სამხედრო ლიცეუმში კადეტების მეექვსე გამოშვების ცერემონიალი გაიმართა

სამშაბათი, 30 მაისი, 2017 - 19:42

 სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო წელი დასრულდა. მეექვსე, 2017 წლის გამოშვება ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. კადეტებს სასწავლო წლის დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებმა ეს დღე კადეტების ოჯახის წევრებსა და პედაგოგებსაც მიულოცეს და მათ მადლობა გადაუხადეს. კადეტებს სიტყვით ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემაც მიმართა, ლიცეუმის წარმატებით დასრულება მიულოცა და სასწავლებლის განვითარების საქმეში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობის მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა.

კურსდამთავრებულები ლიცეუმის კაპელანმა, დეკანოზმა დავითმა დალოცა.

2017 წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 76 კადეტმა დაასრულა, რომელთაგან 8 ოქროს და 2 ვერცხლის მედალოსანია. უმრავლესობას სწავლის დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაგრძელების სურვილი აქვს. დღესვე, კადეტებს სერტიფიკატები, ლიცეუმის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. მოგვიანებით, მეექვსე გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი კონცერტითა და საზეიმო მიღებით გაგრძელდა. კადეტებმა კონცერტზე საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს. 

ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და კადეტების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

სსიპ კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2010 წლის 2 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის №515 ბრძანებით, ქალაქ ქუთაისში დაფუძნდა. 2014 წლის 15 სექტემბერს ლიცეუმს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი მიენიჭა და 15 სექტემბერი ლიცეუმის დღედ გამოცხადდა. ლიცეუმში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო საფეხურის ვაჟები ირიცხებოდნენ. წლევანდელ სასწავლო წელს კი ლიცეუმი სიახლით შეხვდა. მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, 2016-2017 სასწავლო აკადემიურ წელს ლიცეუმში 8 გოგონა ჩაირიცხა. ლიცეუმი მიზნად ისახავს კადეტთა ინტელექტუალურ, კულტურულ, ფიზიკურ და ზნეობრივ აღზრდას, საზოგადოებაში აქტიური ცხოვრებისათვის ადაპტირებას, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფას, სამხედრო და სამოქალაქო დონეზე ქვეყნის სამსახურისათვის კადეტთა მოსამზადებლად საფუძვლის შექმნას, მათში სამხედრო სამსახურის სიყვარულისა და ოფიცრის პროფესიის დაუფლების სურვილის გაღვივებას.

ლიცეუმში სასწავლო პროცესი ეროვნული სასწავლო გეგმისა და სამხედრო პროგრამის შესაბამისად მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61