თავდაცვის მინისტრი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

შაბათი, 27 მაისი, 2017 - 14:25

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას დაესწრო. ლევან იზორია თავდაცვისა და უშიშროების პანელზე სიტყვით გამოვიდა თემაზე „საქართველოს თავდაცვის პრიორიტეტები ახლო და გრძელვადიანი გამოწვევების ფონზე“. სესიაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.  

საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ნატოს შეკავების პოლიტიკისა და საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრა. ლევან იზორიას თქმით, საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ შემუშავებული სტრატეგიული მიზნების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

„ჩვენ ოთხი სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში განვსაზღვრეთ საქართველოში თავდაცვის რეფორმების პრიორიტეტები. განახლებული შეკავების პოლიტიკისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მხრივ, თავდაცვის სტრუქტურის ფარგლებში  მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია ჩავატარეთ. აშშ-სთან ერთად ვიწყებთ საქართველოს მზადყოფნის პროგრამას, რომელიც საწვრთნელი ინფრასტრუქტურის შექმნის პარალელურად, სამი წლის განმავლობაში მიმართული იქნება იმისკენ, რომ მუდმივი წვრთნებით აამაღლოს ჩვენი შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნა“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

მისივე თქმით, ნატოს მეორე მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება თავდაცვის ბიუჯეტში ადექვატური ინვესტიციების ჩადება და ფინანსების სწორი გადანაწილებაა.

„ვმუშაობთ იმაზე, რომ თავდაცვის ბიუჯეტისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტი გამოიყოს. ჩვენ ამ მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ, თუმცა  ეს პროცენტული მაჩვენებელი ჩვენთვის უფრო დიდი უნდა იყოს, რადგან მემკვიდრეობით ძველი საბჭოთა ტექნიკა გვერგო, რომელსაც უფრო მეტად სჭირდება გადაიარაღება, ეს კი მნიშვნელოვანწილად თანხებზეა დამოკიდებული. ნატო-ს მიერ განსაზღვრული  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ საერთო თავდაცვის ბიუჯეტის 20%  აღჭურვილობაზე იყოს მიმართული. ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. თუ ადრე თავდაცვის ბიუჯეტის მხოლოდ 2% იყო აღჭურვილობისთვის გათვალისწინებული, მიმდინარე წლის ბიუჯეტით ეს არის 6%. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა და ეს განსაზღვრულია ჩვენი თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტით, რომ მივუახლოვდეთ ნატო-ს სტანდარტს და 3 წლის განმავლობაში აღჭურვილობის დაფინანსება 20%-იანი ნიშნული გავხადოთ“, - განაცხადა იზორიამ.

თავდაცვის მინისტრის მოხსენების ერთ-ერთი მთავარი თემა ნატოს სამეზობლოში სტაბილურობის უზრუნველყოფა იყო. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველომ უკვე შესთავაზა ალიანსს თავისი მოსაზრებები თუ რა როლი შეიძლება შეასრულოს მან როგორც პარტნიორმა ქვეყანამ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის.

„ჩვენ აქტიურად ვეძებთ გზებს გავაღრმავოთ ურთიერთობები ნატოს წევრ და პარტიორ ქვეყნებთან და ამას ერთობლივ სწავლებებში მონაწილეობით, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებით ვაკეთებთ“, - განაცხადა იზორიამ.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ნატოს მეოთხე სტრატეგიულ მიმართულებაზე, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზეც ისაუბრა.

„ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვან კონტრიბუციას ახორციელებს. ჩვენ 871 სამხედრო მოსამსახურით ვართ წარმოდგენილი საერთაშორისო მისიებში, როგორც ავღანეთში, ისე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. ეს არის გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიზრუნოთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, არამედ თქვენთან ერთად ხელი შევუწყოთ წესებზე დაფუძნებული მსოფლიოს უზრუნველყოფას. ეს არის მნიშვნელოვანი გარანტი, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე თითოეული თქვენი ქვეყნის დემოკრატიული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს განვითარებისთვის და არსებობისთვის. ჩვენ ამ პოლიტიკას ბუნებრივია გავაგრძელებთ. ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ მზაობა, რომ თქვენთან ერთად გავაგრძელებთ საერთაშორისო მისიებში თანამონაწილეობას“, - განაცხადა იზორიამ.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 26 მაისს დაიწყო და 29 მაისს დასრულდება. პლენარული სხდომის დასასრულს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საპარლამენტო განზომილებას, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 28 წევრ და 20-ზე მეტ ასოცირებულ, პარტნიორ და დამკვირვებელ ქვეყანას აერთიანებს.

ასამბლეის სესია არის ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი ღონისძიება, რომლის მუშაობაშიც 600-მდე მოწვეული სტუმარი იღებს მონაწილეობას. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ნატოს არაწევრს ქვეყნებში დღემდე მხოლოდ ოთხჯერ ჩატარდა და დღეს ოთხივე ქვეყანა ნატოს წევრია. საქართველო რიგით მე-5 არაწევრი ქვეყანაა, სადაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა იმართება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41