დღევანდელი კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, ეს სამივე ნიშანი ძალაში რჩება - ირაკლი კობახიძე

პარასკევი, 05 მაისი, 2017 - 17:35

საკონსტიტუციო ორგანოების ფუნქციებზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ იმერეთის რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება პრეზიდენტის ინსტიტუტის როლზე გაამახვილა.

კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის მიზნით გამართულ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის სტატუსთან დაკავშირებულ ინსინუაციებზე შეფასებები გააკეთა და კონსტიტუციის პროექტის ახალ რედაქციით დადგენილ ნორმებზე ისაუბრა.

„იყო უამრავი სპეკულაცია, რომ თითქოს საკონსტიტუციო რეფორმის ერთადერთი მიზანი პრეზიდენტის სტატუსის და მისი უფლებამოსილებების შეზღუდვა იყო. ამასთან დაკავშირებით, თითქმის ყველა კითხვის ნიშანი არის მოხსნილი. რაც შეეხება სტატუსს - როგორც იყო მოქმედი კონსტიტუციით მოწესრიგებული პრეზიდენტის სტატუსი, ისევე იქნება მოწესრიგებული ახალი რედაქციით. ძალიან ხშირად გამოიყენებოდა ეს სტატუსები სპეკულაციისთვის და მანიპულაციისთვის. მაგალითად საზოგადოებას ისე აწვდიდნენ ინფორმაციას, რომ თითქოს პრეზიდენტმა უნდა მართოს ქვეყანა. სახელმწიფოს მეთაური ჰქვია პრეზიდენტს ყველა სახელმწიფოში, არ არსებობს პრეზიდენტი ან მონარქი, სადაც მას არ ეწოდება სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც პრეზიდენტი მართავს ქვეყანას, მაგრამ არის ქვეყნები , სადაც პრეზიდენტი ან მონარქი არ მართავს ქვეყანას. „სახელმწიფოს მეთაური“ ჩანაწერი არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი მართავს ქვეყანას. არსებული კონსტიტუციით და ახალი რედაქციით, ქვეყნის მართვაზე, ანუ საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე, პასუხისმგებელი არის მხოლოდ მთავრობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდალის სტატუსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი კვლავაც რჩება უმაღლეს მთავარსარდლად, თუმცა არც დღეს და არც ხვალ საქართველოს პრეზიდენტი არ იქნება პასუხისმგებელი სამხედრო ძალების მართვაზე.

„საპარლამენტო სისტემებში, მათ შორის, საქართველოში ასეა - პრეზიდენტს არ ექვემდებარება სამხედრო ძალები. პრეზიდენტმა სამხედრო ბრძანება რომ მისცეს სამხედრო ძალებს, ეს ბრძანება, ბუნებრივია, ვერ შესრულდება, რადგან მოქმედებს სუბორდინაციის სისტემა. სამხედრო ძალები არის მთავრობის და თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში. იგივე ეხება წარმომადგენლობით ფუნქციას, პრაქტიკულად არ არსებობს ქვეყანა, სადაც პრეზიდენტს ან მონარქს არ აქვს მინიჭებული წარმომადგენლობის სტატუსი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას აქვს უპირატესი უფლება მინიჭებული წარმომადგენლობითი კუთხით. მოქმედ კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ ვერც ერთი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება პრეზიდენტის მიერ ვერ განხორციელდება თუ ამაზე არ იქნება მთავრობის თანხმობა. რაც შეეხება უფლებამოსილებებს, არის მხოლოდ ორი მნიშვნელოვანი ცვლილება. ერთი ეხება ეროვნული უშიშროების საბჭოს, რომელთან მიმართებაშიც არსებობდა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია. ვენეციის კომისიის ექსპერტები 2010 წელს საუბრობდნენ, რომ ამ ახალ სისტემასთან უშიშროების საბჭოს არსებული სახით არანაირი შეხება არ აქვს, ანუ არ შეიძლება ამ სისტემაში მოქმედებდეს უშიშროების საბჭო არსებული სახით. მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ უშიშროების საბჭო რჩევას აძლევს პრეზიდენტს იმ საკითხებზე, რომელიც არის მთავრობის უფლებამოსილება. ეს არის გამორიცხული. ასეთი დონის ნონსენსია ჩადებული დღევანდელ კონსტიტუციაში და დღეს სწორდება ეს აბსურდი. მეორე საკითხი ეს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა. ამის შესახებ 2010 წლის ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია, რომ პრეზიდენტისთვის ამ კომპეტენციის შენარჩუნება არასწორია და მიზანშეწონილია წარმდგენი იუსტიციის უმაღლესი საბჭო იყოს. ჩვენ გადავამოწმეთ ეს პოზიცია ვენეციის კომისიის ექსპერტებთან და ისინი კვლავაც ამბობენ, რომ ასეთი მოწესრიგება არის უფრო სწორი იმ სისტემაში, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული საქართველოში. რაც შეეხება უფლებამოსილებებს, გვაქვს ორი არსებითი ცვლილება, ორივე ეფუძნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციას. ძალაუფლებაზე ეს ჩანაწერები არანაირ გავლენას არ ახდენს და პრეზიდენტს რჩება არსებითად იგივე სტატუსი და იგივე კომპეტენციები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესიც განმარტა და აღნიშნა, რომ ძალიან ბევრ საპარლამენტო სისტემის ქვეყნებში პრეზიდენტის არჩევა სწორედ არაპირდაპირი წესით ხდება, რაც არაერთი პრობლემის მოგვარებას განაპირობებს.

„ერთ-ერთი მთავარი პრაქტიკული პრობლემა მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩვენი ტიპის რესპუბლიკაში პრეზიდენტი არ მართავს ქვეყანას. იმ სისტემაში, რაც დღეს არის ჩამოყალიბებული, პრეზიდენტმა უნდა ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია. ვიცით საქართველოში როგორ ტარდება წინასაარჩევნო კამპანია - დადიხარ ქალაქებში, რეგიონებში და შენი პროგრამის შესახებ ესაუბრები ხალხს. ამ შემთხვევაში პრეზიდენტს ვერ ექნება თავისი პროგრამა. მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს ვერ ექნება თავისი პროგრამა, ის ხალხს ვერ ესაუბრება იმაზე, თუ როგორ წარმოუდგენია ქვეყნის პრობლემების მოგვარება და კონკრეტული რეგიონის, კონკრეტული ქალაქის, სოფლის პრობლემების მოგვარება. უნდა ჩავიდეს და კითხვას როცა დაუსვამენ კანდიდატს, მან ან ტყუილი უნდა თქვას, უნდა დაპირდეს ისეთ რამეს, რაც ბუნებრივია ვერ შესრულდება მის მიერ, იმიტომ, რომ ასეთი კომპეტენცია პრეზიდენტს არა აქვს. ან თუ ტყუილს არ იტყვის, სიმართლე უნდა თქვას და მაშინ არავინ არ მისცემს ხმას. ეს არის საერთო სურათი, რომელიც იქმნება ახალი რედაქციით. კიდევ ერთხელ, ჩვენ გვაქვს დღეს არადემოკრატიული კონსტიტუცია მემკვიდრეობით დატოვებული, რომელიც კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან წინააღმდეგობაშია და აყალიბებს ძალიან დაუხვეწავ საპარლამენტო მმართველობის სისტემას. ჩვენი ამოცანა იყო ამ დაუხვეწავი კონსტიტუციის გარდაქმნა დახვეწილ კონსტიტუციად, დაუხვეწავი საპარლამენტო სისტემის გარდაქმნა დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემად. ეს ამოცანა ჰქონდა პარლამენტს გასული ოთხი წლის განმავლობაშიც, თუმცა, გახსოვთ, რომ ეს მიზანი ვერ განხორციელდა, დღეს ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ამ მიზანთან, ამისათვის ჩვენ დავიწყეთ საკონსტიტუციო რეფორმა, რომელმაც უკვე პირველი ეტაპი მოილია და გადავდივართ მეორე ეტაპზე, ჩვენ ვესაუბრებით ახლა ხალხს, ახლა ვიწყებთ ჩვენ საუბარს ჩვენს მოსახლეობასთან, ჩვენს საზოგადოებასთან იმისათვის, რომ ჩვენ ყველამ ერთდ შევცვალოთ არსებული არადემოკრატიული კონსტიტუცია დემოკრატიული კონსტიტუციით. ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს არის საშვილიშვილო ამოცანა და ეს ამოცანა აუცილებლად უნდა განხორციელდეს. გაგრძელდება განხილვები. საყოველთაო-სახალხო განხილვა. შემდეგ ეს გადაინაცვლებს პარლამენტში და წლის ბოლოს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან დახვეწილი კონსტიტუცია, რომელიც საფუძველს ჩაუყრის ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. ეს არის საერთო სულისკვეთება, ეს არის საერთო მიზანი და სწორედ ამ სულისკვეთების და მიზნის შესაბამისად არის ჩამოყალიბებული კონსტიტუციის ახალი რედაქცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის შესახებ მოსაზრებები საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმაც გამოთქვეს.

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გამართული ინტერაქტიული შეხვედრა დაახლოებით ოთხი საათი გაგრძელდა. კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მორიგი სხდომა ხვალ, 6 მაისს ამბროლაურში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43