საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა

ორშაბათი, 15 მაისი, 2017 - 13:45

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან ანდრეი კისკასთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების და გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ ბრატისლავაში გიორგი მარგველაშვილის მეორე ოფიციალური ვიზიტი მნიშვნელოვანი პარტნიორობის დემონსტრირებაა ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორიულად მეგობრული ურთიერთობების გასაღრმავებლად.

მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით დააჩქარონ როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება ნაყოფიერი ურთიერთობებისა და ხელშესახები შედეგების მისაღწევად.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთს, როგორც ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელ ქვეყანას, შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის მინიჭების პროცესში გამოხატული მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოს მოკავშირე ქვეყნების მხარდაჭერის საჭიროებასა და მნიშვნელობას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წარმატების მისაღწევად. გიორგი მარგველაშვილმა ასევე ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ "კონსოლიდირებული ასიგნების აქტის" ხელმოწერის მნიშვნელობის შესახებ და განაცხადა, რომ დოკუმენტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რუსეთის ფედრაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებას.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია მცოცავი ოკუპაციის რეჟიმიდან აშკარა ანექსიის რეჟიმზე გადავიდა, ამიტომ აუცილებელია, რომ საქართველომ მოკავშირეებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ანტიანექსიური პოლიტიკა შეიმუშაოს და შემდგომი ანექსიის თავიდან ასაცილებლად კოორდინირებული ნაბიჯები გადადგას. ამ კუთხით, კი, საქართველოს პრეზიდენტის აზრით, საქართველოს პარტნიორების აქტიური მონაწილეობა გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ანდრეი კისკასთან შეხვედრაზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს მომავალ სამიტზე, ბრიუსელში საქართველოს მეგობრებმა და მოკავშირეებმა უმაღლესი დონის შეხვედრებისას დააფიქსირონ საქართველოს პოზიცია, ალიანსში მისი მნიშვნელოვანი როლი და უზრუნველყონ საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერის ძლიერი გზავნილი.

შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონის სტაბილური განვითარებისა და უსაფრთხოების სტრატეგიულ მნიშვნელობას ევროპისათვის. ამ თვალსაზრისით, გიორგი მარგველაშვილმა ვიშეგრადის ჯგუფისა და შავი ზღვის რეგიონს შორის პარტნიორობის გაფართოების მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტს, რომელმაც უნდა გამოკვეთოს ჩვენი ურთიერთობების პრაქტიკული შედეგები და შეიმუშაოს მომავალი ხედვა ურთიერთობების შემდგომ პროგრესული განვითარებისათვის. აღინიშნა, ამავე სამიტზე, სლოვაკეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობა ერთობლივი დეკლარაციის შემუშავების პროცესში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46