პროკურატურა ყველანაირად ცდილობს, სავარაუდოდ დამნაშავე პოლიციელების გამართლებას - ზაზა ხატიაშვილი ადვოკატის დაშანტაჟებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხუთშაბათი, 15 ივნისი, 2017 - 13:48

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ადვოკატ ნუგზარ ჩუხუას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"გაოგნებული ვარ სამართლიანობის ლოზუნგით მოსული ხელისუფლების მიერ ადვოკატების დაშინებით და შეურაცხყოფით. რაც არის აღმაშფოთებელი ფაქტი და მიუთითებს სახელმწიფოს ნებას შექმნას ქვეყანაში რეჟიმი.

საქართველოს პროკურატურის სისტემაში ისეთი ანომალიური მოვლენები ხდება, რომ პროკურატურის უკანონო მოქმედებები, ჩვენს ქვეყანას, მალე საერთო მღელვარების ზღვარზე დააყენებს. პროკურორები გადავიდნენ იმ ადვოკატების დაშინებაზე, რომლებიც ითხოვენ მოძალადე პოლიციელების დასჯას. ადვოკატ ნუგზარ ჩუხუას წარმოებაში არსებული საქმიდან გამომდინარე, სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურის პროკურორების მიერ, ადვოკატის მიმართ ხორციელდება უკანონო ქმედებები, როგორც უფლებადამცველზე. ადვოკატმა ნუგზარ ჩუხუამ სასამართლოს გზით ადმინისტრაციულ საქმეზე გაამართლა თავის დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქე და მიმართა პროკურატურას სავარაუდო დამნაშავე პოლიციელების დასჯის მიზნით.

ადვოკატმა ნუგზარ ჩუხუამ სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურას მიმართა საჩივრით მოძალადე პოლიციის თანამშრომლების მიმართ მიეღო გადამჭრელი ზომები, ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრილიყო ძალადობა თანამდებობის პირების მიერ. საუბარია პოლიციის თანამშრომლებზე, რომლებიც ზუგდიდის პოლიციის სამმათველოში მუშაობენ, ესენია: ჯონი ლემონჯარი, ლევან ფარცვანია, ალექსანდრე გოგია, დავით კვაშილავა.

ნაცვლად გამოძიებისა, სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან ადვოკატთან მიმართებაში განხორციელდა მუქარა პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით. პროკურორები დემნა თოდუა და დავით პაპავა დაემუქრნენ ადვოკატ ნუგზარ ჩუხუას თუ არ დაანებებდა თავს პოლიციელების წინააღმდეგ საჩივრების დაწერას, ეტყოდნენ ფინანსურ პოლიცას და დააკავებდნენ ადვოკატს.

სამარცხვინოა პროკურატურის მოქმედება, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ ჩატარედეს ეფექური გამოძიება, ყველანაირად ცდილობენ სავარაუდოდ დამნაშავე პოლიციელების გამართლებას. საქართველოში პოლიცია ნელ-ნელა ემსგავსება არაფორმალურ ორგანიზაციას, რომელიც საკუთარი კანონებით მოქმედებს და არ აინტერესებს არანარი სამართლის ნორმები და ამაში მათ ეხმარება სამარცხვინო პროკურატურა, რაც არის ამ ქვეყნის სამართლებრივი განვითარების დასასრული.

მოვითხოვ დროულად შეწყდეს ადვოკატ ნუგზარ ჩუხუას დევნა და დაიწყოს ეფექტური გამოძიება პოლიციელების და პროკურორების მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამო. ადვოკატს მიეცეს საშუალება განახორციელოს საადვოკატო უფლებამოსილება ჩარევის, შანტაჟის და იძულების გარეშე. მთავარი პროკურორისგან მოვითხოვ მოძალადე პროკურორების დასჯას", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46