ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ვართ ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს სტარსბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს - ეკა ბესელია

შაბათი, 01 ივლისი, 2017 - 16:57

ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ვართ ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, პატივს სცემს იმ ფასეულობებს და ღირებულებებს, რომელიც აქვს ევროპულ ოჯახს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, გამართულ სამუშაო შეხვედრაზე „ეფექტური საპარლამენტო კონტროლი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე“.

მისასალმებელ სიტყვაში ეკა ბესელიამ ყურადღება გაამახვილა სტრასბურგში გამართულ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დამტკიცებულ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების შესახეხ ანგარიშზე, სადაც აღნიშნულია საქართველოს პროგრესი აღსრულების ზედამხედველობის კუთხით.

„საპარლამენტო ასამბლეამ ხუთშაბათს, ახალი ანგარიში დაამტკიცა და საქართველოს ძალიან კარგი შედეგი აქვს. ჩვენ უკვე მოვიხსენიებით იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც საპარლამენტო კონტროლის კარგი მექანიზმი აქვს. შესაბამისი ცვლილები პარლამენტის რეგლამენტში 2016 წელს განხორციელდა. ცვლილებათა პროექტი მოვამზადეთ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, როდესაც ამ კომიტეტში ვიყავი და ეს იყო ორწლიანი მუშაობის შედეგი. საპარლამენტო ასამბლეა წლებია ითხოვს ევროსაბჭოს წევრი ყველა ქვეყნისგან, რომ პარლამენტში ჰქონდეთ აღსრულებაზე ზედამხედველობის კონტროლი. ჩვენ ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის პირველი ქვეყანა, ვინც ეს გააკეთა და ამ ნაბიჯით, პირველ რიგში, ვაჩვენეთ პოლიტიკური ნება, რომ მზად ვართ ასეთი ტიპის კონტროლის მექანიზმი გვქონდეს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტში წელს პირველად შემოვიდა ანგარიში და იუსტიციის სამინისტრომ ძალიან კარგი მუშაობის შედეგად აჩვენა, რომ საქართველოს აქვს ძალიან ცოტა შეუსრულებელი საქმე - დარჩენილია მხოლოდ 3%. 65 გადაწყვეტილება აღსრულებულია და 35 მიმდინარე საქმეა პროცესში.

„საქართველოს არ აქვს ის ცუდი მაჩვენებელი, რომელიც წინა წლებში ჰქონდა. ჩვენ არ ვართ იმ 10 ქვეყანას შორის, რომელიც დასახელდა როგორც ყველაზე ცუდი შემსრულებელი. მინისტრთა კომიტეტს აღუსრულებელი გადაწყვეტილებების სახით, 5 წლის განმავლობაში, 10 ათასამდე საქმე აქვს, რაც მაღალი ციფრია. ეს წუხილი აქვს საპარლამენტო ასამბლეას და მათ შორის იმ ქვეკომიტეტს, რომელსაც მე ვთავმჯომარეობ სტრასბურგში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ეს სტანდარტი და ახლა მთავარია კარგი პრაქტიკა დამკვიდრდეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს მიერ წამოდგენილი ანგარიში იძლევა შესაძლებლობას მოხდეს დაკვირვება დარჩენილ აღუსრულებელ გადაწყვეტილებებზე, იმისთვის, რომ განისაზღვროს შესაბამისი ცვლილებები, რომლითაც პარლამენტი მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს და პროკურატურას დაეხმარება ჰქონდეთ მოქნილი საკანონმდებლო მექანიზმი ყველა გადაწყვეტილების აღსასრულებლად.

„ჩვენ ახლა ვემზადებით, რომ კარგი მექანიზმი გამოვიყენოთ კარგი პრაქტიკისთვის და სტანდარტისთვის, რაც კონტროლის მექანიზმს ეფექტურს გახდის. მიხარია, რომ სწორი მიმართულებით ვმოძრაობთ. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ვართ ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს სტარსბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, პატივს სცემს იმ ფასეულობებს და ღირებულებებს, რომელიც აქვს ევროპულ ოჯახს“, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელიამ მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, თამარ ჩუგოშვილს პროცესში აქტიური ჩართულობისთვის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს, ასევე, მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, კრისტიან ურსეს მხარდაჭერისთვის.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ასევე, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ.

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, სასამართლო სფეროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს სახელმწიფოს როლზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სრულ, ეფექტურ და დროულ აღსრულებაში. ასევე, მიმოიხილეს სახელმწიფოს როლი საქართველოს წინააღმდეგ დადგენილი გადაწყვეტილებების აღსრულებაში.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ მინისტრთა კომიტეტის მიერ გადაწყვეტილებებისა და მორიგების აღსრულებაზე ზედამხედველობის პროცედურას, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ინფორმაციის ეფექტური მოძიებისა და გამოყენების საშუალებებს ეროვნულ დონეზე. ღონისძიება ჩატარდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55