მინისტრმა მსოფლიო თასის გამარჯვებული ირმა ხეცურიანი ინახულა

ორშაბათი, 10 ივლისი, 2017 - 16:57

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს საქართველოს 2016 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი, მსოფლიო თასის მორიგ ეტაპში გამარჯვებული, მოფარიკავე ირმა ხეცურიანი „ნიუ ჰოსპიტალსში“ მოინახულა. მინისტრთან ერთად ირმას მისი თანაგუნდელი ნინა თიბილაშვილიც ესტუმრა.

ირმამ მსოფლიო თასის მორიგი ეტაპი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მოიგო. ფინალში მან მაღალი სიცხით იასპარეზა და ავადმყოფობის მიუხედავად, ტაილანდელი მეტოქე 15:8 დაამარცხა. ქართველმა პარასპორტსმენმა კარიერაში მეექვსედ მოიგო მსოფლიო თასის ეტაპი. ეს მისი მეორე გამარჯვებაა მიმდინარე სეზონში - მარტში ირმამ იტალიის ქალაქ პიზაშიც გაიმარჯვა.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სპორტსმენის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც ირმას სარეაბილიტაციო კურსის გავლა საავადმყოფოში მოუხდა. ირმასთან ერთად პოლონეთში წარმატებას მიაღწია ნინო თიბილაშვილმაც, რომელმაც ოქროს და ვერცხლის მედლები მოიგო.

„ბოლო პერიოდში ჩვენი სპორტსმენები დიდი წარმატებებით გვანებივრებენ და მიხარია, რომ მათ პარასპორტსმენებმაც მიბაძეს. ირმამ პოლონეთში ნამდვილი გმირობა ჩაიდინა, როცა მაღალი სიცხის მიუხედავად ასპარეზობას არ გამოეთიშა და მეტიც, ფინალში გასულმა ოქროს მედალი მოიპოვა. ეს უდავოდ განსაკუთრებული შემთხვევაა და მინდა ირმას ამ გმირობისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ასევე მადლობის და ქების ღირსია ნინო თიბილაშვილიც, რომელიც პოლონეთიდან უმაღლესი სინჯის მედლით დაგვიბრუნდა. შარშან, რიოს პარალიმპიადაზე ოქროს მედალი ჩვენმა ძიუდოისტმა მოიგო, ჩვენი პარამოფარიკავეების ბოლოდროინდელი წარმატებები კი ნამდვილად მაძლევს ტოკიოს ოლიმპიადაზე მეტ წარმატებაზე ფიქრის საბაბს. მსურს ირმას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო, მას და ნინოს კიკიდევ უფრო დიდი წარმატებები“, - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„პოლონეთში მართლაც მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, თუმცა ვძლიე საკუთარ თავს და ოქროს მედალი მოვიპოვე. ძალიან გამიხარდა მინისტრის სტუმრობა. მსურს მადლობა გადავუხადო მას ამ ყურადღებისთვის“, - განაცხადა ირმა ხეცურიანმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45