ქართველი ხალხის ოცნება, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, აუცილებლად ახდება - ირაკლი კობახიძე

ხუთშაბათი, 13 ივლისი, 2017 - 12:51

ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ოცნება, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, აუცილებლად ახდება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში, მე-14 საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საქართველომ დემოკრატიული განვითარების მიმართულებით ფუნდამენტური წინსვლა განიცადა, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საყოველთაოდ არის აღიარებული. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გასული 26 წლის განმავლობაში, საქართველოში თვისებრივად გაიზარდა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი, გაძლიერდა დემოკრატიული ინსტიტუტები.

„ამ პროცესში განუზომელია საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების როლი, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით მათ. საქართველო და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ერთგული არიან დემოკრატიული ფასეულობების მიმართ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სახელმწიფოებრიობის 26-წლიანი გამოცდილების საფუძველზე, ქვეყანა დემოკრატიული კონსოლიდაციის თვისებრივად ახალ ეტაპზე გადადის და საქართველოში ამჟამად მიმდინარე ფართომასშტაბიანი საკონსტიტუციო რეფორმა სწორედ ამ ისტორიულ ამოცანას ემსახურება.

„საქართველოში ამჟამად მიმდინარე ფართომასშტაბიანი საკონსტიტუციო რეფორმა სწორედ ამ ისტორიულ ამოცანას ემსახურება. მისი მიზანია, ქვეყნის ძირითადი კანონის სრულ შესაბამისობაში მოყვანა კონსტიტუციონალიზმის თანამედროვე პრინციპებთან, სახელმწიფო მმართველობის ფორმის დახვეწა, საქართველოს გრძელვადიანი დემოკრატიული და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა და შედეგად, ევროპულ ოჯახში საქართველოს ადგილის დამკვიდრება. კონსტიტუციური დემოკრატია არის ის საფუძველი, რომელსაც უნდა ემყარებოდეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოების პოლიტიკა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დემოკრატიულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფო მმართველობა რეგიონული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დემოკრატიული სახელმწიფოები საერთაშორისო პრობლემების გადასაწყვეტად ყველაზე ნაკლებად ირჩევენ ომსა და ძალადობას.

„დემოკრატიული სახელმწიფოები საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტისათვის ყველაზე ნაკლებად ირჩევენ ომსა და ძალადობას. მათ სჯერათ, რომ ურთიერთთანამშრომლობის გზით მოქმედება უფრო წარმატებული და შედეგიანია. „ისინი, ვისაც არ ახსოვთ წარსული, განწირული არიან მისი გამეორებისთვის“ - ესპანელი ფილოსოფოსის ჯორჯ სანტაიანას ეს ფრაზა, ალბათ, არასდროს ყოფილა ასეთი აქტუალური. „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, ჩვენს რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ თანამშრომლობის პირობებში უსაფრთხოების ხარისხი იზრდება და პირიქით, თანამშრომლობაზე უარის თქმას ყოველთვის უარყოფითი შედეგი მოაქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა მხოლოდ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის უზრუნველყოფითაა შესაძლებელი.

ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ამ ისტორიული გამოცდილებით შეიარაღებულებს ჩვენ მყარად გვწამს, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ თანამშრომლობით, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის უზრუნველყოფით. ამრიგად, რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი განზომილება რეგიონული თანამშრომლობაა. გულწრფელი, მჭიდრო და კონსენსუსზე ორიენტირებული საერთაშორისო თანამშრომლობა იძლევა ერთმანეთის ინტერესების გაზიარების, პოზიციების დაახლოებისა და კონფლიქტების პრევენციის საუკეთესო საშუალებას. ევროკავშირი ამ მიდგომის ყველაზე ნათელი გამოხატულებაა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ევროპაში ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიღწევაში ევროკავშირის დამსახურებას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ მიღწევას გაფრთხილება სჭირდება და განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში კონფლიქტების დეესკალაციას.

„ევროპულმა პროექტმა ბევრ ისტორიულ ქარტეხილს, გამოწვევასა და სირთულეს გაუძლო და უკვე მრავალი წელია, წარმატებით ვითარდება. სწორედ ევროკავშირის დამსახურებაა ევროპაში უპრეცედენტოდ ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა. ამ მიღწევას განსაკუთრებული გაფრთხილება ესაჭროება. ამისათვის, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში კონფლიქტების დეესკალაციას და ახალი კონფლიქტების პრევენციას. მართალია, საქართველოში ამჟამად არ გვაქვს კონფლიქტების ე.წ. ცხელი ფაზა, თუმცა, როგორც თანამედროვე ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გერმანიის ყოფილი კანცლერი, ჰელმუტ კოლი იტყოდა - „მშვიდობა უფრო მეტია, ვიდრე ომის არარსებობა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოში კვლავ მიმდინარეობს ქვეყნის მცოცავი ოკუპაცია. სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული სირთულეებისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება, რაც ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და ხელისუფლების ისტორიული მისიაა.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, ასიათასობით ჩვენს მოქალაქეს ეზღუდება ფუნდამენტური უფლება - არ ცხოვრობდეს დევნილობაში საკუთარ სამშობლოში. მიუხედავად იმ სირთულეებისა და გამოწვევებისა, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე მის ევროპულ გზაზე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ოცნება, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, აუცილებლად ახდება. ეს არის ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი და ჩვენი ხელისუფლების ისტორიული მისია“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე 13-14 ივლისს ბათუმში, მე-14 საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ იღებს მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42