საქართველოს და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

სამშაბათი, 30 მაისი, 2017 - 13:01

საქართველოს  პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ პირიპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

"საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 25 წლისთავის აღსანიშნავად, ჩვენ - საქართველოს და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტები ხელს ვაწერთ ერთობლივ დეკლარაციას: 2017 წელს საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 25 წლისთავი აღინიშნება. ჩვენ ვზეიმობთ ამ ღირსშესანიშნავ იუბილეს და ვამაყობთ წარმატებული ორმრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობით. წლების მანძილზე მხარეთა შორის ჩამოყალიბებული დინამიური ურთიერთობები მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და არ შემოიფარგლება მხოლოდ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, კულტურის და განათლების საკითხებში, ხალხთაშორისი კავშირებითა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ნაყოფიერი თანამშრომლობით. ქართულ-პოლონური კავშირები არა მხოლოდ 25 წელს, არამედ ასწლეულებს ითვლის და მდიდარია თავისი ისტორიითა და ტრადიციებით.

პოლონელები და ქართველები ყოველთვის იდგნენ ერთმანეთის გვერდით, როგორც კეთილდღეობის, ასევე განსაცდელის პერიოდში. პოლონეთი იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთანაც საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა, რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ. რთულ პერიოდში, ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც, ქართველი და პოლონელი ჯარისკაცები ერთმანეთის მხარდამხარ იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომში პოლონეთის რესპუბლიკის დასაცავად. ჩვენი გამოცდილება, თავისუფლებისა და ღირსების საერთო იდეალები წარმოადგენს იმ მყარ საფუძველს, რომელიც აერთიანებს ჩვენს მოძმე ხალხს და გვიბიძგებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისაკენ.

ჩვენი ქვეყნების ერთობლივი ურთიერთობების საამაყო ისტორიის 100 წლის აღსანიშნავად პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი და საქართველოს პრეზიდენტი გამოთქვამენ მზადყოფნას გაუწიონ პატრონაჟი ისტორიკოსებით დაკომპლექტებული პოლონურ-ქართული კომისიის საქმიანობას. საქართველო განსაკუთრებულად აფასებს განვითარებისა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში პოლონეთის რესპუბლიკის პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას.

ვაცნობიერებთ რა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა წარმოადგენს მამოძრავებელ ძალას ჩვენს შორის ურთიერთობების დინამიური განვითარებისთვის, ვხედავთ ამ კუთხით არსებული პოტენციალის ფართო გამოყენების აუცილებლობას. შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდისთვის ურთიერთხელსაყრელი პირობების შექმნას და მოვუწოდებთ ჩვენს მთავრობებსა და ინსტიტუტებს გააძლიერონ მუშაობა ამ მიზნის მისაღწევად. ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისა და განხორციელების მიზნით პოლონეთი და საქართველო გამოიყენებენ ყველა იმ არსებულ მრავალმხრივ მექანიზმს, რომლებიც გააძლიერებენ რეგიონალურ კავშირებს და ასევე ჩვენს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.

საქართველო და პოლონეთი კიდევ ერთხელ ადასტურებენ პატივისცემას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის, ასევე ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის საერთო ხედვის მიმართ.

პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. ამ მიმართებით, ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებად განიხილავს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობას, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას, ისევე როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას.

საქართველო და პოლონეთი ხაზგასმით აღნიშნავენ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციისა და მათი ანექსიისაკენ მიმართული ნაბიჯების წინააღმდეგ, რათა უზრუნველყოფილი იქნას მშვიდობა და უსაფრთოება.

პოლონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კუთხით. საქართველო აფასებს ევროინტეგრაციის ამბიციური დღის წესრიგის განხორციელების პროცესში პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერას და ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავენ ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებას.

ორივე მხარე ხაზს უსვამს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება არ წარმოადგენს ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის საბოლოო მიზანს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში პოლონეთის რესპუბლიკის განსაკუთრებული წვლილისა და როლის გათვალისწინებით, ჩვენ კვლავ ერთგული ვრჩებით სრულყოფილად შევისწავლოთ ამ ინიციატივის პოტენციალი და უზრუნველვყოთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი პროგრესული განვითარება. ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პრაქტიკული შედეგები, ევროპული შეთავაზება და სამომავლო ხედვა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორების, მათ შორის საქართველოს დაახლოების კუთხით, რომელიც დამყარებული იქნება ქვეყნების ინდივიდუალურ მიღწევებსა და ინტერესებზე.

ჩვენ ხაზს ვუსვამთ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის გაგრძელების მნიშვნელობასა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში შემდგომი ნაბიჯის აუცილებლობას. საქართველო განსაკუთრებით აფასებს პოლონეთის მიერ საქართველოს ნატოში გასაწევრიანების მხარდასაჭერად გაწეულ ძალისხმევას. პოლონეთი აფასებს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში, განსაკუთრებით საქართველოს ავღანეთში ნატო-ს მისიებში მონაწილეობას. ორივე ქვეყანა გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებლად ვარშავის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად საქართველო და პოლონეთი აღიარებენ შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის.

საქართველო მიესალმება ნატო-ს ყოფნას შავი ზღვის რეგიონში და გამოთქვამს მზადყოფნას ხელი შეუწყოს მოკავშირეთა ძალისხმევას ამ კუთხით. პოლონეთი აღიარებს საქართველოს აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოსა და პოლონეთის მრავალწლიანი მეგობრობა, რომელიც დამყარებულია ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ხედვებსა და ინტერესებზე, ქმნის დამაიმედებელ საფუძველს ჩვენი თანამშრომლობის გადასვლისათვის იმ ხარისხობრივად ახალ ეტაპზე, რომელიც სრულად უპასუხებს ჩვენი განსაკუთრებული მეგობრობის მდიდარ ტრადიციებს.

ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი ხალხების მშვიდობიან, უსაფრთხო და წარმატებულ მომავალს. ვისხსენებთ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მიერ, 2008 წლის 12 აგვისტოს თბილისში, წარმოთმულ სიტყვებს: "ჩვენ აქ ვართ, რათა დაგიდასტუროთ ჩვენი თანადგომა“, ჩვენ ხელს ვაწერთ ერთობლივ დეკლარაციას, რათა დავადასტუროთ პოლონეთ-საქართველოს ურთიერთთანადგომის სიმტკიცე", - აღნიშნულია დეკლარაციაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46