ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში არცერთ ქვეყანას არ მიეცემა უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები - მაიკ პენსი

სამშაბათი, 01 აგვისტო, 2017 - 16:23

ჩვენ თქვენს გვერდზე ვდგავართ იმიტომ, რომ ქართული ანდაზა ამბობს - „ძალა ერთობაშია“. შესაბამისად, ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით. აქ აშშ-ის პრეზიდენტის დავალებით ვიმყოფები, რათა მადლობა გადაგიხადოთ იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ სამშობლოს თავისუფლების დასაცავად უწევთ. თქვენ საუკეთესონი ხართ! აშშ და საქართველო საერთო ღირებულებებს იზიარებენ, რაც თავისუფლებისკენ სწრაფვას გულისხმობს. აქ ვდგავართ იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ ურყევ პარტნიორობას და ქართველ მეგობრებს ვუთხრათ, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, - ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2017“ მონაწილე ქართველ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე.

სიტყვით მიმართვისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა სწავლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასა და საქართველოს შორის უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

„ერთობლივი წვრთნები ამის ნათელი გამოხატულებაა. იმისთვის, რომ ჩვენ უფრო ძლიერები გავხდეთ, „ღირსეული პარტნიორი 2017“ თავს უყრის საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს. ეს საშუალებას აძლევს საქართველოს თავი დაიცვას მომავალში, აძლევს საშუალებას ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების მონაწილე გახდეს. გარწმუნებთ, რომ ამერიკა და ჩვენი მოკავშირეები დიდ აქცენტს აკეთებენ საქართველოს უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა მაიკ პენსმა,

მაიკ პენსმა ავღანეთში დაღუპული ქართველი მშვიდობისმყოფელებიც გაიხსენა და ხაზი გაუსვა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები ამერიკელ ხალხს მუდამ ემახსოვრება.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააჟღერა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში არცერთ ქვეყანას არ მიეცემა უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები.

„ღირსეული პარტნიორი 2017“-ში მონაწილე ქართულ და ამერიკულ სამხედრო ქვედანაყოფებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მიესალმნენ.

„ჩვენი ქვეყნების შეიარაღებული ძალები გვერდი-გვერდ იმყოფებიან ქართულ მიწაზე ჩვენი ღირსების, უსაფრთხოების და თავისუფლების დასაცავად. ამიტომაც ბრძანდებით ღირსეულები და თქვენი პარტნიორობა ჩვენი საერთო კეთილდღეობისათვის უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება მრავალეროვნული სწავლებისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

 „სახელწოდება - „ღირსეული პარტნიორი“ შემთხვევით არ შერჩეულა. ეს სახელი, ჩვენმა სამხედროებმა იმ წვლილისთვის, სანდოობისა და თავდადებისთვის დაიმსახურეს, რომელიც მათ საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეაქვთ. ამ გამოწვევების წინაშე მდგარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე დემოკრატიული განვითარების მტკიცე მხარდაჭერაა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა..

ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე გამართული ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებს პირადად გაესაუბრა და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.

„ღირსეული პარტნიორი 2017“-ში მონაწილე სამხედროებთან შეხვედრით მაიკ პენსმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46