სერიოზული სიგნალი ინვესტორებისთვის - რომან კაკულია საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე

, 14 მაისი, 2017 - 13:07

ეს არის ძალიან სერიოზული სიგნალი იმ ინვესტორებისთვის, რომლებსაც საქართველოს სასარგებლოდ შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ამ ქვეყანაში ინვესტირებასთან დაკავშირებით, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას.

რომან კაკულიამ ბრიფინგზე, 13 მაისს, პეკინში გაფორმებული ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელშეკრულების გაფორმება 2015 წლიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დაწყებული მნიშვნელოვანი თანამშრომლობის დაგვირგვინებაა.

„ეს დღევანდელი გადაწყვეტილება არ არის - ჩვენ ავირჩიეთ თავისუფალი ბაზარი, როგორც ჩვენი ეკონომიკის განვითარების ძირითადი მიმართულება. 13 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებაც ამ ხედვის გაგრძელებაა. ეს არის ძალიან სერიოზული სიგნალი იმ ინვესტორებისთვის, რომლებსაც საქართველოს სასარგებლოდ შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ამ ქვეყანაში ინვესტირებასთან დაკავშირებით. პოტენციური ინვესტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ის სიგნალი, რომ ამ ქვეყნიდან შესაძლებელია ისეთ მნიშვნელოვან ბაზარზე გასვლა და ოპერირება, როგორიც არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბაზარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა“,- განაცხადა რომან კაკულიამ.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ინვესტორთათვის პოზიტიური სიგნალისა და შესაძლებლობების გარდა, ხელშეკრულებას თან გარკვეული გამოწვევებიც ახლავს.

„ეს გამოწვევები არის არათანაწონადი, გაცილებით უმნიშვნელო იმ შესაძლებლობებთან შედარებით, რომელსაც ასეთი ხელშეკრულებები იძლევა. რა თქმა უნდა, ისინი, ვინც ამ ყველაფრისთვის ნეგატიური კონტექსტის მოძებნას ცდილობენ, იტყვიან, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაა და ის ფართო მასშტაბის მრეწველობა, რომელიც ამ ქვეყანაშია, იძლევა შესაძლებლობას, პროდუქციის თვითღირებულება ძალიან შეამციროს და ტრანსპორტირების ხარჯებთან ერთადაც კი, არ იყოს თანაზომადი იმ კონკურენტული ფასის, რომელიც ამ ქვეყანაში შეიძლება წარმოიქმნას. თეორიულად და შესაძლოა, პრაქტიკულადაც, შეიძლება მოიძებნოს რამდენიმე ნიშა პროდუქციის, რომელთა მიმართებაშიც ეს რეალური იყოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეს არ არის თანაფარდი და თანაწონადი იმ შესაძლებლობისა, რომელიც ასეთი ტიპის ხელშეკრულებებმა შეიძლება მოუტანოს ჩვენს ქვეყანას და ჩვენი მთავრობის აქცენტი სწორედ ამ ფილოსოფიას ეფუძნება“, - განმარტა რომან კაკულიამ.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება შესაძლებლობაა ადგილობრივი მეწარმეებისთვისაც, რათა მათ ჩინეთის ბაზარზე საექსპორტო პროდუქციის გატანა დამატებითი საბაჟო გადასახადების გარეშე შეძლონ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46