ბაქოში ახალი სარკინიგზო მარშრუტის - „სამხრეთი-დასავლეთი“-ის განვითარების საკითხები განიხილეს

ოთხშაბათი, 21 ივნისი, 2017 - 21:02

ბაქოში აზერბაიჯანის, საქართველოს, ირანის, პოლონეთისა და უკრაინის რკინიგზების ხელმძღვანელთა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრისას მხარეებმა ახალი სარკინიგზო მარშრუტის-„სამხრეთი-დასავლეთი“-ის უპირატესობასა და განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

აღნიშნული სხდომა, პრაქტიკულად,თბილისში გამართული სამმხრივი შეხვედრის (საქართველო, აზერბაიჯანი, ირანი) გაგრძელებას წარმაოდგენდა. შეხვედრაზე „სამხრეთი-დასავლეთი“- ის მარშრუტის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც აღინიშნა, სარკინიგზო დერეფანი ,,ინდოეთი - სპარსეთის ყურე - ირანი - აზერბაიჯანი - საქართველო - უკრაინა - ევროპის“ მიმართულებით გადაზიდვების ოპტიმიზაციასა და მონაწილე ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას შეუწყობს ხელს. ასევე, აუცილებლობას წარმოადგენს აღნიშნულ მარშრუტზე რკინიგზების ადმინისტრაციების მიერ ტვირთზე ერთიანი გამჭოლი ტარიფის გამოყენების შესაძლებლობის განხილვა. ამ მარშრუტის უპირატესობა სპარსეთის ყურის ქვეყნებისა და ინდოეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთის გადაზიდვისას დროის შემცირებაა. არსებული 30-40 დღის ნაცვლად, ტვირთის ტრანსპორტირება 15 დღეში იქნება შესაძლებელი.

მხარეებმა საწყის ეტაპზე, მიმდინარე წლის ბოლომდე, 200 ათასი ტონა ტვირთის გადაზიდვა დაგეგმეს. ბაქოში მიღებული შეთანხმების თანახმად, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხებისა და მარშრუტის განვითარების პერსპექტივების საკითხებს „სამხრეთი- დასავლეთი“-ის მარშრუტის საკოორდინაციო კომიტეტი განიხილავს. სავარაუდო დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად, საკოორდინაციო კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოს, ირანის, პოლონეთისა და უკრაინის რკინიგზების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტდება.

შეხვედრაზე საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ტვირთის გადაზიდვისას მარშრუტზე „სამხრეთი-დასავლეთი,“ საქართველოს რკინიგზას საუკეთესო ტარიფი აქვს.

,,გადაზიდვისას ყველაზე მინიმალური ტარიფი საქართველოს რკინიგზას აქვს. შიდა გადაზიდვების ღირებულებაც კი უფრო ძვირია, რაც ხაზს უსვამს იმას, თუ როგორი პრიორიტეტულია ჩვენი კომპანიისათვის აღნიშნული მარშრუტი. სამომავლოდ, მარშრუტის განვითარებისათვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინდოეთის ინტეგრაცია. ასევე, აუცილებელია კონკრეტულ ციფრებსა და ამოცანებზე ფოკუსირება, რადგან ბაზარი ამ ლოგისტიკურ პროდუქტს ელოდება,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აღნიშნული საკითხების განსახილველად საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ინდოეთში ერთობლივი ვიზიტის დაგეგმვისა და ადგილობრივ ბიზნეს- წრეებთან შეხვედრის ინიციატივით გამოვიდა. შეხვედრის დასასრულს, აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარემ ჯავიდ გურბანოვმა, საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ, ირანის  ისლამური რესპუბლიკის რკინიგზის პრეზიდენტმა საიდ მოხამადზადემ, პოლონეთის სახელმწიფო რკინიგზის ხელმძღვანელმა ქშიშტოფ მამინსკიმ და უკრაინის რკინიგზის მმართველობის თავმჯდომარემ ვოიცეხ ბალჩუნმა შემაჯამებელ პროტოკოლს ხელი მოაწერეს.

საკოორდინაციო კომიტეტის მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის სექტემბერში უკრაინაში, ქალაქ ოდესაში გაიამართება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59