საჰაერო თავდაცვა 22 წლის იუბილეს აღნიშნავს

ოთხშაბათი, 31 მაისი, 2017 - 16:08

ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე სამხედრო საჰაერო თავდაცვის 22 წლისთავი აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

სამხედრო საჰაერო თავდაცვის დღე პირად შემადგენლობას თავდაცვის მინისტრმა მიულოცა. როგორც მან აღნიშნა, თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმირების პროცესში საჰაერო თავდაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი ინიციატივაც შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება.

„ამ თვალსაზრისით სტრატეგიული ურთიერთობა გვაქვს საფრანგეთის მხარესთან. წლის ბოლოს უკვე ახალი ტექნიკა გვექნება. ჩვენი შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები კვალიფიკაციას იღებენ, რათა ახალ ტექნიკას სრულად დაეუფლონ. ბოლო რვა თვის განმავლობაში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან რიგით მესამე შეხვედრა გვექნება. ორ კვირაში საფრანგეთში სტუმრობასა და მომავალში ამ თანამშრომლობის კონკრეტული საკითხების განხილვას ვგეგმავთ,” - აღნიშნა ლევან იზორიამ.

პირად შემადგენლობა პროფესიული დღე გენერალური შტაბის უფროსმაც მიულოცა და საჰაერო თავდაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საზეიმო ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით გაიხსნა. პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში და სამშვიდობო მისიებში გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს პატივი მიაგეს. ღონისძიება დაჯიდლოების ცერემონიალით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა ცეცხლსასროლი იარაღი სამ სამხედრო მოსამსახურეს გადასცა.

გენერალ- მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, მისმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ და ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ლევან გამყრელიძემ თავდაცვის სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის I და II ხარისხის მედლებით 10 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვეს.

სამხედრო საჰაერო თავდაცვის იუბილე სამხედრო ტექნიკის გამოფენით დასრულდა. მოწვეულ სტუმრებსა და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე გამოფენილი შეიარაღება, საბრძოლო მასალები და საჰაერო თავდაცვის საშუალებები დაეთვალიერებინათ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან დღემდე საჰაერო თავდაცვაში ბევრი მნიშვნელოვანი სტრუქტურული სახეცვლილება განხორციელდა. 2008 წელს საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა მონაწილეობა რუსეთ-საქართველოს ომში მიიღეს. რუსეთ-საქართველოს ომში საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების მიერ მიღწეული წარმატებების მიუხედავად, საჰაერო თავდაცვამ დანაკარგი განიცადა - 2008 წლის 9 აგვისტოს კოპიტნარის აეროპორტის დაბომბვის დროს საჰაერო თავდაცვის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ბადრი ბასილაძე გარდაიცვალა.

2017 წლის მარტში საჰაერო თავდაცვამ განვითარების II ეტაპი დაიწყო, განხორციელდა ნატოსთან თავსებადი სტრუქტურული რეორგანიზაცია. ახლო მომავალში იგეგმება ახალი თანამედროვე სისტემების შემოტანა, ახალი ნატოს სტანდარტების მართვის პუნქტების მოწყობა და პირადი შემადგენლობის გადამზადება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59