საქართველოში თვითმმართველობა აუცილებლად განვითარდება - გიორგი კვირიკაშვილი

ხუთშაბათი, 01 ივნისი, 2017 - 14:28

საქართველოში თვითმმართველობა აუცილებლად განვითარდება და კიდევ უფრო ჩაიშლება დაბალ მუნიციპალურ დონეებზე; ამას წინ არაფერი უდგას და სპეკულაციებს, რომლებსაც მთელი ამ დღეების განმავლობაში ვისმენდით, არანაირი საფუძველი არ გააჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მინისტრთა კაბინეტი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში იყო საკმაოდ ცხარე განხილვები და სპეკულაციებიც, რომ საქართველოში თვითმმართველობას რამე ემუქრება, რაც უსაფუძვლოა.

„თვითმმართველობის რეფორმა არის დინამიური, ცოცხალი ორგანიზმი და მას სჭირდება რა თქმა უნდა კორექტირებები, ვინაიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოიკვეთა მთელი რიგი ნაკლოვანებები, რომლებიც ხელს უშლის თვითმმართველობის პოზიტიურ კონტექსტში წარმოჩენას და ჭეშმარიტი თვითმმართველობის განვითარებას საქართველოში. ეს გახლავთ 14 მუნიციპალიტეტში დაფიქსირებული პრობლემა და დღევანდელი ცვლილებით, 14 მუნიციპალიტეტის რაოდენობას ვამცირებთ 7-მდე, რაც არამც და არამც არ ნიშნავს, უპირველეს ყოვლისა, ბიუჯეტის შემცირებას ამ მუნიციპალიტეტებში. მუნიციპალური ბიუჯეტები გაერთიანდება, როდესაც ჩვენ ქალაქისა და რაიონის მუნიციპალიტეტებს გავაერთიანებთ. ავტომატურად დაჯამდება ბიუჯეტი, რომელიც არსებობდა ამ ქალაქსა თუ რაიონში და არავითარ შემთხვევაში მას არც ერთი თეთრი არ მოაკლდება", - განაცხადა პრემიერმა.

ცვლილებების მეორე მიზეზი, მთავრობის მეთაურის თქმით არის ის, რომ აღნიშნულ რაიონებში იყო ორხელისუფლებიანობა, ასევე - უამრავი პრობლემა აღსრულების ეფექტიანობისა და ფუნქციების გაორების კუთხით. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მთელ რიგ შემთხვევებში დუბლირება ხდებოდა და ამ ემპირიულმა გამოცდილებამ გამოიწვია ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილების შემუშავება.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოებს მიეცემათ დემოკრატიული კონტროლის განხორციელების რეალური ბერკეტები. გაერთიანებულ მუნიციპალიტეტებში იქნება მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა, რომელიც საკრებულოს წარუდგენს მისი მოადგილეების, სამსახურების უფროსების კანდიდატურებს და მხოლოდ საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში დაინიშნებიან პიროვნებები აღნიშნულ თანამდებობებზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ცვლილებების მეორე პაკეტით, მუნიციპალიტეტებში დარეგულირდება არასამეწარმეო იურიდიული პირების ოპტიმიზაციის მექანიზმი და მათი შექმნისას გათვალისწინებული პრინციპი, რომ ერთ სფეროში იყოს ერთი არასამეწარმეო იურიდიული პირი, რათა თავიდან იქნას აცილებული ამ მიმართულებითაც ფუნქციების დუბლირება. პრემიერის შეფასებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ ყველა დასახლებაში გათვალისწინებულია ტერიტორიული ორგანოების შექმნა, რომლებიც კონკრეტული დასახლების საჭიროებებს და მოთხოვნებს პირდაპირ მიიტანენ მუნიციპალიტეტის მერამდე. ეს ორგანოები უზრუნველყოფენ მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობას ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფინანსთა სამინისტრო მუშაობს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის შედგენის დროს ნორმატიული წესების შექმნაზე, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაითვალისწინებს ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობას. ეს სამუშაო მიმდინარეობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად. ბიუჯეტირების პროცესშივე მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ქვემოდან ზემოთ მომავალი პროცესი, განისაზღვრება პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტების მიხედვით განაწილდება არსებული რესურსები მუნიციპალიტეტების ბიუჯეტირებისას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს თვითმმართველობის რეფორმის ავტორიტეტის და წარმატების გაზრდას და არა პირიქით, როგორც ამაზე ზოგიერთები აპელირებენ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43