მუხიანში რაგბის ახალი კომპლექსის მშენებლობა სრულდება

პარასკევი, 05 მაისი, 2017 - 15:02

გლდანის რაიონში, მუხიანის IV მ/რ-ის მიმდებარედ რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობას  თბილისის მერი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი  და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი გაეცნენ. 

"სასიხარულოა, რომ თბილისს კიდევ ერთი სპორტული ობიექტი და რაგბის ახალი კომპლექსი შეემატა. გარდა იმისა, რომ ეს კომპლექსი რაგბიში 20-წლამდელთა მსოფლიო თასს მოემსახურება და გუნდები საწვრთნელ ვარჯიშებს გამართავენ, მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ თბილისის ამ რაიონის მაცხოვრებლებს და ზოგადდა ჩვენს ახალგაზრდობას საშუალება მიეცემა სპორტით დაკავდნენ. ამ ბაზაზე ვარჯიში არა მხოლოდ რაგბიში, არამედ რამდენინე სხვა სახეობაშიც იქნება შესაძლებელი. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ძალიან დიდი საჩუქარი ჩვენი მომავალი თაობისთვის. სპორტში ინფრასტრუქტურლი აღმშენებლობა გრძელდება, როგორც ქალაქის პირობებში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიხარია, რომ ამ ახალ არენაზე საშუალება მოგვეცემა ვუმაპსოინძლოთ როგორც ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს, ასევე საერთაშორისო ტურნირებს." - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

დედაქალაქს  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 4 ჰა ტერიტორიაზე განთავსებული რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსი ექნება. სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. დასრულდა ძირითადი სამშენებლო სამუშაოები - ადმინისტრაციული შენობის, ტრიბუნებისა და სავარჯიშო დარბაზის მშენებლობა, მთელ პერიმეტრზე მოეწყო რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ღობე. პროექტის ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტადიონების საფარის მოწყობა, კოსმეტიკური სამუშაოები, ასევე შიდა ტერიტორიაზე კეთილმოწყობითი სამუშაოები.

სავარჯიშო კომპლექსში ოთხი მოედანი განლაგდება: ერთი ბუნებრივსაფარიანი, ორი ხელოვნური და ერთიც ქვიშის. კომპლექსი სავარჯიშო დარბაზის მშენებლობასაც ითვალისწინებს, რომელიც  სპორტული ინვენტარით აღიჭურვება. პროექტის მიხედვით აშენდება 1 000 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნა. სავარჯიშო კომპლექსს ექნება საკუთარი პარკინგის ზონა.

რაგბის სავარჯიშო კომპლექსს შპს „საბა კონსტრაქშენი" აშენებს, სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო. მშენებლობისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 499 000 ლარი დაიხარჯება.

2017 წლის 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით  საქართველოში 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც მონაწილე ნაკრებების ნაწილი საწვრთნელ ვარჯიშებს სწორედ მუხიანის რაგბის ახალ სტადიონზე  გამართავს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46