პარლამენტის თბილისის სასახლის ეზოში 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა - „ომი ჩვენს ობიექტივში“ გაიმართა

სამშაბათი, 08 აგვისტო, 2017 - 14:47

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის თბილისის სასახლის ეზოში 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა - „ომი ჩვენს ობიექტივში“ გაიმართა.

გამოფენის დამთვალიერებლებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიესალმა და ცხრა წლის წინ, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, ტრაგიკულ დღეებზე და ქართველი გმირების თავდადებაზე ისაუბრა.

„დღეს საქართველოს პარლამენტი ძალიან საინტერესო ფოტოგამოფენას მასპინძლობს, რომელიც ასახავს იმ დღეებს, რაც ჩვენ ცხრა წლის წინ ყველამ ერთად გამოვიარეთ. ეს იყო ძალიან ტრაგიკული დღეები, რომლებიც ძალიან კარგად გვახსოვს და ამავდროულად, ეს იყო ის დღეები, როდესაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა სამშობლოს წინაშე თავგანწირვა და ნამდვილი გმირობა გამოავლინეს. შესაბამისად, დღევანდელ ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილია როგორც ამ დღეების ტრაგედიის კადრები, ასევე მათში ასახულია ჩვენი მოქალაქეების გმირობა და თავდადება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ გამოფენაში მონაწილე ხუთ ფოტოგრაფს - გიორგი აბდალაძეს, ზურაბ ქურცუკიძეს, ივანე შლამოვს, ნოდარ ცხვირაშვილს და გლებ გორანიჩის მადლობა გადაუხადა ქვეყნის წინაშე გამოვლენილი გმირობისთვის და გაწული ღვაწლისთვის.

„ესენი ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი ფოტოგრაფები არიან, რომელთაც არაერთი ისტორიული მოვლენა აქვთ აღბეჭდილი თავიანთ ფოტო ობიექტივში და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო მათ ამ დღეების ისტორიის შემონახვისთვის და იმ გმირობისთვის, რომელიც მათ სამშობლოსთვის აქვთ ჩადენილი. ეს ნამდვილად ფასდაუდებელი ღვაწლია ჩვენი ქვეყნის წინაშე. ჩვენ გამოვიარეთ ძალიან ტრაგიკული დღეები, თუმცა ამასთან ერთად, ეს იყო ჩვენი თანამოქალაქეების, ჩვენი სამხედროების, ჩვენი ფოტოგრაფების გმირული დღეები და ჩვენი ვალია ეს ყველაფერი მუდამ გვახსოვდეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

აგვისტოს ომის უმძიმესი დღეები ფოტოხელოვანმა, გიორგი აბდალაძემ გაიხსენა და ომის დროს დაღუპული ჟურნალისტების და ფოტოგრაფების ხსოვნას პატივი მიაგო.

„ჩვენ, ფოტოგრაფებმა შევეცადეთ კიდევ ერთხელ შევახსენოთ მოსახლეობას და ჩვენს თავს, თუ რა უმძიმესი პერიოდი გვქონდა 2008 წელს. ჩვენდა სამწუხაროდ აგვისტოს ომში დაიღუპნენ ჩვენი კოლეგები, ჟურნალისტები და ფოტოგრაფები და გვინდა იმ ადამიანების ხსოვნას პატივი მივაგოთ. ჩვენი არაერთი კოლეგა იყო ომის წინა ხაზზე და თავისი ობიექტივებით და ფოტოაპარატებით ასახავდნენ იმ რეალობას რაც იმ დღეებში ჩვენ ქვეყანაში ხდებოდა“, - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები პარლამენტის წევრებმა, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და თბილისის საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს. გამოფენა დღის ბოლომდე გაგრძელდება და მისი დათვალიერება დაინტერესებულ პირებს თავისუფლად შეეძლებათ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61