საქართველოს ეროვნული პლატფორმა აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შაბათი, 22 ივლისი, 2017 - 13:43

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები ვგმობთ აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცების ფაქტს. დაზარალებულის და მისი ადვოკატის განცხადებით, იგი თბილისში ქართულენოვანმა პირებმა დააკავესდა აზერბაიჯანის საზღვარზე უკანონოდ გადაიყვანეს. ამასთანავე, მას აღენიშნება მრავლობითი ფიზიკური დაზიანებები.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური პირები, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, ევროკავშირი, სამოქალაქო საზოგადოება და მათ შორის საქართველოს ეროვნული პლატფორმა მრავალგზის მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას, სრულყოფილად, გამჭვირვალედ და დროულად გამოეძიებინა ჟურნალისტის საქმე, გამოძიება ჭიანურდება და დეტალური ინფორმაცია საზოგადოებისთვის ისევ უცნობია. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი კი კვლავ პატიმრობაში იმყოფება.

ამასთანავე, ევროპარლამენტის მიერ აფგან მუხთარლის საქმეზე მიღებულ სპეციალურ რეზოლუციაშიც ხაზგასმულია, რომ მნიშნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ ნათელი მოჰფინოს ყველა იმ ეჭვს, რომელიც უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების ჩართულობას ძალის გამოყენებით ჟურნალისტის გაუჩინარებაში, მოუწოდებს ხელისუფლებას დაიცვას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები და უზრუნველყოს, მუხთარლის საქართველოში, საკუთარ ოჯახში დაბრუნება.

საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ გამოძიებას ჰქონდა საკმარისი დრო საქმის ობიექტური და დეტალური გამოძიებისთვის, თუმცა პროცესიცალსახად ფერხდება, რაც ლახავს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას საქართველოში, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ქვეყნის კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული, დემოკრატიული, ღირსეული განვითარების გზაზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მოხდეს საზოგადოების დეტალური ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ობიექტურად იქნას გამოძიებული აფგან მუხთარლის საქმე და დაისაჯონ დამნაშვეები.

ამასთანავე, საქმისადმი არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მივმართავთ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, უზრუნველყოს შესაბამისი უწყებების პირველი პირების დაბარება და მათი მოსმენა კომიტეტზე მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით.ხოლო საქართველოს პარლამენტმა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის დროებითი საგამოძიებო კომისია, რათა დროულად გაეცეს პასუხები აღნიშნული საქმის ირგვლივ არსებულ შეკითხვებს", - განცხადებას საქართველოს ეროვნული პლატფორმის 65 ორგანიზაცია აწერს  ხელს. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61