თვითდინებაზე ხართ, "ტივტივებთ", ერთადერთი თქვენი "ნუგეში" აშშ-ის საელჩოა - ჯუმბერ კირვალიძე

შაბათი, 26 აგვისტო, 2017 - 10:10

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ხელისუფლების საქმიანობას აკრიტიკებს და ბოლო დროს ქვეყანაში გაჩენილ ხანძრებს ეხმიანება.

"ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დაწყებული, ქვეყნის ორ რეგიონში - აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, სეპარატისტებთან სისხლისმღვრელი კონფლიქტების გამო, საქართველოს სახელმწიფო ვერ აკონტროლებს აღნიშნულ ტერიტორიებს. ხოლო, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთმა მოახდინა ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაცია და აღიარა მათი 'დამოუკიდებლობა". ანუ, საქართველოს სახელმწიფო, მას შემდეგ, რაც იგი დამოუკიდებელი გახდა, მუდმივად იმყოფება საგანგებო მდგომარეობაში.

დიახ, სხვა არაფერი ჰქვია ამ მდგომარეობას, როდესაც 25 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია ვერ ვრცელდება ქვეყნის 20%-ზე! ამის შეხსენება იმიტომ დამჭირდა, რომ ჩემში გაოცებას იწვევს ის ფაქტი, თუ როგორ ფუნქციონირებს და რა სტრატეგიული, პოლიტიკურ-ეკონომიკური გეგმებით ხელმძღვანელობს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, წარსული ხელისუფლებები, რაც იყვნენ და რაც დამართეს ქვეყანას ყველასთვის ცნობილია.

მთელი ამ 5 წლიანი პერიოდის მანძილზე?! სიმართლე გითხრათ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქართული ოცნების ლიდერები შეგნებულად იბრიყვებენ თავს (ასე აწყობთ!), თითქოს არც სეპარატისტული კონფლიქტები გვაქვს, არც რუსეთის აგრესია, ოკუპაცია და "აღიარებები", თითქოს ცენტრალური ავტობანიდან 500 მეტრის დაშორებით არ დგას ოკუპანტის სამხედრო ტექნიკა და ა.შ.

აბა, სხვაგვარად როგორ უნდა ახსნა, ქვეყნის მართვის "ოცნებისეული სტილი"?! რა დროს "ლიბერალური ფიცი-მტკიცია" (არადა, ევროპის სოცინტერნის წევრია "ქ/ოცნება", ანუ - გარეთ მემარცხენეა, შიგნით ულტრამემარჯვენე?!), როცა შენი ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს ტანკები დაშლიგინებენ და შენი ქვეყნის მოქალაქეებს წამდაუწუმ იტაცებენ ე.წ. საოკუპაციო ხაზთან?! საგანგებო მდგომარეობაა ქვეყანაში, გინდათ თუ არა ასეა და სირაქლემის პოზაში ყოფნით სულ დაღუპავთ სახელმწიფოს! დიახაც, თქვენ რომ ეს გაცნობიერებული გქონოდათ, ცეცხლოვან სტიქიურ უბედურებასც მომზადებული დახვდებოდით - ოკუპირებულ ქვეყანას 2 კინკილა შვეულმფრენი გვყავს, სირცხვილია, როდესაც მილიონებს ყრით გასართობ სისულელეებში და არ მოგიხდებოდათ შვეულმფრენების მათხოვრობა შორეულ და ახლო სამეზობლოში.

 საქმე ის არის, რომ წარმოდგენა არა გაქვთ თუ როგორი ქვეყნის ხელისუფლებაში ხართ და როგორ უნდა მართოთ იგი, სად და რა გარემოცვაში ვიმყოფებით, არაფერი იცით, მერე ბრინჯივით იბნევით თუ რაიმე მოხდა და არ იცით როგორ იმოქმედოთ! თვითდინებაზე ხართ, "ტივტივებთ", ერთადერთი თქვენი "ნუგეში", აშშ-ის საელჩოა, მთავარია, რომ, რასაც ისინი იტყვიან ის შეასრულოთ, რომ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, "რამე რომ იყოს", თავშესაფარზე უარი არ გითხრან ოკეანისგაღმა.

 აი, სულ ეგა ხართ, მეტსაც იმსახურებთ რომ გითხრათ, მაგრამ ამჯერად გაკმარებთ, ერთს დავამატებ, - თუ ასე გააგრძელებთ ქვეყნის "მართვას", გარანტირებული გაქვთ, - ქართველი ხალხის ეროვნული და სოციალური აფეთქება", - აცხადებს ჯუმბერ კირვალიძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45