ავღანეთში დაღუპული მშვიდობისმყოფელის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს

, 06 აგვისტო, 2017 - 18:58

ავღანეთში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროს ცხედარი თბილისის სამთავრობო აეროპორტში დღეს ჩამოასვენეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით სპეციალური რეისით ბაგრამის საავიაციო ბაზიდან გადმოასვენეს.

გმირულად დაღუპული მშვიდობისმყოფელის გადმოსვენებასთან დაკავშირებით აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონიალი ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის თანხლებითა და სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულებული სამგლოვიარო მარშის აკომპანირებით გაიმართა. სამგლოვიარო ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრნენ.

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში დაღუპულ გმირ სამხედროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ მიაგეს პატივი. აეროპორტში იმყოფებოდნენ მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2017“ მონაწილე ქართველი და ამერიკელი სამხედროებიც.

დაღუპული სამხედროს ცხედარს საქართველოში გადმოსვენებამდე პატივი ავღანეთშიც მიაგეს. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში უმცროსი სერჟანტ მდინარი ბებიაშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის შემდეგ, სამგლოვიარო ცერემონია ბაგრამის აეროპორტში გაიმართა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აპრილიდან ასრულებდა. ის 3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

უმცროსი სერჟანტი მდინარი საბას ძე ბებიაშვილი (დაბ. 23.10.1991) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან ირიცხებოდა. იგი სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონში ათეულის მეთაური იყო. სკოლის დასრულების შემდეგ (2010 წელს) საკუთარი სურვილით საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის საფუძველზე ჩაირიცხა. უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ - 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“.

ამჯერად, კი, უკვე მესამედ ის ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. მან გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ათეულის მეთაურის კურსი გაიარა. მონაწილეობდა უკრაინაში გამართულ საერთაშორისო სწავლებაში “Rapid Trident 2013”.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61