საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ლევან გამყრელიძე უხელმძღვანელებს

პარასკევი, 09 ივნისი, 2017 - 16:13

საქართველოს პირველმა ვიცე - პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს უწყების ახალი ხელმძღვანელი ლევან გამყრელიძე წარუდგინა, რომელიც დღეიდან საგამოძიებო სამსახურს ჩაუდგა სათავეში.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ლევან გამყრელიძე კარგად იცნობს საგადასახადო კანონმდებლობას, გადასახადის გადამხდელთა ფსიქოლოგიას და აქვს ფინანსური დანაშაულის გამოვლენისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის დიდი გამოცდილება.

მისი თქმით, სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგას უწყების რეფორმირების, ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების მიმართულებით. ასევე, გადასახადებთან და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოვლენის კუთხით.

„ამ ამოცანების შესრულება მას მოუწევს კვალიფიციურ გუნდთან ერთად და იმ ხალხის გვერდით, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების სადარაჯოზე დგანან“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საგამოძიებო სამსახურის უფროსის, ლევან გამყრელიძის განცხადებით, დაიწყება სამსახურის რეორგანიზაცია იმისათვის, რომ ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური, ხოლო სამსახური გაძლიერდეს.

„დღეს მე გავიცანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პირადი შემადგენლობა. მინდა მოგახსენოთ, რომ იწყება საგამოძიებო სამსახურის რეორგანიზაცია იმისათვის, რომ ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური და სამსახური გაძლიერდეს“, - განაცხადა ლევან გამყრელიძემ სამსახურის თანამშრომლების წინაშე მისი ოფიციალური წარდგენის შემდეგ.

ამ პოსტზე დანიშვნამდე, 2015 – 2017 წლებში, ლევან გამყრელიძეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა. 2014 – 2015 წლებში იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე, 2013 – 2014 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს განყოფილების უფროსი, 2011 – 2013 წლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის იმერეთი რაჭა - ლეჩხუმის მთავარი სამმართველოს უფროსი, 2007 – 2011 წლებში მუშაობდა საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს გამომძიებლად. 2004 – 2006 წლებში იყო ფინანსური პოლიციის გამომძიებელი.

ლევან გამყრელიძე განათლებით იურისტია, დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46