ეს ხელისუფლება იმართება ერთი ადამიანის მიერ და ანგარიშვალდებულია ასევე მხოლოდ ერთი ადამიანის წინაშე - ნიკა მელიამ მაილ პენსს სიტყვით მიმართა

სამშაბათი, 01 აგვისტო, 2017 - 19:20

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია, სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს შეხვდა და სიტყვით მიმართა.

"მსურს, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი საქართველოში სტუმრობისთვის. ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ არწმუნებს და იმედით აღავსებს საქართველოს პატრიოტებს და მათ, ვისაც სჯერა, რომ ჩვენი მომავალი აშშ-თან სტრატეგიულ მოკავშირეობაში, ნატოს სრულფასოვან წევრობაში, ჩვენი დემოკრატიის კონსოლიდაციაში, თავისუფალი ბაზრის განვითარებასა და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების არსებობაშია.

ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთვის წარმოადგენს მაგალითს. ჩვენ თქვენგან ვსწავლობთ თუ რა მიღწევები მოაქვს ხალხისთვის დემოკრატიას. არც ერთი ქართველი და, მითუმეტეს, ჩემი პარტიის წევრი, არ დაივიწყებს იმ განუზომელ პოლიტიკურ და ფინანსურ რესურსს, რაც ბოლო 25 წლის განმავლობაში აშშ-ს აქვს გაღებული საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, მსურს, ვისაუბრო იმ საფრთხეზე, რომელიც ჩვენს დემოკრატიას ემუქრება.

სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვა შანსი, ქვეყნის სასარგებლოდ გამოეყენებინა 2012 წელს ჩემი პარტიის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დამკვიდრებული ხელისუფლების მშვიდობიანი, არჩევნების გზით გადაბარების პრეცედენტი. საარჩევნო დაპირებების შესრულებისა და საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესების ნაცვლად, რომელთა უმრავლესობა სიღარიბეში ცხოვრობს, ეს ხელისუფლება ახორციელებს პროდასავლური ოპოზიციისა და მედიის დევნას, სასამართლოს პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას და ერთპარტიულად ცვლის კონსტიტუციას საკუთარი ძალაუფლების გახანგრძლივების მიზნით.

ბატონო ვიცე პრეზიდენტო, მეტად მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ეს ხელისუფლება იმართება ერთი ადამიანის მიერ და ანგარიშვალდებულია ასევე მხოლოდ ერთი ადამიანის წინაშე, რომელსაც არ უკავია არავითარი ოფიციალური თანამდებობა. ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავისი ქონება დააგროვა 1990-იანი წლების რუსეთში და არის გაზპრომის აქციონერი. თავის მხრივ, ივანიშვილი, რომელიც დე-ფაქტო მართავს ქვეყანას, არ არის ანგარიშვალდებული არავის მიმართ. შესაბამისად, 2012 წლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგად პირველად ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაცემის შემდეგ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯების ნაცვლად, საქართველო იქცა კიდევ ერთ ოლიგარქიულ პოლიტიკურ სისტემად პოსტ-საბჭოთა სივრცეში.

ჩემი პარტია, რომელიც ხელისუფლებაში იყო 9 წლის განმავლობაში და რომელმაც საფუძველი ჩაუყარა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მიზნად ისახავდა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევადობას. ჩვენ ამ გზას ვაგრძელებთ ოპოზიციაშიც და წარმოვადგენთ ამ მთავრობის ყველაზე ძლიერ ალტერნატივას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვართ მიზანმიმართული პოლიტიკურად მოტივირებული დევნის ობიექტი ხელისუფლების მხრიდან. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც, როგორც მოგეხსენებათ, ახლახანს ჩამოართვეს უკრაინის მოქალაქეობა, 2013 წელს გაძევებულ იქნა საქართველოდან და ქართული პოლიტიკური სივრციდან პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე. როგორც ჩანს, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ოლიგარქების ხელწერას წარმოადგენს. ჩვენი სხვა ლიდერები კვლავაც რჩებიან პატიმრობაში.

მიუხედავად პროდასავლური რიტორიკისა, ეს ხელისუფლება რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას არა მარტო პროდასავლური ოპოზიციისა და მედიის დევნით, არამედ პრორუსული ძალების გაძლიერებით, პრორუსული პროპაგანდის ხელშეწყობითა და დაფინანსებით, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს საზოგადოების პრორუსული განწყობის გაძლიერებას და პუტინის რეჟიმთან დამაზიანებელ გარიგებებს, რომლის მაგალითად გვაქვს საქართველოს მთავრობის მიერ გაზპრომთან ფარულად დადებული ქვეყნისთვის დამაზიანებელი ხელშეკრულება. ამის შედეგად, ბოლო 4 წლის განმავლობაში საზოგადოების მხარდაჭერა ნატოში გაწევრიანების მიმართ 15%-ით შემცირდა. სწორედ ამიტომ, თქვენი ვიზიტი და სხვა მკაფიო სიგნალები აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისა საქართველოს დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური მომავლისადმი დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსის შეუქცევადობა ჩვენი საერთო ინტერესია, რადგან საქართველოს წარმატება მნიშვნელოვანი პოზიტიური ფაქტორი იქნება მთელი რეგიონისთვის. ეს რეალობა კარგად ესმის პუტინს და სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ტრანსფორმაციას მის სამეზობლოში, რასაც მისი ავტორიტარული რეჟიმის მთავარ საფრთხედ აღიქვამს.

ჩვენ დღეს ვიმყოფებით თბილისის ცენტრში, საიდანაც ერთი საათის სავალზე დგანან რუსული ტანკები, რაც არამდგრადი ხელისუფლების პირობებში მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით. თავის მხრივ, სოციალური დაუცველობა და უპერსპექტივობის განცდა იწვევს იმედგაცრუებას ჩვენს მიერ გაცხადებულ მიზნებში და ხელს აძლევს რუსეთს, რომელიც პროპაგანდის უამრავი საშუალებით ცდილობს დაარწმუნოს ქართული საზოგადოება, რომ დასავლეთმა დაკარგა ჩვენს მიმართ ინტერესი.

რუსეთი დღემდე არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას და განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს საკითხები კვლავაც მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობების დღის წესრიგში.

მე, როგორც ყველაზე დიდი პროდასავლური ოპოზიციური პარტიის ლიდერს, მსურს დაგარწმუნოთ, რომ გავაკეთებთ ყველაფერს რაც ჩვენს შესაძლებლობებშია, რათა ამ ოლიგარქიულ ხელისუფლებას არ მივცეთ საქართველოს სტრატეგიული ევროატლანტიკური გზიდან გადახვევის საშუალება. ასევე, ვიმედოვნებთ, რომ თქვენ გაუგზავნით საქართველოს დემოკრატიული მომავლის მხარდაჭერის მკაფიო გზავნილს და დაარწმუნებთ მათ, გამოიყენონ კონსტიტუციური პროცესი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, შეწყვიტონ დამოუკიდებელი მედიისა და პროდასავლური ოპოზიციური პარტიების დევნა, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება ან ქვეყნიდან განდევნა, როგორც პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის შემთხვევაში - ადამიანის, რომლის ლიდერობითაც გატარებული რეფორმების შედეგად შეიქმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო.

ამერიკელი ხალხი ყოველთვის იყო საქართველოს მთავარი პარტნიორი თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში და დარწმუნებული ვართ ასე იქნება თქვენი ადმინისტრაციის პირობებშიც. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას საქართველოში სტუმრობისთვის", - განაცხადა ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46