კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ მუშაობა დაიწყო

პარასკევი, 05 მაისი, 2017 - 13:57

ჩვენ მოვამზადეთ საქართველოს კონსტიტუციის სრულიად ახალი რედაქცია და არადემოკრატიულ კონსტიტუციას, რომელიც მემკვიდრეობით დაგვიტოვეს, დემოკრატიული კონსტიტუციით ვცვლით. ეს არის მთავარი ამოცანა ჩვენი საკონსტიტუციო რეფორმის, რომელიც ამჟამად ხორციელდება და რომელიც საპარლამენტო განხილვების საფუძველზე დასრულდება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯომარე ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, სადაც კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის პირველი საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა.

ირაკლი კობახიძე ქუთაისელებს და იმერეთის რეგიონიდან ჩამობრძანებულ მოსახლეობას მიესალმა და აღნიშნა, რომ ქუთაისში პირველი სხდომის გამართვა სიმბოლურ ხასიათს ატარებს, რადგან ქუთაისი კვლავაც რჩება საპარლამენტო ქალაქად.

„სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობები გაიმართა. ამ საკითხის მოწესრიგება დაკავშირებულია ქუთაისის მიერ ახალი ფუნქციის შეძენასთან, ამასთან დაკავშირებით არაერთხელ იყო საუბარი და ამაზე პასუხისმგებლობა პირადად აიღო პრემიერ-მინისტრმა, ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერმა. საუბარია ქუთაისის მიერ ახალი ფუნქციის შეძენაზე, რაც პირველ რიგში დაკავშირებულია აკადემიურ ფუნქციასთან, მოგეხსენებათ იგეგმება გრანდიოზული პროექტი, რომელმაც ქუთაისს უნდა შესძინოს სრულიად ახალი დატვირთვა და ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ქუთაისი იქნება ბევრად მეტი ვიდრე საპარლამენტო ქალაქი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ შეკრებილ საზოგადოებას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შედეგი გააცნო და დეტალურად ისაუბრა იმ ფუნდამენტურ ცვლილებებზე, რომლებიც კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტში არის წარმოდგენილი.

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წინაშე დასახულ ამოცანებზე ისაუბრა და ის ძირითადი სამი პრინციპი განმარტა, რომლის საფუძველზეც კომისიაში აქტიური სამუშაო პროცესი წარიმართა.

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი კონსტიტუცია პირდაპირ უხეშად ეწინააღმდეგება თანამედროვე ფუნდამენტურ სამართლებრივ პრინციპებს, რაც 2010 წელს პირდაპირ დაფიქსირდა ვენეციის კომისიის დასკვნაში. საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლების დანაწილების პრინციპი ეს არის ფუნდამენტური პრინციპი კონსტიტუციურ სამართალში, რაც არ არის დაცული მოქმედი კონსტიტუციით და ეს ხარვეზი საჭიროებს გამოსწორებას. ეს შენიშვნა მოგვცა ჩვენ ვენეციის კომისიამ და რომელიც არ იქნა გათვალისწინებული მაშინდელი ხელისუფლების მიერ. დღეს ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი კონსტიტუცია, რომელიც იქნება სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და ის დოკუმენტი, რომელიც არის შემუშავებული სწორედ ამას უზრუნველყოფს. მეორე ამოცანა გახლავთ ის, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ძალიან დახვეწილი მმართველობის სისტემა. 2010 წელს ჩვენ გადავედით საპარლამენტო მმართველობაზე, თუმცა ეს გაკეთდა ძალიან არასწორი ფორმით. ჩვენ გვაქვს ძალიან დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობა ჩამოყალიბებული, რასაც განაპირობებს უამრავი ხარვეზი, რომელიც მოქმედ კონსტიტუციაშია ჩადებული. ჩვენი ამოცანა გახლავთ ამ სისტემის დახვეწა და დაუხვეწავი საპარლამენტო სისტემის გარდაქმნა. მესამე ამოცანა - მოქმედი კონსტიტუცია არის სრულიად დაუხვეწავი ტექნიკური-რედაქციული თვალსაზრისითაც და ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევქმნათ ისეთი დოკუმენტი, რომელიც ნებისმიერი იურისტისთვის სახელმძღვანელო იქნება. ჩვენი ახალი რედაქციით ეს სამივე ამოცანა არის ზედმიწევნით შესრულებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 3 მაისის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა. საკონსტიტუციო პროექტის საჯარო განხილვები 10 დღის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43