ნაციონალური მოძრაობა მსოფლიოს მოსდებს და თავს მოგვჭრის ყველა დონეზე!.. - გიორგი მარიამიძე განცხადებას ავრცელებს

პარასკევი, 19 მაისი, 2017 - 18:42

„მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე, ადვოკატი გიორგი მარიამიძე ტელეკომპანია რუსთავი-2-ის წილებთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება.

"მეგობრებო, ბევრ თქვენგანს კარგად მოეხსენება ჩემი დამოკიდებულება ტელეკომპანია რუსთავი-2-ის, ამ სიცრუის მანქანის მიმართ, თუმცა, ამის მიუხედავად, მე, როგორც იურისტს, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო უზენაესი სასამართლოს გახმაურებულ გადაწყვეტილებას ამ ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებით. მე ახლა (ანუ საკმაოდ გვიან) გავეცანი ამ გადაწყვეტილების „დასაბუთების ნაწილს“ და იმედგაცრუებასთან ერთად საოცრად გაოგნებული ვარ „მოსამართლეთა დასაბუთების უსუსურობით“! ანუ, მაპატიეთ, მაგრამ ეს არანაირად არ გავს ქვეყნის 9 (იდეაში) ყველაზე კვალიფიციური მოსამართლის ნამსჯელს და გადაწყვეტილს...ეს უფრო იურიდიული ფაკულტეტის 1-ლი კურსის სტუდენტის მსჯელობას მოგაგონებს (გთხოვთ, სტუდენტებმა საწყენად არ მიიღოთ)...

სამართლებრივ საკითხებსა და მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებში რომ ვერ ერკვევა და ყველა შესაძლო (დასაშვებ და დაუშვებელ) არგუმენტს რომ იყენებს საკუთარი პოზიციის დასაცავად...სამარცხვინოა მეგობრებო!...ჩვენ ხომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ვსაუბრობთ...თან ისეთ საქმეზე, რომელსაც ქვეყნის დამაქცეველი ნაციონალური მოძრაობა მსოფლიოს მოსდებს და თავს მოგვჭრის ყველა დონეზე!...ან ამ გადაწყვეტილების დასაბუთების გამართლებას აპირებს ჩვენი მთავრობა სტრასბურგის სასამართლოში?!...ვეჭვობ რომ წარმატებას მიაღწიონ და ამ საქმეზე სტრასბურგში საქმის წაგება კიდევ ერთი მწარე სილაქის გაწნა იქნება ქართველი ხალხისთვის, რომელსაც დიდი მოლოდინი ქონდა სამართლიანობის აღდგენისა და ამ გამძვინვარებული სიცრუის და ძალადობის მქადაგებელი ტელეკომპანიისთვის „საინფორმაციო ღრუს“ დახშობის კუთხით.

ჩემი სიტყვების საილუსტრაციოდ ერთ ამონარიდს მოვიყვან ზემოაღნიშნული გადაწყვეტიელბიდან, კერძოდ, (ციტირება): „დიდი პალატა აღნიშნავს, რომ მესაკუთრის მიერ ნივთზე საკუთრების (მფლობელობის) დაკარგვისას, მისი კანონით დაცული ინტერესების დაცვა შესაძლოა, როგორც სანივთო (სავინდიკაციო), ისე ვალდებულებით - სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო (დელიქტური) ან კონდიქციური სარჩელით. თითოეული მათგანი მიმართულია უფლებამოსილი პირისათვის ქონების დაბრუნებისაკენ და უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენისაკენ“ (იხ. გადაწყვეტილების 222-ე პუნქტი, გვ.175). ანუ, ერთი შეხედვით თითქოს ამ ამონარიდში ყველაფერი რიგზეა, თუმცა გამოცდილი იურისტისთვის აშკარაა, რომ ამ ერთ წინადადებაში, სულ მცირე, 2 უხეში სამართლებრივი შეცდომაა, კერძოდ, სასამართლოს ზემოაღნიშნული განმარტების საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ :

1) თუ პირმა „დაკარგა საკუთრების უფლება“ ნივთზე, ის ამ ნივთს სანივთო (ანუ, სავინდიკაციო) სარჩელით ვერანაირად ვერ დაიბრუნებს (ეს სამართლებრივი აქსიომაა);

2) დელიქტური სამართლით ნივთზე საკუთრების ან მფლობელობის უფლების აღდგენა არ ხდება (ესეც აქსიომაა).

შესაბამისად, საერთოდ გაუგებერია, სასამართლომ ტელეკომპანიის წილზე საკუთრების უფლების აღდგენის კუთხით დაყენებული სარჩელი რომ დააკმაყოფილა სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში -სკ) 992-ე და 408(1) მუხლების ერთობლიობით და განმარტა, რომ (ციტირება) „დიდი პალატის მოსაზრებით, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე (პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა), ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, ტელეკომპანიის წილებზე საკუთრების უფლების აღდგენა (დაბრუნება) შესაძლებელია“ (იხ. გადაწყვეტილების 198-ე პუნქტი, გვ.160). ყველაზე გაუგებარი კიდევ ის არის, რომ სასამართლო თვითონ ამტკიცებს, რომ გარიგება წილების გასხვისების თაობაზე ბათილი იყოო და შესაბამისად, თუ მოსარჩელეს არ დაუკარგავს საკუთრების უფლება მის კუთვნილ ტელეკომპანიის წილებზე (გარიგების ბათილობის გამო), მაშინ რომელ წილებზე აღუდგა მას საკუთრების უფლება სკ 992-ე და 408(1) მუხლების საფუძველზე.

ამასთან, სასამართლო აცხადებს, რომ კონკრეტული შემთხვევა სკ 85-ე-89-ე მუხლების რეგულირების სფეროში ხვდებაო და ამის მუხედავად, არასაკმარისად ასაბუთებს მოსარჩელის მიერ სკ 89-ე მუხლით დადგენილი შეცილების ერთწლიანი  ვადის გაშვებას. ან საერთოდ რაში ესაჭიროებოდა უზენაეს სასამართლოს სკ 89-ე ან თუნდაც 138-ე, 992-ე და 408(1) მუხლების კუთხით „ფილოსოფოსობა“ და ხანდაზმულობის 1 ან 3-წლიანი ვადის გაშვება/არგაშვებაზე „უსუსური არგუმენტების“ მოყვანა, როდესაც სასამართლოს სრულიად თავისუფლად შეეძლო ეხელმძღვანელა სკ 978-ე მუხლის დანაწესით და ამ მუხლით დაედგინა იძულებით გასხვისებული ტელეკომპანიის წილის უკან დაბრუნება, თუ მოსარჩელემ გაუშვა შეცილების 1-წლიანი ვადა და ამის გამო მოპასუხე ამ წილების მესაკუთრე გახდა. სკ 978-ე მუხლის კუთხით ხომ არანაირი პრობლემა არ არსებობს ხანდაზმულობის ვადების თვალსაზრისით, რადგანაც გაბატონებული შეხედულების მიხედვით, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებზე მოთხოვნის 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადები ვრცელდება. ასე უფრო რაღაცას დაემსგავსებოდა ეს გადაწყვეტილება და ცოტა სამართლებრივ ჩარჩოებში ჩაჯდებოდა (მაგრამ ამას ხომ ცოდნა და კომპეტენცია ჭირდება).

უფრო მეტიც, სასამართლომ იმაზეც კი არ იმსჯელა, მოსარჩელემ შეცილება, როგორც ასეთი (ანუ, ცალმხრივი გარიგება მიმართული სამართლებრივი მდგომერეობის შეცვლისკენ), საერთოდ განახორციელა თუ არა, რადგანაც სასამართლოს მტკიცებით, მოსარჩელემ 2008 წელს საჩივრით მიმართა თურმე პროკურატურას მისი დარღეული უფლების აღდგენის  კუთხით და მაარტოოდენ ამ ფაქტზე ააგო სასამართლომ მთელი თავისი მსჯელობა ხანდაზმულობის ვადის გაშვება-არგაშვების კუთხით, თუმცა, როგორც ვიცით, სკ 59(2) მუხლის მე-2 წინადადების მიხედვით, შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ (უშუალოდ) და არა საჩივრის (ან შესაბამისად სარჩელის) პროკურატურაში თუ სასამართლოში შეტანის გზით.

ჩემს დეტალურ დასაბუთებას ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მე უახლოეს მომავალში აუცილებლად გამოვაქვეყნებ...ხოლო აქ ბევრი რომ არ გავაგრძელო, შემიძლია სრული პასუხიმგებლობით განვაცხადო, რომ, წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს გადაწყვეტილება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და მარტივად რომ ვთქვათ...სამარცხვინოა!!! ამგვარი ზერელე და უდიერი დამოკიდებულებით სამართლის (ნორმების) მიმართ, თან როდესაც ამას უზენაესი სასამართლო ახორციელებს, ჩვენ შორს ნამდვილად ვერ წავალთ!!!

მაპატიეთ ჩემი გულახდილობა და პირდაპირობა, მაგრამ სიმართლე აუცილებლად უნდა ითქვას, რადგანაც უზენაესი სასამართლო დიდი ხანია უკვე გასცდა სამართლის ჩარჩოებს (ამას ვერც ხელისუფლების ცვლილებამ უშველა დიდად) და ეს დაუსაბუთებელი და სამართლებრივად გაუმართავი გადაწყვეტილებები ჩვენ, ადვოკატებს, ყოველ დღე წინ გვხვდება და სიცოცხლეს გვიმწარებს, რაც საბოლო ჯამში სამართლის განვითარებას ძალიან აფერხებს და უფრო მეტიც, ის ჩიხში შეყავს. პატივისცემით გიორგი მარიამიძე".

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6