ყველაზე მეტი სიბინძურე თუ სადმე მინახავს, სწორედ ამ დროს მინახავს - ხათუნა სამნიძე

ორშაბათი, 28 აგვისტო, 2017 - 16:03

12 წელია რესპუბლიკური პარტიის წევრი ვარ. ამდენივე წელია ყველა არჩევნებში სხვადასხვა ფორმით ვიყავი ჩართული – კანდიდატი, დამკვირვებელი, წარმომადგენელი, კანდიდატის მხარდამჭერი. მეგობარი ან კარგი ნაცნობი თუ როდესმე დამიკარგავს, ეს წინასაარჩევნოდ ან არჩევნების დღეებში მომხდარა. ყველაზე მეტი სიბინძურე თუ სადმე მინახავს, სწორედ ამ დროს მინახავს. ყველა ჯერზე იმედს ვიტოვებდი, ყველა ჯერზე „სულ ასე არ იქნება“ განცდით ვემზადებოდი შემდეგი არჩევნებისთვის, ენერგიას არ ვიშურებდი ამეხსნა, რომ ქვეყნის ბედს წყვეტდა ყველა ის ადამიანი, ვინც საარჩევნო უბანზე და ოლქში „დავალებებს“ ასრულებდა შედეგების გადაკეთებისას. და კი, შედეგების გადაკეთებაც ბევრჯერ მინახავს, განწირული ხმით მიხვეწნია ხელი არ ეხლოთ ოქმებისთვის, აცრემლებულს ამიხსნია, რომ ეს ქვეყანა ამას არ იმსახურებდა, დავმუქრებივარ კიდეც, რომ ამ დანაშაულისთვის დაისჯებოდნენ. ყველაფერს ამ რწმენით ვაკეთებდი, ოპტიმიზმით, ენერგიით, რომ შეიცვლებოდა ეს საბჭოთა მეთოდები, ეს დაშინებები, ნიჰილიზმის გაღვივება ადამიანებში, ინდივიდების ჩაკვლა, „შენ ხმას არ აზრი აქვს“ განწყობის განმტკიცება, „სამსახური თუ გინდა შეინარჩუნო, დამიჯერე“ მუქარების გავრცელება, „ჩაგიდებენ და დაგიჭერენ“ შემოთვლებით მანიპულირება... ჰო, არავინ დასჯილა, ზოგიერთები, ვისაც ჩემს თვალწინ გადაუკეთებია ოქმი, ახლაც კარგად გრძნობენ თავს კომისიებში, ახლაც აგრძელებენ მზადებას უფრო დახვეწილი მეთოდების გამოსაყენებლად.

და რატომ უნდა სჯეროდეს მოქალაქეს, რომ მის ერთ ხმას ძალა აქვს? რატომ უნდა გვიკვირდეს ვინმეს, როცა პასუხად გვესმის „მაინც არაფერი შეიცვლება“ ან „მერე რა რო კარგი ტიპია, მაგას ვინ გაამარჯვებინებს“, ან „ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია“, ან კიდევ „პოლიტიკოსები გარიგდებით და ჩვენ ისევ ხმებზე მოგვაკითხავთ“... მე არ მიკვირს ასეთი დამოკიდებულება, ამისთვის „იღწვოდნენ“ მმართველი „პარტიები“ წლების მანძილზე, ამისთვის იგონებდნენ უამრავ მეთოდს განსხვავებული აზრის გასანადგურებლად, ამის გასამყარებლად ხარჯავდნენ უამრავ რესურსს სპეც–სამსახურები, ფულიანი მაჟორიტარები, საპატრიარქოს წარმომადგენლები გულუხვად დაჯილდოებულებს ქადაგებებისას საჭირო ფრაზები რომ ეთქვათ, პოლიციის წარმომადგენლებს ეფექტურად რომ გამოეყენებინათ მუქარა. ამ სისტემას ამყარებენ ახლაც.

მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, რატომ უნდა გაუკვირდეს ვინმეს, თუ მეც უიმედობით მოცული შევხვდები არჩევნებს? მეც მემუქრებოდნენ, მეც მიკლავდნენ რწმენას, მეც მიშინებდნენ ოჯახის წევრებს, მეც დამცინოდნენ განსხვავებული აზრის გამო, მეც მეუბნებოდნენ „შენ ვინ გაგამარჯვებინებს“ ან „ძაან მოგვწონხარ, მაგრამ ოჯახი მყავს სარჩენიო“... ახლაც მეკითხებიან, რა გინდა პოლიტიკაში, ხომ ხედავ რა ქვეყანაში ვცხოვრობთო. თითქმის ყოველ დღე არსებობს 30 წამი, როცა მეც ვკარგავ იმედს, მაგრამ ეს მხოლოდ 30 წამია იმიტომ, რომ სწორედ ეს დროა საჭირო დაფიქრდე, რისი და რატომ გჯერა ყველაზე მეტად!

ინდივიდი! ერთი ადამიანი! თავისუფლება ადამიანის! ბედნიერებისკენ სწრაფვა ადამიანის! უნიკალურობა ადამიანის! ყველა იმ განსხვავებული, უშიშარი, ზოგჯერ გიჟად შერაცხული ადამიანის რწმენა, ვინც საკუთარი იდეისთვის იბრძოლა და შეცვალა, ზოგჯერ სიცოცხლის ფასად! რისი იმედი ქონდათ მათ? ძალა საიდან ქონდათ? ენერგია?

მე პოლიტიკოსი ვარ, პარტიის თავმჯდომარე, იმ პარტიის, კომუნისტების დროიდან რომ საბჭოთა მენტალიტეტის დამარცხებას ცდილობს ჩვენს ქვეყანაში და ამის გამო მიზანმიმართულ, კარგად დაგეგმილ სიძულვილის კამპანიას იღებს წლების მანძილზე. ჩვენი არსებობა რომ აღიზიანებთ სწორედ ისინი არიან, ის სისტემა, რომელსაც ინდივიდი და ადამიანი ხელს უშლის, აბსოლუტურ კონტროლს არ ამყარებინებს, განსხვავებული აზრის არსებობით მოსვენებას არ აძლევს, იდეისთვის ბრძოლის ძალით ასუსტებს, კი წვეთ–წვეთობით და ნაბიჯ–ნაბიჯ ძალიან ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად და დაუღალავად.

ასეთი ადამიანების ეშინია სისტემას, ასეთი ადამიანები ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში, ასეთი ადამიანების ერთად ყოფნით იცვლება გარემო, ასეთი ადამიანების ერთმანეთის გაძლიერებით ცოცხლობს იდეა – თავისუფლება! ცოტანი ხართო, ამ ქვეყანაში ცოტანი ხართ ასეთი ადამიანებიო და დანებდითო, მიიყუჟეთ თქვენთვის თქვენს კონკრეტულ სივრცეებშიო და ხმას ნუ იღებთო – ნურც ეკლესიის წინააღმდეგო, ნურც პოლიციის ტერორზეო, ნურც ჩადებებზეო, ნურც სიძულვილზეო, საერთოდ რასაც ბევრი და უმრავლესობა პრობლემად არ ხედავს, ხმა იმაზე არ ამოიღოთ, უმრავლესობის და ძლიერისაა ეს ქვეყანაო, გაქრითო!

ჩემო კარგო მეგობრებო, სულ 30 წამი გვჭირდება გავიხსენოთ ის ერთი ადამიანი, ვისთვისაც ღირს, რომ არ დავნებდეთ – შვილი, და ან ძმა, მშობელი, შეყვარებული, მეგობარი, ადამიანი ისტორიიდან – ის ერთი, ვინც თქვენი სამყარო შეცვალა ან ჩვენი ყველას მომავალი საკუთარი ბრძოლით სიცოცხლის ფასად. ვერავინაც ვერ გაგვაქრობს, სწორედ განსხვავებული აზრი და განსხვავებული ადამიანები, ცოტანი რომ გონიათ ისეთები ცვლიან უკეთესობისკენ ქვეყნებს, შეხედულებებს, უმრავლესობების აზრზს, სამყაროს...

ძალიან მინდა, დავინახოთ ასეთებმა ერთმანეთი, მარტო არჩევნებზე არა, ყოველთვის. არჩევნები მხოლოდ ის დღეა, „ხმა არ ამოიღოთ“ და „გაქრითო“ თქმის საშუალებას რომ აღარ აძლევს ძალიან ბევრს, და რაც მთავარია ამ მახინჯ სისტემას!

21 ოქტომბერსაა არჩევნები. ამ დღემდე დღეში 30 წამი, სულ 3300 წამი ანუ 55 წუთი მაქვს უფლება უიმედობის და მერე იმ ერთი ადამიანის გახსენებისთვის, ვისთვისაც ვიბრძოლებ მიუხედავად ყველაფრისა. ვისთვის იბრძოლებ შენ? - წერს სოციალურ ქსელში რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58