ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების ნაწილს ასაჯაროვებს. NDI-ის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან არც ერთი პოლიტიკური პარტია ახლოს არ დგას. 29% მიიჩნევს, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ქართული ოცნება დგას, 10% ერთიანი ნაციონალური მოძრაობას ასახელებს, 4% პატრიოტთა ალიანსს, 3% კი ლეიბორისტულ პარტიას.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 84% მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით უნდა მოხდეს. მხოლოდ 9% ფიქრობს, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩიონ ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა. ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა არ ეთანხმება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას. კვლევის მიხედვით, საქართველოში მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას 47% ემხრობა.
რაც შეეხება პოლიტიკური ლიდერების საქმიანობას, საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას კარგად და ძალიან კარგად ჯამში 27% აფასებს, მეორე ადგილზეა პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი 2%-ით, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 15%-ით, თბილისის მერი კი 8%-ით.
მთავრობის წევრთა საქმიანობის შეფასებისას, ყველაზე პოზიტიურად გამოკითხულებმა ჯანმრთელების მინისტრის საქმიანობა შეაფასეს, ყველაზე მაღალი ნეგატიური მაჩვენებელი კი ფინანსთა მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს აქვს.
NDI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 79% "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ საქმის კურსშია. 56%-ს მიაჩნია, რომ რუსთავი 2-ის საქმეში მთავრობის მხრიდან ჩარევას ქონდა ადგილი.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა შედეგები სპეციალურ ბრიფინგზე გაასაჯაროვა.
გამოკითხვა 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 2,493 პირი პირისპირ ინტერვიუს წესით გამოიკითხა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,7 პროცენტია.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით და მას ატარებს სი-არ-არ-სი საქართველო.