კონსტიტუციის ახალი რედაქციით მნიშვნელოვნად იზრდება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი - ირაკლი კობახიძემ ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ხუთშაბათი, 29 ივნისი, 2017 - 13:45

ფასდაუდებელია საკონსტიტუციო სასამართლოს როლი სამართლებრივი სახელმწიფოს და დემოკრატიის პრინციპების რეალიზების, ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში. საკონსტიტუციო სასამართლო არის კონსტიტუციური ორგანო, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს ხელისუფლების სამართლით შეზღუდვასა და ინდივიდისგან სახელმწიფოს სათანადო დისტანცირებაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, განვითარებულ სახელმწიფოებში საკონსტიტუციო სასამართლო არის იურისტების ოლიმპო, სადაც თავს შესაბამისი ქვეყნის საუკეთესო იურისტები იყრიან. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საქართველოში კონსტიტუციური მართლმსაჯულების განვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს გზა ძალზე რთული იყო. მისი თქმით, პირველი ათწლეულის განმავლობაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თანდათან ავითარებდა საკუთარ შესაძლებლობებს, აუმჯობესებდა მართლმსაჯულების პრაქტიკას და ხვეწდა გადაწყვეტილებების სამართლებრივ ხარისხს.

რაც შეეხება განვითარების მეორე ათწლეულს, ირაკლი კობახიძის თქმით, ის წინა ხელისუფლების მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის დამყარებით აღინიშნა.

„2012 წელს კი, როდესაც წინა მმართველი პარტია ოპოზიციაში გადავიდა, მან შეინარჩუნა მნიშვნელოვანი გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოზე. პოლიტიკურად აქტუალური საქმეები ეწერებოდა ერთი და იმავე სასამართლო კოლეგიას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელი გახდა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, გაიზარდა საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეთა გადაწყვეტის სტანდარტი, რამაც სასამართლო პრაქტიკაზე შესაბამისი დადებითი ასახვა ჰპოვა.

„2012 წელს პოლიტიკური ვითარების ცვლილება პირდაპირ აისახა სასამართლო სტატისტიკაზე. თუ 2010-12 წლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წელიწადში საშუალოდ 20 საქმე შედიოდა, გასულ წელს ამ მაჩვენებელმა 158 შეადგინა, ანუ რვაჯერ გაიზარდა სასამართლოში მიმართვიანობის მაჩვენებელი. ანალოგიურად, რადიკალურად გაიზარდა განხილულ და მოსარჩელეთა სასარგებლოდ გადაწყვეტილ საქმეთა სტატისტიკა. დღეს, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განვითარების მესამე ათწლეულის საწყის ეტაპზეა, იგი სარგებლობს პოლიტიკური დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობა ხელისუფლების, განსაკუთრებით კი პარლამენტის საგანგებო ზრუნვის საგანი უნდა იყოს, რადგან, „სწორედ საკონსტიტუციო სასამართლო ქმნის უმნიშვნელოვანეს გარანტიას ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფოს და დემოკრატიის პრინციპების რეალიზებისათვის“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ქმედითი ფუნქციონირების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საკონსტიტუციო რეფორმა, რომელსაც საქართველოს პარლამენტი, ვენეციის კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ამჟამად ახორციელებს.

ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დგინდება საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის წესი; იზრდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები: კერძოდ, გენერალურ პროკურორს, ეროვნული ბანკის საბჭოს და გენერალურ აუდიტორს ენიჭებათ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებამოსილება; კონსტიტუციის დონეზე მყარდება კონკრეტული ნორმათა კონტროლის პროცედურა; კონსტიტუციის ახალი რედაქცია მოითხოვს კონსტიტუციური მართლმსაჯულების საკითხთა ორგანული კანონით მოწესრიგებას და ა.შ.

„განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით მნიშვნელოვნად იზრდება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი, რაც ძალზე პოზიტიურად აისახება კონსტიტუციური მართლმსაჯულების პრაქტიკაზე საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პარლამენტი მოწოდებულია, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომი განვითარებისა და მისი დამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში.

„საქართველოს პარლამენტი მოწოდებულია, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომი განვითარებისა და მისი დამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო კმაყოფილება იმ ფაქტით, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მასპინძლობს ამ უმნიშვნელოვანეს, წარმომადგენლობით ფორუმს, რომელიც ქმნის შესანიშნავ პლატფორმას სამართლებრივ სივრცეში საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე მსჯელობისათვის“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5