ბორჯომის ხეობაში, დაბის ფერდობზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, საგანგებო შტაბი განცხადებას ავრცელებს

სამშაბათი, 22 აგვისტო, 2017 - 13:53

ბორჯომის ხეობაში, დაბის ფერდობზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, საგანგებო შტაბი განცხადებას ავრცელებს.

"ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზების პროცესში, ამ დროისთვის, 3 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე ტექნიკაა ჩართული, რომელთა მობილიზებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან განხორციელდა. გაიჭრა 3 კილომეტრიანი გზა არჯევანის ტყიდან ხანძრის მიმართულებით თროთის მთამდე, რამაც შესაძლებელი გახადა ხანძრის მთავარ კერამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეუფერხებელი გადაადგილება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო შტაბის წევრებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე რჩება. საგანგებო შტაბი შესაბამისი სამოქმედო გეგმით მუშაობს. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენელი, რომლებიც კოორდინირებულად მუშაობენ ხანძრის ლოკალიზებაზე.

გუშინ მაშველებმა მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება, თუმცა ძლიერი ქარის გამო ცეცხლის ახალი კერები სხვადასხვა ადგილზე ეტაპობრივად გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზებას ამ ეტაპზეც მეტეოროლოგიური პირობები ართულებს - ძლიერდება ქარი და ამასთან, ფიქსირდება მაღალი ტემპერატურა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ბორჯომის ხეობაში მობილიზებულია რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა, რომელიც ინტენსიურად ახორციელებს გზის გაწმენდით სამუშაოებს, ასევე სპეც-ტექნიკა მუშაობს მდინარის კალაპოტთან. სტიქიის ზონაში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 6 ერთეული წყალმზიდი ტექნიკა იმყოფება, ასევე ადგილზე მობილიზებულები არიან კომპანიის თანამშრომლები. კეთდება დროებითი წყალსადენის მილები და მოხდება ამ წყალსადენი ხაზის გაყვანა ხანძრის კერებთან ახლოს, რათა ოპერატიულად მოხდეს წყლის მიწოდება შესაბამისი სახანძრო და სამაშველო სამსახურებისთვის ხანძრის ჩასაქრობად.

სოფელ დაბაში მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი და რეანომობილი. ამ დრომდე მედპერსონალის დახმარება არავის დასჭირვებია.

ბორჯომში, სტიქიის ზონაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმყოფება. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის, თუმცა არსებობს სამოქმედო გეგმა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს სრული პრევენცია და მოსახლეობის გაყვანა.

ადგილზე მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ 15 ერთეული სატუმბი, 2 ლაფეტი, 10 ერთეული მძიმე და მსუბუქი ტექნიკა, ადგილზეა სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. ენერგეტიკის მინისტრის, ილია ელოშვილის განცხადებით, ბორჯომ-ბაკურიანის დამაკავშირებელი 300 მმ-ნი გაზსადენი, რომელიც ხანძრის ზონიდან დაახლოებით 4 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, შეუფერხებლად ფუნქციონირებს. ხანძრის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის გაზმომარაგებას საფრთხე არ ემუქრება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ასევე შეუფერხებლად მიეწოდება ელექტროენერგია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ბაკურიანის მთის მართვის დეპარტამენტი აქტიურად მონაწილეობს ბორჯომის ხეობაში არსებული ხანძრის ლოკალიზებაში. არჯევანიძეების ტყის მასივში მთელი ღამის განმავლობაში ბაკურიანის მთის მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები მძიმე ტექნიკით ტყეში გზების გაჭრას ახორციელებდნენ. გაკეთდა ცეცხლისთვის უსაფრთხოების კორიდორები, რომ არ მოხდეს ცეცხლის არეალის მომატება.

გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და დარგის ექსპერტების განცხადებით, ცეცხლის სწრაფად გავრცელება ძლიერმა ქარმა, რთულმა რელიეფურმა პირობებმა და ტერიტორიაზე არსებულმა ნახანძრალი მცენარეების, ბუჩქებისა და ბალახის სწრაფმა წვამ განაპირობა.

ხანძრის სრულად ჩაქრობის შემდეგ სატყეო სააგენტოს თანამშრომლები ტერიტორიაზე მორიგეობას რამდენიმე დღის განმავლობაში გააგრძელებენ. დაიწყება ტერიტორიის დეტალური შესწავლა, რომლის დროსაც დაზუსტდება გარემოზე მიყენებული ზიანი და დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები.

აღსანიშნავია, რომ ცეცხლით მოცული ტერიტორია წარმოადგენს საპროექტო ფართობს და მასზე ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება მიმდინარე წლის საშემოდგომო სეზონზე იგეგმებოდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55