საქართველომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთს არ უნდა გადასცეს - საია

, 28 მაისი, 2017 - 13:56

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თვლის, რომ საქართველომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთს არ უნდა გადასცეს და იუსტიციის მინისტრს მოუწოდებს, საექსტრადიციო პროცედურების განხილვისას იმოქმედოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა რისკის ქვეშ არ დადგეს  მუსტაფა ემრე ჩაბუქის ფუნდამენტური უფლებების ხელშეუხებლობა. 

"2017 წლის 25 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდებოდა სასამართლო პროცესს, რომელზეც საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს, თურქეთის მოქალაქეს - მუსტაფა ემრე ჩაბუქს.

საია მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებლად მოხდა. საია ასევე მიიჩნევს, რომ საქმის კონტექსტის და თურქეთში არსებული ვითარების გათვალისწინებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების შელახვის რეალური საფრთხე. შესაბამისად, საქართველომ არ უნდა მოახდინოს მისი ექსტრადირება. პატიმრობის დაუსაბუთებლად შეფარდება როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ საექსტრადიციო პროცედურების განხორციელება თურქეთის მოთხოვნით დაიწყო.

თურქეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოსათვის წარმოდგენილი ინფორმაციით, მუსტაფა ემრე ჩაბუქი იძებნება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 314/2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს. კერძოდ, თურქეთის მხარის მტკიცებით, მას კავშირი აქვს ფეტულა გიულენთან დაკავშირებულ ორგანიზაცია - ‘’FETO’’-თან, რომელსაც თურქული მხარე ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და უკავშირებს 2016 წლის ზაფხულში თურქეთში განვითარებულ მოვლენებს.

2017 წლის 25 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3 თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. საია აკვირდებოდა შესაბამის სასამართლო პროცესს და მიიჩნევს, როგორც პროკურატურის პოზიცია პატიმრობის გამოყენების მოთხოვნასთან დაკავშირებით, ასევე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მოკლებულია სათანადო დასაბუთებას და შეუსაბამოა საქართველოს კანონმდებლობით და ევროპული კონვენციით დადგენილ სტანდარტებთან. პროკურორის განმარტებით, არსებობდა ბრალდებულის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მიმალვის საფრთხეები, თუმცა, ამ მიზეზების დასასაბუთებლად მას რაიმე კონკრეტული არგუმენტები ან ფაქტები არ წარმოუდგენია. პროკურორმა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმით, ხასიათით, სასჯელის სიმკაცრითა და სპეციფიკით გაამართლა მუსტაფა ჩაბუქის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების  მიზანშეწონილობა. თავის მხრივ, დაცვის მხარე არ დაეთანხმა შუამდგომლობას და სასამართლოს 10000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა და პასპორტის ჩაბარება შესთავაზა. ადვოკატის განმარტებით, ბრალდებული დიდი ხანია ცხოვრობს საქართველოში, აქვს მუდმივი ბინადრობის ნებართვა, თუმცა, საცხოვრებელ მისამართზე არასოდეს მიუღია უწყება არც ქართული და არც თურქული საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, შესაბამისად, მისთვის ცნობილი არ იყო სამართალდამცავ უწყებებში გამოცხადების ვალდებულებები და არც თავი აურიდებია ამგვარი ვალდებულებისათვის. გარდა ამისა, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ბრალდებული წარმატებულად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და არის სკოლების გაერთიანების კოორდინატორი. მანამდე კი სკოლის პედაგოგი იყო და შემდეგ აღიჭურვა გარკვეული მენეჯერული ფუნქციებით. ადვოკატმა ასევე მიუთითა, რომ ჩაბუქი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და არ არის ნასამართლევი.

სასამართლო სხდომაზე ისე მოხდა ბრალდებულის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენება, რომ არ ყოფილა მსჯელობა იმაზე, თუ რატომ არ იქნებოდა საკმარისი მოცემულ შემთხვევაში პატიმრობაზე ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიების გამოყენება და რატომ იყო აუცილებელი სწორედ პატიმრობის - ადამიანის უფლებების ყველაზე უფრო შემზღუდველი ზომის - გამოყენება.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს საექსტრადიციო პატიმრობა ან საექსტრადიციო პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით - სხვა სახის აღკვეთის ღონისძიებები (მაგალითად, გირაო, პირადი თავდებობა) . ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მთელი რიგი გადაწყვეტილებებისა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის მიხედვით, პატიმრობა არის უკიდურესი ზომა და ყოველთვის უპირატესობა უნდა მიენიჭოს ნაკლებად შემზღუდველ ღონისძიებას. ამასთან, პატიმრობა არ უნდა გამოიყენებოდეს დასჯის მიზნებისათვის და პატიმრობის შეფარდების გასამართლებლად წარმოდგენილი არგუმენტები არ უნდა იყოს ზოგადი და განყენებული. იგი უნდა შეიცავდეს კონკრეტულ ფაქტებზე მითითებას.

პატიმრობის გამართლება მხოლოდ დანაშაულის სიმძიმით, ხასიათით, სასჯელის სიმკაცრითა და სპეციფიკით პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპის სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს.

ამასთან, ვინაიდან, პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენების თაობაზე არ იყო დასაბუთებული 9 და დამაჯერებელი 10 და შემდგომში, მოსამართლემაც ასეთი დასაბუთების ფონზე, საექსტრადიციო პატიმრობა გამოიყენა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ღონისძიებას უფრო სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა, ვიდრე მაგალითად., ექსტრადიციის პროცედურებისათვის ხელის შეშლის, ახალი დანაშაულის ჩადენის პრევენციის, მიმალვის საფრთხის თავიდან აცილების და ა.შ.

უფლებების დარღვევის რისკი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკით, სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, არ მოახდინონ პირის გადაცემა, როდესაც არსებობს სერიოზული და აშკარა მოტივები იმის სარწმუნებლად, რომ მას ემუქრება რეალური საშიშროება, დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის უფლებებს თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში შეიძლება დაემუქროს სერიოზული საფრთხე. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს თურქეთში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული ვითარება, კერძოდ ის მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემები, რაც გამოიხატება თურქეთის ხელისუფლების მხრიდან ფეტულა გიულენთან კავშირში დადანაშაულებული ადამიანების უფლებების დარღვევის მასობრივ ფაქტებში. საქართველომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს აღნიშნულ კონტექსტს, ჯეროვნად შეაფასოს თურქეთის მხარის მიერ წარმოდგენილი გარანტიების ხარისხი და რამდენად შეიძლება მათზე დაყრდნობა თურქეთში არსებული რეალობის", - ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46