ირაკლი კობახიძემ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ხუთშაბათი, 18 მაისი, 2017 - 14:48

ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა - ავაშენოთ მყარი საფუძველი საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისთვის, მოვახდინოთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაცია და დავიცვათ საქართველოს ადგილი ევროპული ერების ოჯახში. საქართველოს მოსახლეობამ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე მკაფიო მანდატი მოგვანიჭა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვარშავაში, ცენტრალური დ აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო პოლიტიკაში ეროვნული პარლამენტების როლსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე რეფორმების ახალ ტალღაზე და აღნიშნა, რომ რეფორმების მთავარი მიზანი ქვეყნის მოდერნიზება და საქართველოს მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის გზაზე შეუქცევადი სვლაა. მისივე თქმით, ეს ღირებულებები არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს საძირკველი და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ამ ღირებულებების დაცვის საუკეთესო გარანტია იქნება.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საკონსტიტუციო რეფორმაზეც და განაცხადა, რომ ეს რეფორმა პარლამენტს ქართული პოლიტიკის კიდევ უფრო მნიშვნელოვან ინსტიტუციად აქცევს.

„ვიმედოვნებთ, რომ ცვლილებებს პარლამენტი წლის ბოლოს მიიღებს, რაც საქართველოში კონსტიტუციით მხარდაჭერილი დემოკრატიული განვითარების დასაწყისი იქნება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუცია საგარეო პოლიტიის შესახებ ცხადჰყოფს, რომ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია და მიღებული დოკუმენტი ქართველი ხალხის ნების დადასტურებაა.

მისივე თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი პროევროპულ პარტიებს დაუჭირა.

„პარლამენტი განაგრძობს საქართველოს პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრას. ჩვენ მტკიცედ დავუჭერთ მხარს ევროპულ საპარლამენტთაშორისო ფორმატის ინსტიტუციონალიზაციას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველო აფასებს მეგობარი ქვეყნებისა და მოკავშირეების უწყვეტ მხარდაჭერას უსაფრთხოების გაძლიერების, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებშიინტეგრაციისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის მიმართულებით, ინტენსიური რეფორმების განხორციელების ისტორიულ გზაზე.

ირაკლი კობახიძე სამიტის მონაწილეებს რეგიონული უსაფრთხოების საკითხების შესახებაც ესაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის პოლიტიკა რეგიონისა და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების მთავარი გამოწვევაა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად რუსეთის პროვოკაციული ქმედებებისა, საქართველო მტკიცედ აგრძელებს კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრის პოლიტიკას.

„საერთაშორისო საზოგადოებამ თვალი არ უნდა დახუჭოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე და უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე.საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიცია უმნიშვნელოვანესია, რათა რუსეთს მკაფიო გზავნილი გაეგზავნოს, რომ საქართველოს ტერიტორული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა და ევროპაში საზღვრების გადაწევა შეჭრისა და ოკუპაციის გზით - მიუღებელია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა რეგიონის თავისუფლებისმოყვარე ერებს შორის თანამშრომლობაა.ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზეც.

„შავი ზღვის რეგიონში მშვიდობა და სტააბილურობას შეუძლია, შექმნას უამრავი შესაძლებლობა წარმატებული თანამშრომლობისთვის. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფანი, რომელიც ევროპის ენერგომომარაგების გრძელვადიანი დივერსიფიკაციის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და ეფექტური მარშრუტია“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების დაცვის საუკეთესო გზა რეგიონის ქვეყნების ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებია. ამ კონტექსტში, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაფართოებაზე ისაუბრა.

„ევროკავშირმა და ნატომ თავი არ უნდა აარიდონ გაფართოებას. ძალიან მნიშნელოვანია, რომ ნატომ და ევროკავშირმა რეგიონის უფრო მეტ არა-წევრი ქვეყანასთან ითანამშრომლონ, რათა დაეხმარონ მათ დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ეკონომიკური განვითარების, თავდაცვისა და მდგრადობის გაძლიერებაში“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირისა და ნატოს ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობაც: „არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში ღია კარის პოლიტიკის შეჩერება ან თუნდაც, დროებით შეჩერება, გამოიწვევს ევროპისკონტინენტზე გავლენის ზონებისა და გამყოფი ხაზების წარმოშობას“.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მომავალი თანამშრომლობასა და მშვიდობიან განვითარებას უნდა ეკუთვნოდეს და კიდევ ერთხელ. ხაზგასმით აღნიშნა თანამშრომლობის მნიშვნელობაც.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61