რესპუბლიკელები ხელისუფლებას ჩიხური ვითარებიდან გამოსავალს სთავაზობენ

ხუთშაბათი, 20 ივლისი, 2017 - 17:36

საქართველოს რესპუბლიკური პარტია საპარლამენტო არჩევნების წესთან დაკავშირებით  თავის პოზიციას ავრცელებს და ხელისუფლებას კომპრომისს სთავაზობენ.

„რესპუბლიკელებმა“ 2017 წლის 10 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს მივმართეთ და გავუზიარეთ ჩვენი პოზიცია საპარლამენტო არჩევნების წესთან დაკავშირებით. რაკი ამჟამად სხვადასხვა პარტია ჯგუფურად თუ ინდივიდუალურად აქვეყნებს საკუთარ პოზიციებს ამ საკითხთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, გავასაჯაროოთ 10 ივლისის დოკუმენტი:

ხელისუფლების მიერ საპარლამენტო არჩვენებთან დაკაშირებით მიღებული ძირითადი და დროებითი (ერთჯერადი 2020 წლისთვის დადგენილი) წესი არ ქმნის საპარლამენტო მმართველობის მქონე ქყვენებისთვის დამახასიათებელ პირობებს. პროპორციულ სისტემას ამოფარება და ისეთი ბარიერისა და დათვლის წესის მიღება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ერთ პოლიტიკურ გუნდს მიითვისოს ის ხმებიც კი, რომლებიც მის წინააღმდეგ არის მიცემული, პრინციპულად არასწორი და დაუშვებელია.

ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნავთ, რომ 2024 წლისთვის ასამუშავებლად 2 მოსმენით მიღებული პროექტი არანაკლებ ცუდია, ვიდრე 2020 წლისთვის განსაზღვრული არჩევნების ერთჯერადი წესი (3% ბარიერი და 50% მაჟორიტარული სისტემა).

რესპუბლიკელები საპარლამენტო მოდელზე გადასვლის ერთადერთ შესაძლებლობას ვხედავთ საპარლამენტო არჩევნების არსებული წესის პროპორციული სისტემით შეცვლით, მხოლოდ შემდეგი პირობებით:

ა) 3% ბარიერის მუდმივ კონსტიტუციურ ნორმად შემოღება

ბ) საარჩევნო ბლოკების შენარჩუნება და

გ) მანდატების განაწილების სამართლიანი წესის დადგენა.

მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ პრინციპულ საკითხზე გაეგზავნა ოპოზიუციური პარტიების გაერთიანებული წერილი ვენეციის კომისიას 2017 წლის 6 ივლისს.

რესპუბლიკელები ერთგული ვრჩებით ამ პოზიციის. ბვერ ევროპულ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებისათვის დადგენილი ბარიერი არის დაბალი, რაც მრავალფეროვანი საპარლამენტო წარმომადგენლობის წინაპირობას ქმნის და ამომრჩევლის ნებას უფრო სრულყოფილად ასახავს. ამდენად, ერთჯერადად განსაზღვრული 3% ბარიერი უნდა აისახოს კონსტიტუციის ძირითად და არა გარდამავალ დებულებებში.

მანდატების განაწილების შემოთავაზებული ე.წ. ბონუსის სისტემა არის მხოლოდ 2 ქვეყანაში: იტალიასა და საბერძნეთში. არ მიგვაჩნია აუცილებლად ამ გამონაკლისების გზით სიარული. ჩვეულებრივ, ბონუსური სისტემა არ არის დამახასიათებელი კოალიციურ მმართველობისკენ მიდრეკილი ევროპული პოლიტიკური კულტურისთვის. ზემოთ მოხსენიებულ ორივე ქვეყანაშიც კონტროლირებადი (ზღვრული) ბონუსი შემოიღეს პოლიტიკური სტაბილურობისთვის – საბერძნეთში დროებით ღონისძიებად, ხოლო იტალიაში ბონუსის ქვედა მაღალი ზღვარი და ზედა დაბალი ზღვარი დადგენილია, რასაც აბსოლუტურად არ შეესაბამება ქართული ვერსია.

ხელისუფლების მიერ მაგალითად მოხმობილ იტალიაში, პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის ულიმიტო ბონუსი მოქმედებდა 2005 წლიდან 2014 წლამდე, რაც 2014 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა. შედეგად, დაწესდა ქვედა ზღვარი მინიმუმ 40% და ზედა ზღვარი 54%–მდე. იტალიაში, ამავდროულად, დაშვებულია საარჩევნო ბლოკები და ბარიერი არის 3%.

საქართველოში ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის პროექტის თანახმად, ქვედა ზღვარი 40%–ზე ნაკლებია და ზედა ზღვარი 59%–მდე ადის, პრაქტიკულად სხვაობა ორჯერ მეტია, ვიდრე იტალიაში. სხვათაშორის, პირველ ადგილზე გასული საარჩევნო სუბიექტი იქაც კოალიციაა. აქვე უნდა დავამატოთ, რომ იტალიაში 3% ბარიერის არსებობის გამო გადაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე საქართველოში შემოთავაზებული 5% ბარიერის პირობებში იქნება.

საბერძნეთში საარჩევნო ბარიერი არის 3%, ასევე დაშვებულია საარჩევნო ბლოკები და მაღალი 16.7% ბონუსი პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის, მიჩნეულია დროებით ნორმად, რადგან 2016 წელს მიღებული კანონით ეს დროებითი ნორმა (ბონუს სისტემის დამდგენი) მხოლოდ ორი საპარლამენტი არჩევნების მანძილზე იმოქმედებს.

საქართველოში ხელისუფლების „შეუვალი“ მიდგომების გამო შექმნილი ჩიხური ვითარებიდან გამომდინარე, რესპუბლიკური პარტიის მხრიდან კომპრომისი შესაძლებლად მიგვაჩნია მხოლოდ ერთ შემთხვევაში. კერძოდ, დასაშვებია პროპორციული სისტემის ფარგლებში მანდატების დ’ონტის წესით განაწილება, რაც პირველ ადგილზე გასულ პარტიას ანიჭებს უპირატესობას მანდატების განაწილების არსებულ წესთან მიმართებაში, მაგრამ არ არის ისეთი უსამართლო, როგორც 2 მოსმენით მიღებული ბონუსური სისტემა.

ამასთანავე, დ’ონტის წესით მანდატების განაწილება დაუშვებელია ბარიერის 3%–მდე ჩამოწევის გარეშე, რადგან გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა იყოს მცირე, უფრო ადეკვატურად იყოს ასახული ამომრჩევლის ნება, ანუ პირველ ადგილზე გასული პარტიის წინააღმდეგ მიცემული ხმები არ იქცეს მის მანდატებად. ხელისუფლება კი სწორედ ამას აკეთებს, რაც ხმების მიტაცებაა", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61