აფხაზეთის ომის დაწყებიდან 25 წელი გავიდა

ორშაბათი, 14 აგვისტო, 2017 - 18:07

აფხაზეთის ომი, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვეს გაგრძელდა. ერთმანეთს  საქართველოს სამთავრობო ჯარები და სეპარატისტულად განწყობილი ეთნიკური აფხაზთა ერთი ნაწილი დაუპირისპირდა,  სეპარატისტთა მხარეს ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები - ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი, დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში.

1992 წლის 14 აგვისტოს დილის შვიდ საათზე საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. ამის შესახებ ინფორმირებული იყო აფხაზეთის ხელმძღვანელობა და ეს ოპერაცია კომუნიკაციების დაცვას ითვალისწინებდა, თუმცა აშკარა იყო, რომ ამ აქციით სახელმწიფო საბჭო ავტონომიურ რესპუბლიკაში სეპარატიზმის განეიტრალებას ცდილობდა.

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაძაბულობამ საშიშ ზღვარს 1992 წელს მიაღწია, როდესაც აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა სამთავრობო სტრუქტურების შენობებს შეუტიეს. 1992 წლის 23 ივლისს, აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა ხელმძღვანელობამ რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ განაცხადა. ამ განცხადებას საერთაშორისო აღიარება არ მოჰყოლია, თუმცა უკიდურესად დაძაბა სიტუაცია ცენტრსა და ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას შორის, ისევე როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში.  ამრიგად, 1992 წლის 23 ივლისის დადგენილებით ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს კონსტიტუციის მოქმედება შეჩერდა. ცენტრსა და რეგიონს შორის დაწყებული იურიდიული ომი 22 დღეში შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

საქართველოს პოლიციას წინ მიუძღოდა სოხუმის ბატალიონი სოსო ახალაიას მეთაურობით, რომელიც სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის შემდეგ უბრუნდებოდა დისლოკაციის ადგილს. შემდეგ მოდიოდა შენაერთი თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსის დ.ზეიკიძის მეთაურობით. მეორე შეტაკება გულრიფშის რაიონის დასახლება აგუძერაში მოხდა, რომლის დროსაც განადგურდა ქართველთა ერთი ჯავშანმანქანა. შეტაკება მოხდა აგრეთვე გულრიფშის რაიონ სოფ. მაჭარასთან, სადაც დაიჭრა ერთი ქართველი და დაიღუპა აფხაზი მებრძოლი. პირველი გასროლა ოჩამჩირის რაიონის სოფ. ოხურეისთან მოხდა, რის შემდეგაც კონფლიქტი დაიწყო.

კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 20,000-დან 30,000-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250,000-ზე მეტი ადამიანი კი აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა. კონფლიქტის განმავლობაში ორივე მხარის მიერ ჩადენილი იქნა უამრავი სამხედრო დანაშაული, მათ შორის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. მოკლული იქნა 2,500-დან 4,000-მდე აფხაზი, 20,000 აფხაზი კი ლტოლვილად იქცა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45