აპატიეს პოლიტიკური სიმპათიების აშკარად გამოხატვა, ანუ საზოგადეოებამ მას არ აპატია საკუთარი პრინციპებისადმი ერთგულება, პიროვნული „მე“-ს დაცვა, შინაგანი თავისუფლება. ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ უამრავი პოლიტიკურად ანგაჟირებული და აგრესიული ადამიანი დღე და ღამე თავს ესხმოდა მწერალს: დასცინოდა, წყევლიდა, ლანძღავდა, ემუქრებოდა, აშანტაჟებდა, ფიზიკურად უსწორდებოდა და, ბოლოს მკვლელობითაც კი ემუქრებოდა.

ნურავინ იფიქრებს, რომ რაიმეს ვაჭარბებდე - ახლა, უბრალოდ, სხვა დროა, თორემ, გასული საუკუნის 37-იანი წლები რომ მდგარიყო, დარწმუნებული ვარ, დეფი იქნებოდა, ალბათ, ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი ჩვენნაირი მწერლებიდან, ვისაც ან დახვრეტდნენ ან თვითმკვლელობისაკენ გადაადგმევინებდნენ ნაბიჯს ის ავაზაკები, ასე ძალიან რომ გვანან თავიანთ წითელ წინამორბედებს და, ასევე სამწუხაროდ, ასე ბევრნი რომ შემორჩენიან თანამედროვეობასაც.

დეფი ოროგინალური ხელწერის, საკუთარი სტილისა და მანერის მქონე ხელოვანია. ეს ფაქიზი სულის შემოქმედი, ამავე დროს, საოცრად პროდუქტიულიცაა. და, რაოდენ გულდასაწყვეტია, რომ, მიუხედავად ყოველივე ამისა, ოფიციოზმაც და საზოგადოებამაც ასე აითვალწუნა და არა მხოლოდ შემოქმედებითი თვითრეალიზაციის, არამედ, საბოლოო ჯამში, ცხოვრების, სიცოცხლის, ფიზიკურად გადარჩენის შანსიც კი წაართვა. დეფი ნიჭიერი მწერალია. ამ წელს აშშ-ში მისი ახალი რომანი იბეჭდება და მინდა ვისურვო, რომ ეს რომანი ამერიკულ ბესტსელერად იქცეს. ნიჭიერი კაცი არსად დაიკარგება და, დარწმუნებული ვარ, რომ ის თავის ადგილს ამერიკაშიც იპოვის, თორემ აგერ, ვნახავთ (გვახსოვს ჩვენ ბოლშევიკ-კომუნისტების გამო უცხოეთში გადახვეწილი ასეთი არაერთი ხელოვანი, რომლებმაც იქაც მშვენივრად გაიბრწყინეს)! მაგრამ რა გვეშველება ჩვენ, ქართულ საზოგადოებას, რომელიც, წარმავალი პოლიტიკური კონიუნქტურის გამო, მახრჩობელა გველად ქცეულა და ყველას, ვინც მასავით არ აზროვნებს, მოგუდვითა და განადგურებით ემუქრება?!

ნუთუ, ცნობიერებით და მსოფლმხედველობით, 21-ე საუკუნეში ვერასოდეს უნდა გადავიდეთ და ისევ და ისევ იმ ბნელსა და სასტიკ საბჭოურ-ჩეკისტურ ეპოქაში ჩავრჩეთ და ვიცხოვროთ?!

დეფი, ჩემო მეგობარო, მინდა ეს წერილი, უპირველეს ყოვლისა, შენ წაიკითხო და, აწ უკვე უცხოეთის ცის ქვეშ მყოფმა, კოლეგის გამოსარჩლებად და ნუგეშად მიიღო.

არაუშავს, მე ვიცი, რომ სადაც არ უნდა იყო, შენი გული საქართველოსთვის იფეთქებს, ხოლო რასაც შენი მადლიანი კალამი შექმნის, საბოლოოდ, მაინც ისევ საქართველოს კულტურული საკუთრება და მემკვიდრეობა იქნება და,სხვათაშორის, იმ უმადური საქართველოსიც, რომელმაც შენ ხელი გკრა და ასე უგულოდ მოგგლიჯა შენს მშობლიურ გარემოს!

სულ წინსვლა და გამარჯვებები შენი ცხოვრების ახალი ეტაპის საწყისებისთანავე, მეგობარო! გულს ნუ გაიტეხ! ყველაფერი კარგად იქნება!", - წერს წერილში მიხეილ ღანიშაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა და ლექსსაც უძღვნის:

სიახlove

ასჯე რომც დაგკრან მათრახი,

ერთხელ არ ამაიკვნესო!

იარე ხელის ანდითა,

სუც რო უკუნნი იყვნესო!

გული ქვა-რკინად აქციე,

ირგვლივ დელგმაც რო იქნესო!

არ არის ძალა, აჯობოს

მართალი კაცის ფიქრებსო!

P.S. ვნახოთ, შენი აქ დარჩენილი მეგობრები კიდევ სადამდე შევძლებთ ამ ჯოჯოხეთის გაძლებას? ვშიშობ, რომ დიდხანს - ვერა!..

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61